27 აპრილი 2023 წელი
№ას-286-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „რ.ს–ო“
მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „ნ.“, შ.პ.ს. „პ.ი–ი“, შ.პ.ს. „მ.პ–ი“, შ.პ.ს. „ფ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ნ.“-,მ, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-მ, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-მ, შ.პ.ს. „ფ–ი“-მ სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მიმართ, საიჯარო ქირისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით. თავის მხრივ, მოპასუხემ მოსარჩელეთა წინააღმდეგ აღძრა შეგებებული სარჩელი შ.პ.ს. „ნ.“-სთვის 5 636.19 ლარის, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-სთვის 2 207 286.03 ლარის, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-სთვის 85 818.62 ლარისა და შ.პ.ს. „ფ–ი“-სთვის 19 518.28 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის ავტორის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შ.პ.ს. „ნ.“-ს აეკრძალა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდით ......, მდებარე ქ. თბილისი, ......., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მოპასუხე შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს აეკრძალა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდით ........, მდებარე ქ. თბილისი, .......... ტრამვაი-ტროლეიბუსის დეპოს ტერიტორია, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მოპასუხე შ.პ.ს. „მ.პ–ი“-ს აეკრძალა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდით ......., მდებარე ქ. მარნეული, ......., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მოპასუხე შ.პ.ს. „ფ–ი“-ს აეკრძალა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდით ........., მდებარე ქ. ფოთი, ......, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით, ძალაში დარჩა ხსენებული განჩინება შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მიერ გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული იქნა სრულად.
4. 2022 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა წარმომადგენელმა გ.გ–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, შ.პ.ს. „რ.ს–ო“-სათვის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების დავალება. აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებული იქნა შემდეგი მოტივებით: პერიოდი, რომელზედაც ძირითადი სარჩელით მოთხოვნილია საიჯარო ქირის გადახდევინება, დასრულებულია იჯარის საგნებით სარგებლობის სახელშეკრულებო ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, ქონების მესაკუთრეს გააჩნია ინტერესი, ამავე ქონებათა მესამე პირებისთვის დროებით გაცემის გზით მიიღოს სარგებელი, რაც არსებული შეზღუდვის გამო შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებლებმა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-სთან არსებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ოდენობა განიხილა ყოველთვიურად მიყენებულ ზიანად, რამაც, დავის სავარაუდო ხანგრძლივობის გათვალისწინებით (01.01.204 წლამდე), შეადგინა 158 120 აშშ დოლარი, რომლის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებაც მოთხოვნილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა: შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს დაევალა, 20 (ოცი) დღის ვადაში განეხორციელებინა მოწინააღმდეგე მხარეთათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (ს/ნ .......) სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ს. „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი: TBC.., ანგარიშის ნომერი: GE07TB7563236020...) 158120 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის განთავსება ლარებში და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. შეგებებული სარჩელის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში თანხის დეპოზიტზე განუთავსებლობის შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ადრესატს განემარტა ამავე განჩინების ცალკე გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ.
5.2. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს დასკვნას საფუძვლად დაედო შემდეგი დასაბუთება: ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს, მოპასუხე მხარეს მიადგეს ზიანი და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, მოპასუხემ, რომელიც ითხოვს გარანტიის წარმოდგენას, ვალდებულია ასაბუთოს და ადასტუროს ის სავარაუდო ზიანი და მისი ოდენობა, რაც შეიძლება მას მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, სასამართლოში საქმის წარმოების დროს გარკვეული უფლებამოსილების შეზღუდვისას.
5.3. განცხადებით არგუმენტირებულად დასაბუთებულია, რომ შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისთვის წარმოშობს სავარაუდო ზარალს, რადგან იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა ამოწურულია, შეგებებულ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უზღუდავს მხარეს უფლებას საკუთრების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის მიზნით შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში სხვა კერძო სამართლის სუბიექტებთან, რითაც მათ ერთმევათ საიჯარო ქირის მიღების შესაძლებლობა.
6. ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის (შეგებებული სარჩელის ავტორის) შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ წარმომადგენელს ს.მ–ს 2022 წლის 29 დეკემბერს. შეგებებული სარჩელის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 20 დღიან ვადაში მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
7.1. ზემოაღნიშნული განჩინება შეგებებული სარჩელის ავტორის წარმომადგენელს _ ს.მ–ს ჩაბარდა 2023 წლის 03 თებერვალს, რომელმაც 2023 წლის 08 თებერვალს წარადგინა საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გაჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
7.2. საჩივარი ეფუძნება შემდეგ დასაბუთებას: შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რეალურად ჰყავთ კლიენტი, ვინც თანახმაა იჯარით აიღოს ფართი, ანუ იჯარის ქირის მიუღებლობით შესაძლო ზიანის არსებობა არ მტკიცდება; დადასტურებული არ არის, რომ იჯარის რეგისტრაციის მიზნით მიმართვის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა ახალი იჯარის რეგისტრაციაზე არსებული აკრძალვის გამო უარი განაცხადა; უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა იჯარის რეგისტრაციას არ უშლის ხელს, არამედ იგი მხოლოდ სანივთო უფლებათა წარმოშობას აბრკოლებს, ამდენად, თუ იჯარის რეგისტრაციის შეფერხებაა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, გასაუქმებელია არა უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილი განჩინება, არამედ უნდა გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის უკანონო უარი რეგისტრაციაზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:
8.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. განსახილველ შემთხვევაში, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა ქონებაზე გავრცელდა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, თუმცა აღნიშნული უთანაბრდება ყადაღის დადებას.
8.2. საჯარო რესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა და ქვეიჯარა.
8.3. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეთა უძრავ ქონებებზე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გავრცელება გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ამ ქონების რაიმე ფორმით განკარგვას. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ უფლებრივად დატვირთვაში მოიაზრება მხოლოდ იპოთეკით ან სხვა სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა და არა ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებების დადების შეზღუდვა.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კერძო ნაწილის პირველი კარი - სახელშეკრულებო სამართალის V თავი ეხება იჯარას, რომლის თანხმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
8.5. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნისა და მისი განხორციელების საპროცესო წინაპირობების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ „გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.“
8.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც განმცხადებელი დაადასტურებს, რომ სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია.
8.7. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რადგან უკვე გასულია მოიჯარესთან დადებული ხელშეკრულების ვადა და არსებული უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა მესაკუთრეს უზღუდავს უფლებას, გადასცეს ქონება ახალ მოიჯარეს, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების არსებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში მოპასუხეებს ადგებათ არაპროპორციული ზიანი. ვინაიდან, მოსარჩელემ ვადაში არ განახორციელა უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართებულად გაუქმდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
9. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საჩივარი განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 10 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. სსსკ 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა მოპასუხის მოთხოვნით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
14.1. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
14.2. უზრუნველყოფის ღონისძიების სახე შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება არის მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
14.3. დასახელებული შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ. №ას-802-2022, 04.07.2022წ). ამგვარი დასაბუთებული ვარაუდი კი უნდა შექმნას განმცხადებელმა.
14.4. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).
14.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც თანაბრად დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები, ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება, სულ მცირე, ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1165-1095-2015, 25.11.2015წ).
14.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, მით უმეტეს, თუ ასეთი ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება განკარგოს თავისი ქონება ან ფულადი სახსრები, შეიძლება მოპასუხეს გარკვეული ზიანი მიაყენოს (იხ: ჰ. შნიტგერი, გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, GIZ, №10, (2020), გვ.6.). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა ემსახურება მოპასუხის ინტერესს და წამოადგენს იმის გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება. (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.142.). მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. (იხ. სუსგ. №ას-859-825-2016, 28.11.2016წ).
14.7. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. ძლიერიშვილი ზ., სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, „სამართლის ჟურნალი“ №1, 2018 წ, გვ. 10).
14.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. (იხ. ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2005, გვ. 304.).
14.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში. საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ამასთან, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. მოსარჩელისათვის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას გარანტიის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-859-825-2016, 28.11.2016წ.).
14.10. „სსსკ-ის 57-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, აუცილებელია, უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის, უპირველესად, დადგინდეს, რა არის ის ღირებული სამართლებრივი სიკეთე, რის დასაცავადაც კანონმდებელმა აირჩია მხოლოდ ის სამი სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მეშვეობით არის შესაძლებელი საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიით სარგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის გააზრებისათვის მხედველობაშია მისაღები სადავო ნორმის მოქმედების არსი, სფერო და ფარგლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ზღუდავს მესაკუთრის უფლებას სრული მოცულობით განკარგოს ესა თუ ის ქონება ან ისარგებლოს სხვა უფლებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგება მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი უზრუნველყოფს ამგვარი ზიანის დადგომის თავიდან აცილების გარანტიას, რაც ცალსახად აბალანსებს მხარეთა პროცესუალურ უფლებებს, უზუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვასა და, საბოლოოდ, ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის გარანტიის ამა თუ იმ ფორმის გამოყენება არ ნიშნავს მოპასუხისთვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურ ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარემ - მოპასუხემ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი/საფრთხე, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. შედეგად, გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სადავო სამართლებრივი ინსტიტუტის სრული ანალიზისთვის აუცილებელია სადავო ნორმისა და ამავე კოდექსის 199-ე მუხლის კომპლექსური აღქმა, ვინაიდან მხარის [მოსარჩელის] უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/1377, პ.18-25.).
14.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის ავტორის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს აეკრძალათ მათი კუთვნილი უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, შეგებებული სარჩელის ავტორს დაავალა 20 (ოცი) დღის ვადაში უზრუნველეყო მოწინააღმდეგე მხარეთათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დეპარტამენტის (ს/ნ .....) სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ს. „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი: TBC...., ანგარიშის ნომერი: GE07TB756323602.....) 158120 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის განთავსება ლარებში და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული დავალება დადგენილ ვადაში არ შესრულდა, რაც შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული დროებითი ღონისძიების გაუქმებას დაედო საფუძვლად.
14.12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა არ მოიცავს უძრავ ნივთზე იჯარის უფლების წარმოშობის შეზღუდვასაც, ხსენებული პოზიცია წინააღმდეგობრივია სამოქალაქო სამართლის იმ უზოგადეს წესთან, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც წესი, ძირითადად სანივთო და ვალდებულებითი გარიგებების დადებით მყარდება, რაც შესაბამისად განაპირობებს სანივთო ან ვალდებულებითი უფლებების წარმოშობას (იხ. სუსგ. №ას-1283-1538-09, 25.05.2010წ; №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ). დოქტრინის მიხედვით, სანივთო სამართალი პირის ნივთთან ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა ერთობლიობაა, ვალდებულებითი სამართალი კი პირებს შორის ნივთებთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს (ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, თბილისი, 2003, გვ. 1-3). სანივთო გარიგება (იპოთეკა, აღნაგობა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) სანივთო უფლებებს აფუძნებს, რომელსაც მიდევნების თვისება გააჩნიათ, ესე იგი, განაგრძობენ არსებობას ახალი მესაკუთრის ხელშიც, ვალდებულებითი უფლებების წარმოშობა და არსებობა კი, ზოგადი წესის თანახმად, ურთიერთობის მონაწილეებით არის შემოფარგლული.
14.13. ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი სხვისი ნივთით დროებით სარგებლობის უფლების დამდგენი შეთანხმებებია, მათი არსებობა ზღუდავს ამავე ნივთის მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილების შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობას (პირდაპირ ფლობისა და სარგებლობის კომპონენტში). ამავდროულად, ისინი მიდევნების თვისებითაც ხასიათდებიან (სსკ 572-ე მუხლის შინაარსიდან თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) და შესაბამისად, სანივთო უფლებებთან მიმსგავსებულ ვალდებულებით უფლებებად განიხილებიან.
14.14. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ნივთის უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის არსი შემდეგშია _ ქონების მესაკუთრეს უნდა შეეზღუდოს ნივთის უფლებრივი მდგომარეობის იმგვარად შეცვლის შესაძლებლობა, რომ მასზე იძულებითი აღსრულების მიქცევისას დღის წესრიგში არ დადგეს ამავე ნივთთან მიმართებით მესამე პირთა გარდამავალი უფლებების არსებობა. თუკი უფლებრივი დატვირთვის აკრძალვას მიეცემა მხოლოდ სანივთო უფლებების წარმოშობის დამაბრკოლებელი შეზღუდვის შინაარსი, მესაკუთრეს შეუნარჩუნდება უფლება, ნივთზე, რომელსაც იძულებითი რეალიზაცია ემუქრება, წარმოშვას დროებით სარგებლობის ტიპის გარდამავალი უფლებები (იჯარა, ქირავნობა) ამ გზით შეუშალოს ხელი ქონების რეალიზაციას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს 75-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ), რამეთუ შემძენის ინტერესის საგანი, შესაძლოა, არ იყოს ნივთი, რომელზედაც მას უკვე არსებული სახელშეკრულებო ბოჭვის გამო, არ ექნება ფლობისა და სარგებლობის უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამრიგად, უფლებრივად დატვირთვის აკრძალვაში საკასაციო პალატა მოიაზრებს არამარტო სანივთო უფლებებს, არამედ ყველა იმ ვალდებულებით უფლებასაც, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება და უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ასეთი სანივთო და ვალდებულებითი უფლებებია _ აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; უზუფრუქტი; სერვიტუტი; იპოთეკა; ქირავნობა, ქვექირავნობა; იჯარა, ქვეიჯარა; თხოვება; ლიზინგი; საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები.
14.15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ვერც იმ მტკიცებას, რომ ზარალის წარმოშობის ვარაუდი სასამართლოს წარმოეშვა საკმარისი წანამძღვრების არარსებობის პირობებში და მიუთითებს, რომ ქონებები, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ იჯარის საგნებს, რომლებიც საჩივრის ავტორს, როგორც მოიჯარეს, დროებით სარგებლობაში ჰქონდა მიღებული მესაკუთრეთაგან სასყიდლის სანაცვლოდ. ამდენად, მათი სარგებლის მოტანის უნარს ასაბუთებს წინამდებარე სამოქალაქო საქმის როგორც ძირითად, ისე შეგებებულში მხარეთა მიერ მითითებული და შეუდავებელი ფაქტები. საგულისხმოა რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეები მეწარმე სუბიექტები არიან, რომელთა უმთავრესი დანიშნულება მოგების მიღებაა. იმ პირობებში, როდესაც მათ საკუთრებაში გააჩნიათ ფუნქციურად სარგებელუნარიანი უძრავი ნივთები, რომელთა მიმართაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ძალით, აკრძალულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებათა დადება, საპასუხო უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის მიზნებისათვის, დასახელებული გარემოებები საკმარისია ვარაუდის წარმოსაშობად, რომ საწარმო კარგავს სარგებლის მიღების შესაძლებლობას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა მას მზარდ ფულად ზარალს წარმოუშობს. ამგვარი ვარაუდი კი საპასუხო უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველია. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნდა.
15. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, მოიჯარის საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, დაუშვებლად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, საიჯარო საგნებზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების მეიჯარეზე დაკისრების მოთხოვნას, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობდა 14.04.2022 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის სახე და ზომა, სრულად გაემოეცალა დაკმაყოფილების პერსპექტივა, ამდენად, შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საპროცესო საფუძველი აღარ არსებობს სსსკ 1991 მუხლის ძალითაც, რამეთუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 199-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი