Facebook Twitter

27 აპრილი 2023 წელი №ას-286-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „რ.ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარეები - შ.პ.ს. „ნ.“, შ.პ.ს. „პ.ი–ი“, შ.პ.ს. „მ.პ–ი“, შ.პ.ს. „ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), ქონების გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ნ.“-მ, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-მ, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-მ, შ.პ.ს. „ფ–ი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“ „მოწინააღმდეგე მხარეები“, „მეიჯარეები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მოიჯარე“) მიმართ, საიჯარო ქირის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

2. მოპასუხე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ შეგებებული სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „ნ.“-ს, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-ს, შ.პ.ს. „ფ–ი“-ს მიმართ, საიჯარო ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

3.1. შ.პ.ს. „პ თ&გ კ“-სა და მოპასუხე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა მეიჯარის კუთვნილი ქონება მისამართზე - ქ. თბილისი, ......... აღნიშნული ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტოგასამართი სადგურისა და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება. ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 3304 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება გაფორმდა 2020 წლის 14 აპრილს, რომლითაც დაზუსტდა ქირის გადახდის დეტალები. 2018 წლის 07 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს. „პ თ&გ კ“-სგან“ შ.პ.ს. „ნ.“-მ იყიდა უძრავი ქონება (351.00 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 111.88 კვ.მ., ავტოგასამართი სადგური საწვავ-გასამართი სვეტებით სამი ცალი და მიწისქვეშა რეზერვუარებით სამი ცალი), მდებარე ქ. თბილისი, .........., №12.

3.2. 2015 წლის 31 დეკემბერს შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება, მისამართზე: ქ. თბილისი, ........, ტრამვაი-ტროლეიბუსის დეპოს ტერიტორია. ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტო გასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 1770 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 7 წლით.

3.3. შ.პ.ს. „მ.პ–ი“-სა და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის 2012 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მარნეულში, .......... ქუჩაზე, მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტო გასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურად გადასახდელ საიჯარო ქირის ოდენობაზე, რაც შეადგენდა 4130 აშშ დოლარს.

3.4. 2013 წლის 01 მარტს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა შ.პ.ს. „ფ–ი“-სა და მოპასუხეს შორის, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება მისამართზე: ქ.ფოთი, ........; ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტო გასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 2596 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულებაში 2016 წლის 17 თებერვალს და 2019 წლის 11 თებერვალს შესული ცვლილებების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედებისა და იჯარის საგნით სარგებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 01 იანვარი.

3.5. შ.პ.ს. „ნ.“-ს, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-სა და შ.პ.ს. „ფ–ი“-ს მოიჯარისგან წერილობით ეცნობა, რომ მოპასუხე ვადაზე ადრე წყვეტდა იჯარის ხელშეკრულებას და აბრუნებდა საიჯარო ქონებას ისე, რომ მას არც მეიჯარეებისაგან ჰქონდა თანხმობა ხელშეკრულების შეწყვეტაზე და არც ალტერნატიული მოიჯარე შეუთავაზებია მათთვის. მოიჯარე არ აპირებდა ბოლო თვეების საიჯარო ქირის გადახდას არცერთი მეიჯარისათვის. მოპასუხეს საიჯარო ურთიერთობების ვადაზე ადრე შესაწყვეტად პატივსადები მიზეზი არ ჰქონია, რის გამოც მოსარჩელეები მოითხოვენ საიჯარო ქირის გადახდას საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

3.6. საიჯარო ხელშეკრულებების ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაწყვეტის შემდგომ შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ ოთხივე საიჯარო ქონებიდან მოახდინა მეიჯარეების კუთვნილი ინვენტარის დემონტაჟი, რითიც მათ მიაყენა ქონებრივი ზიანი 100 000 ლარის ოდენობით.

მოპასუხის პოზიცია:

4.1. მოპასუხე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოიჯარე იძულებული გახდა, ვადაზე ადრე შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულებები, (შ.პ.ს. „ნ.“-ს, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-ს და შ.პ.ს. „ფ–ი“-ს შემთხვევაში _ 2021 წლის 01 დეკემბრიდან, ხოლო შ.პ.ს. „პ.ი“-ს შემთხვევაში _ 2021 წლის 15 დეკემბრიდან), რადგანაც ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი სრულიად შეუსაბამო იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა კის ნორმალურ ოპერირებას და ავტოგასამართი სადგურით სარგებლობას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ საიჯარო ქონებებზე იყო არაერთი დაზიანება და ხარვეზი, რაც, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, და მეორეს მხრივ, შეუძლებელს ხდიდა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს ბიზნეს საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას, რაც გამოვლინდა კიდეც ავტოგასამართი სადგურიდან შემოსული მოგების საგრძნობლად შემცირებაში. ამასთან, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად გამოესწორებინა აღნიშნული დაზიანებები და ხარვეზები, ვინაიდან იმდენად სერიოზული იყო დაზიანების ხარისხი, რომ მათ გამოსწორებას სჭირდებოდა სოლიდური თანხების გაღება, რომლის გაღების ინტერესი, იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ვადის დასრულებამდე დარჩენილი იყო მცირე დრო და მეიჯარეები თანახმანი არ იყვნენ იჯარის ვადის გაგრძელებაზე, თავად მოიჯარეს აღარ გააჩნდა.

4.2. მოიჯარეს იმ შემთხვევაში აქვს უფლება, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება, თუ სახეზეა შემდეგი წინაპირობები: 1. ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებების პირობების არსებითი დარღვევა; 2. გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, არ ხდება არსებითი დარღვევის გამოსწორება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონების გამოყენების უმთავრესი მიზანია ის, რომ მოიჯარეს მიეცეს საიჯარო ქონებაზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელების საშუალება - კერძოდ, მოხდეს იმპორტირებული ნავთობპროდუქტის შენახვა, დატვირთა, რეალიზაცია. ავტოგასამართ სადგურებზე არსებული დაზიანებები კი შეუძლებელს ხდიდა, მოიჯარეს გამოყენებინა აღნიშნული ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ვერ ხერხდება საიჯარო ქონების მიზნისმიერად გამოყენება, სახეზეა ხელშეკრულების პირობის არსებითი დარღვევა. ოთხივე ავტოგასამართ სადგურთან მიმართებით, საიჯარო ქონება იყო მნიშვნელოვნად დაზიანებული და შეუსაბამო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, თუმცა არცერთი მეიჯარისგან არავითარი ქმედება არ განხორციელებულა, რომელიც დაზიანებების გამოსწორებისკენ იქნებოდა მიმართული. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით. სახეზეა კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები - მოიჯარეს ჰქონდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება და შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისთვის დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

4.3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხემ მიუთუთა, რომ მოიჯარემ საიჯარო ურთიერთობის დასასრულს მოახდინა კუთვნილი ინვენტარისა და მისი სასაქონლო ნიშნით მარკირებული ნივთების დემონტაჟი, რომელიც, სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში თავადვე განათავსა ობიექტებზე, შესაბამისად, არავითარი ზიანი მოსარჩელეებს არ განუცდიათ.

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

5. შ.პ.ს. „რ.ს–ო“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ნავთობ კაა, რომელიც სარგებლობს კარგი რეპუტაციით. რეპუტაციის მთავარი საფუძველი მისი საწვავის ხარისხია, რომელიც უზრუნველყოფილია ავტოგასამართ სადგურზე მდებარე რეზერვუარების მაღალი ხარისხით, ასევე, ხარისხიანი მომსახურება კის მხრიდან, უსაფრთხოების წესების დაცვა, ზრუნვა ავტოგასამართი სადგურის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობაზე და ა.შ.. მეწარმე სუბიექტის მთავარი მიზანი არის მოგების მიღება, რაც მოცემული საიჯარო ურთიერთობების ფარგლებში არ დგებოდა. მეტიც, აღნიშნული საიჯარო ურთიერთობები უფრო მეტი ზიანის მომტანი იყო, ვიდრე შემოსავლის _ მოიჯარე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მეიჯარის ნაცვლად, პერიოდულად ახდენდა იჯარით მიღებული ქონებებით სარგებლობისთვის მათ ვარგის მდგომარეობაში მოყვანას ცალკეული შეკეთებების სახით, რამაც, შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს ფინანსური დირექტორის გამოთვლებით, ოთხივე სადგურზე, 2014 წლიდან მოყოლებული, შეადგინა 318 259.12 ლარი, საიდანაც თითოეული მოიჯარის მიმართ გაწეული ხარჯი შემდეგია: შ.პ.ს. „ნ.“-ს ქონებაზე _ 5 636.19 ლარი, შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს ქონებაზე _ 207 286.03 ლარი, შ.პ.ს. „მ.პ–ი“-ს ქონებაზე _ 85 818.62 ლარი და შ.პ.ს. „ფ–ი“-ს ქონებაზე - 19 518.28 ლარი. აღნიშნული დანახარჯები ემსახურებოდა ნაყოფის მისაღებად ქონების ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებას, წარმოადგენდა აუცილებელ ხარჯს, რომლის გაღებაც მეიჯარის ვალდებულებას განეკუთვნებოდა, ხოლო მოიჯარის მიერ გაღების პირობებში, ექვემდებარება ანაზღაურებას მეიჯარის მხრიდან.

შეგებებული სარჩელით მოპასუხეების პოზიცია:

6.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა მოთხოვნები არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეებს შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც გულისხმობს მისი არსებობის ვადით უწყვეტად შესრულებას მხარეების მხრიდან. მხარეებმა საკუთარი მოლოდინები ხელშეკრულებით დაუკავშირეს იმ გარემოებას, რომ მოიჯარე ისარგებლებდა კონკრეტული მიზნით გადაცემული ქონებებით და ამისთვის გადაიხდიდა ქირას, ხოლო მეიჯარეები ხელს არ შეუშლიდნენ მას სარგებლობაში, არ ჩაერეოდნენ მის საქმიანობაში და მიიღებდნენ იჯარის საფასურს. მხარეებმა ხელშეკრულებით დაადასტურეს საიჯარო საგნების ნივთობრივი მდგომარეობა, რომლის მიმართ არანაირი პრეტენზია მოიჯარეს არ გამოუთქვამს. უტყუარად დასტურდება, რომ მოიჯარეს აკმაყოფილებდა იჯარის საგნების (ოთხივე სადგურთან მიმართებით) ნივთობრივი მდგომარეობა და არათუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მრავალწლიანი საიჯარო ურთიერთობის მანძილზე არანაირი პრეტენზია იჯარის საგნების მდგომარეობის მიმართ, მისი მხრიდან არ გამოთქმულა, მანამ სანამ მეიჯარეებმა არ შეატყობინეს მას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, აღარ გაგრძელდებოდა საიჯარო ურთიერთობა. მოიჯარე დაუფარავად მიუთითებს, რომ მას აღარ უღირდა სარემონტო სამუშაოებზე ხარჯის გაწევა, რადგან რამდენიმე თვე რჩებოდა საიჯარო ურთიერთობის ამოწურვამდე. შესაბამისად, იმ ხარჯების გაწევისთვის თავის არიდების მიზნით, რაც მიმდინარე სარემონტო ხარჯს მიეკუთვნება და რომლის შესრულების ვალდებულებაც გააჩნდა მოიჯარეს, მან ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, რომ მეიჯარეები აღნიშნულს არ ეთანხმებოდნენ, რაც წერილობით ეცნობა მოიჯარეს.

6.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას - იჯარის საგნით ნაყოფის მიღების შეუძლებლობა. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის შიდაკორპორაციული ხასიათის დოკუმენტები, რომლებიც ვერანაირი სანდო, მკაფიო სტანდარტით ვერ ადასტურებენ იმას, რის წარმოჩენასაც ცდილობს მოსარჩელე. კის მიერ ტექნიკური შესაბამისობისა და შეუსაბამობის შესწავლის სამუშაო ჯგუფის გამოვლენილი დარღვევების შინაარსს წარმოადგენს - როზეტების მოწესრიგება, მისასვლელი გზის მოწესრიგება, სკამურის/გამწოვის მილის მიმართულების შეცვლა, კედლის გასწორება და სხვა, რაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე, გრძელვადიანი სარგებლობის პირობებში, წარმოადგენს სწორედ მიმდინარე რემონტს - რომელზეც საკუთარი ხარჯით პასუხისმგებელია მოიჯარე.

6.3. იჯარის საგნის ტექნიკურ შემოწმებაზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შ.პ.ს. „ე.ს“-ს მიერ შევსებული კითხვარი, რაც შინაარსობრივად მიეკუთვნება აგს-ის ფუნქციონირების დეტალებს, მათ შორის დოკუმენტწარმოებას და კავშირი არ აქვს იჯარის საგნის ნივთობრივ მდგომარეობასთან. შესაბამისად, არ არსებობს იჯარის საგნის ნივთობრივ გარემოებაზე აპელირების პრაქტიკული და სამართლებრივი საფუძველი. თუ რაიმე სახის გაუმჯობესებების საჭიროება არსებობდა იჯარის საგნებზე, ეს მთლიანად ექცევა მოიჯარის სახელშეკრულებო ვალდებულებაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მრავალწლიანი საიჯარო ურთიერთობის პირობებში შეფერხდა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს საქმიანობა იჯარის საგნებზე და არ სრულდებოდა მეიჯარის ვალდებულება - ნაყოფის მისაღებად პირობების შექმნაზე. მოსარჩელე მხარე ყოველგვარი კვალიფიციური ფინანსური ანალიზის-შეფასების გარეშე, საკუთარი ფინანსური მენეჯერის მიერ დასახელებულ თანხის მოცულობებს უთითებს იმ ხარჯად, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს შეგებებული სარჩელით, შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორც ამ დანახარჯების რეალურად გაწევის საკითხი, ასევე, მათი საჭიროება და უმთავრესი გარემოება _ რა ნიშან-თვისებით სცილდება ეს ხარჯები (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელშეკრულებო ვალდებულებას მიმდინარე რემონტის მოიჯარის მიერ განხორციელების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

7.1. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შ.პ.ს. „ნ.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 42 952 აშშ დოლარის გადახდა;

7.2. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 23 010 აშშ დოლარის გადახდა;

7.3. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შ.პ.ს. „მ.პ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 33 040 აშშ დოლარის გადახდა;

7.4. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შ.პ.ს. „ფ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 33 748 აშშ დოლარის გადახდა;

7.5. სარჩელი ინვენტარის დემონტაჟის შედეგად მიყენებული ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7.6. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის გზით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.06.2022წ. საოქმო განჩინება თ.ბ–ის, გ.ვ–ოს და მ.ტ–ვის მოწმედ დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 13.06.2022 წლის საოქმო განჩინებასთან ერთად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. შ.პ.ს. „პ თ&გ კ“-სა და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის 2015 წლის 31 დეკემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება მისამართზე: ქ. თბილისი, .......... №12-ში. ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტოგასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3304 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 7 წლის ვადით; 2018 წლის 07 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს. „პ თ&გ კ“-სგან შ.პ.ს. „ნ.“-მ იყიდა საიჯარო ქონება და ჩაანაცვლა იგი იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

10.2. 2015 წლის 31 დეკემბერს შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება, მისამართზე: ქ. თბილისი, ........, ტრამვაი-ტროლეიბუსის დეპოს ტერიტორია (ს/კ ......). ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტოგასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 1770 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 7 წლით.

10.3. 2012 წლის 1 აგვისტოს შ.პ.ს. ,,მ.პ–ი“-ს და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება მისამართზე: ქ. მარნეული, .......... ქუჩა, მიწის ნაკვეთის ფართობი: 300 კვ.მ. ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტოგასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურად გადასახდელ საიჯარო ქირის ოდენობაზე, რაც შეადგენდა 4130 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით.

10.4. 2013 წლის 1 მარტს შ.პ.ს. „ფ–ს“ და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში ვადიანი და სასყიდლიანი იჯარის უფლებით გადაეცა ქონება მისამართზე: ქ.ფოთი, .....; ქონების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა განთავსებული ავტო გასამართი სადგურის (აგს) და მისი ნაწილების საჭიროებისამებრ გამოყენება, სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 2596 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულებაში 2016 წლის 17 თებერვალს და 2019 წლის 11 თებერვალს შესული ცვლილებების შედეგად, საიჯარო ქონებით სარგებლობის ვადის დასასრულად განისაზღვრა 2023 წლის 01 იანვარი.

10.5. 2021 წლის 24 მაისის, 13 სექტემბრის და 22 სექტემბრის წერილებით შ.პ.ს. „ნ.“-მ შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს აცნობა, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე (2022 წლის 31 დეკემბერი) ხელშეკრულება შეწყდებოდა და მეიჯარეს არ სურდა მისი ვადის გაგრძელება. 2021 წლის 13 სექტემბრის და 22 სექტემბრის წერილებით შ.პ.ს. „მ.პ–ი“-მ შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს აცნობა, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე (2022 წლის 01 აგვისტო) ხელშეკრულება შეწყდებოდა და მეიჯარეს არ სურდა მისი ვადის გაგრძელება; 2021 წლის 13 სექტემბრის და 21 სექტემბრის წერილებით შ.პ.ს. „ფ–მა“ და შ.პ.ს. „პ.ი–მა“ შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს აცნობა, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ვადის გასვლისთანავე (2022 წლის 31 დეკემბერი) შეწყდებოდა და მეიჯარეს არ სურდა მისი ვადის გაგრძელება.

10.6. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ 2021 წლის 15 სექტემბერს, 16 სექტემბერს, 05 ოქტომბერს მეიჯარეებს - შ.პ.ს. „ნ.“-ს, შ.პ.ს. „პ მ“-ს და შ.პ.ს. „ფ–ი“-ს იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილების პასუხად აცნობა, რომ მოიჯარეს სურს იჯარის ხელშეკრულება შეწყდეს არა 2022 წლის 31 დეკემბრიდან (შ.პ.ს. „პ მ–თან“ – 2022 წლის 1 აგვისტოდან), არამედ მიმდინარე პერიოდში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კებს შორის გაფორმდება დამატებითი შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, შ.პ.ს. „რ.ს–ო“ უარს იტყვის მის მიერ გაწეული საკმაოდ სოლიდური ოდენობის საინვესტიციო ხარჯების ანაზღაურებაზე და არ მოხდება დარჩენილ საიჯარო პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდა მეიჯარეებისათვის; შ.პ.ს. „ნ.“-მ, შ.პ.ს. „მ.პ–მა", შ.პ.ს „პ.ი–მა“ და შ.პ.ს. „ფ–მა“ უარი განაცხადეს იჯარის ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე და გამოთქვეს საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

10.7. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს 2021 წლის 03 ნოემბრის წერილით შ.პ.ს. „ნ.“-ს და შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს ეცნობა, რომ ავტოსაგამართი სადგურები (შემდგომში „აგს“, მისამართი: ქ. თბილისი, .......... ქ. №12 და ქ. თბილისი, ....... „ი–ის“ მიმდებარე ტერიტორია) იმყოფებოდა არადამაკამაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლიდა მოიჯარეს საიჯარო ქონებით ჯეროვნად სარგებლობაში. ამასთან, დამატებითი ინვესტიციის განხორციელება, არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მოიჯარეს გაუმართლებელად მიაჩნდა. ამავე წერილით, შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ მეიჯარეებს განუმარტა, რომ წლების განმავლობაში განახორციელა მრავალი ინვესტიცია საიჯარო ქონებების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით აუმჯობესებდა და აახლებდა ქონებათა როგორც ტექნიკურ, ისე ვიზუალურ მხარეს. შესაბამისად, მიმართა მესაკუთრეებს წინადადებით, შეემცირებინათ საიჯარო ქირა ან გადაეხედათ საიჯარო პირობები და შეთანხმებით იჯარა შეეწყვიტათ 2021 წლის 01 დეკემბრიდან.

10.8. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს 2021 წლის 05 ოქტომბრის წერილით შ.პ.ს. „მ.პ–ს“ და შ.პ.ს. „ფ–ს“ ეცნობათ, რომ მათი ავტოსაგამართი სადგურები იმყოფებოდა არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლიდა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს საიჯარო ქონებით ჯეროვნად სარგებლობაში და რაც პირდაპირ აისახება სადგურებიდან შემოსულ მოგებაზე. ამასთან, სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა საიჯარო ქონებით სარგებლობისთვის არსებით პირობას და მოითხოვდა მნიშვნელოვან ხარჯებს, რომლის გაღება მოიჯარეს გაუმართლებლად მიაჩნდა. აღნიშნულის გამო, 2021 წლის 01 ნოემბრიდან მოიჯარე აჩერებდა სადგურებზე ოპერირებას და საიჯარო ქირის გადახდას, მეიჯარეების მხრიდან საიჯარო ქონებაზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე.

10.9. მოიჯარემ შ.პ.ს. „ნ.“-ს, შ.პ.ს. ,,მ.პ–ს“, შ.პ.ს. „პ.ი–ს“ და შ.პ.ს. „ფ–ს“ 2021 წლის 30 ნოემბრის წერილით შეატყობინა, რომ მათ შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება წყდება 2021 წლის 1 დეკემბერს (შ.პ.ს. „პ.ი–თან" _ 2021 წლის 15 დეკემბერს) და საიჯარო ქონების დასაბრუნებლად სთხოვა კის წარმომადგენლის გამოცხადება მითითებულ დროს. ამავე წერილით აცნობა, რომ მეიჯარეების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საიჯარო ქონება ჩაითვლებოდა გადმოცემულად და ნებისმიერ შესაძლო ზარალის/ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას იხსნიდა მოიჯარე.

10.10. მოიჯარე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მეიჯარეებისათვის 2021 წლის 01 ნოემბრიდან არ აქვს საიჯარო ქირა გადახდილი.

10.11. მოიჯარემ ავტოგასამართი სადგურები (საიჯარო ქონება) გაათავისუფლა 2021 წლის 01 დეკემბერს. შ.პ.ს. „პ.ი–ი“-ს ტერიტორიდან მოიჯარე გავიდა 2021 წლის 15 დეკემბერს. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მიერ საიჯარო ქონების (ოთხი აგს) გამოთავისუფლება და მოიჯარის ინვენტარის გატანა ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიიდან მოხდა მეიჯარეების წარმომადგენლის გარეშე. შ.პ.ს. „ნ.“-ს მიერ მოიჯარისათვის მოხდა ბრენდირებული სადგურის გადაცემა, რის გამოც მეიჯარეს ქონება დაუბრუნდა იმავე სახით, 2021 წლის 15 დეკემბრამდე შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს ბრენდისგან გათავისუფლების მოთხოვნით.

10.12. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 02 ნოემბრიდან 2021 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, განახორციელა ბენზინგასამართ სადგურებზე (საიჯარო ქონება) ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ფაქტის კონსტატაცია (ვიდეო და ფოტოგადაღება).

11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

11.1. დავა მხარეთა შორის წარმოშობილია იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. მოცემული სადავო სამართალურთიერთობის სწორად გადაწყვეტისათვის პირველ რიგში შესაფასებელია მხარეთა შორის ხელშეკრულებები შეწყდა თუ არა მართლზომიერად, მოიჯარის მიერ. მოსარჩელეები თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებდნენ სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

11.2. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტი მხარის მითითება საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად საიჯარო ქონების ნაკლის გამო მისი გამოყენების შეუძლებლობასა და იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის პატივსადები საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 9.3 პუნქტით (ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად მოშლა დასაშვებია ერთ-ერთი მხარის მიერ, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არსებითად არღვევს ხელშეკრულების პირობებს და გაფრთხილების მიუხედავად გონივრულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას), რამეთუ არ დასტურდებოდა მეიჯარეების მხრიდან იჯარის ხელშეკრულებების პირობების იმგვარი არსებითი დარღვევა, რომელიც ხელშეკრულებათა 9.3. პუნქტზე დაყრდნობით, მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე, შესაბამისი ვადის დაუცველად, ცალმხრივად მოშლას გაამართლებდა. მეიჯარის მხრიდან არ ყოფილა უგულებელყოფილი ის ვალდებულებები, რომელიც მას, როგორც კონტრაქტორს, აკისრია საიჯარო ურთიერთობაში ნივთის ვარგისიანობისა და იჯარის საგნიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ოთხივე საიჯარო ურთიერთობაში, საიჯარო ქონება მოიჯარეს გადაეცა სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. თავის მხრივ, ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქონების მიზნობრივი გამოყენება, კერძოდ: მოიჯარის მიერ იმპორტირებული ნავთობპროდუქტების შენახვა/დაცვის, გადმოტვირთვის, დატვირთვის, რეალიზაციის მიზნით ან/და ამ სახის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. დასაბუთებულია ვარაუდი იმისა, რომ მოიჯარემ სწორედ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით მისთვის მისაღებ მდგომარეობაში მიიღო საიჯარო ქონება საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას და მას, როგორც ამ საქმიანობაში გამოცდილ მეწარმე სუბიექტს, რაიმე სახის პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის ან საიჯარო ქონების ვარგისიანობის თაობაზე არ განუცხადებია. უფრო მეტიც, მათი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზია 2021 წლის ოქტომბრის თვემდე არ დაფიქსირებულა.

11.3. დადასტურებულია და მხარეთა დავას არ იწვევს, რომ მოიჯარე დანიშნულებით იყენებდა მისთვის გადაცემულ საიჯარო ქონებას 2021 წლის 01 ნოემბრამდე და მთელი საიჯარო ურთიერთობის პერიოდში იღებდა შემოსავალს (იჯარის საგნის გამოყენების შედეგად ნაყოფს). აგს-ების მახასიათებლების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში და ის გარემოება, რომ მეიჯარეების მხრიდან დარღვეული იქნა იჯარის ქონების ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულება, რაც იჯარის ქირის გადახდის ვალდებულებისაგან მოიჯარის გათავისუფლების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, საქმის მასალებით არ დასტურდება.

11.4. მოიჯარეს საიჯარო ქონების ნაკლზე ან ნივთის ვარგისიანობაზე წერილობით პრეტენზია მრავალწლიანი საიჯარო ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ განუცხადებია და მათი მხრიდან პრეტენზია, წერილობითი მოთხოვნა ნივთის დანიშნულებით გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად ხარჯების გაღების აუცილებლობაზე, დაფიქსირდა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბრის თვეში, საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე. თუ იმდენად აუცილებელი და არსებითად მნიშვნელოვანი იყო ხარჯების გაღება ნივთის ვარგისიანობისა და ნაყოფის მიღების შესაძლებლობის შენარჩუნებისათვის და არაერთი ზეპირი მოთხოვნის (რაზეც უთითებს მოიჯარე, თუმცა უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე) მიუხედავად, არ ხდებოდა მეიჯარეთა მიერ ამ ხარჯების გაღება, მით უფრო ჰქონდა მოიჯარეს საფუძველი, თავისი პრეტენზია განეცხადებინა წერილობითი ფორმით მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში, რაც რამდენიმე წელს მოიცავდა.

11.5. მოპასუხემ ვერ დასძლია მისი მტკიცების ტვირთი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ საიჯარო ქონების მდგომარეობა იმდენად შეუთავსებელი იყო იჯარის მიზნებისათვის, რომ მოიჯარეს პატივსადები ინტერესით შეეძლო, შეეწყვიტა ვადამდე საიჯარო ხელშეკრულებები, ან იჯარით მოპასუხისათვის გადაცემული ობიექტების ფუნქციონირების გაგრძელება საიჯარო პერიოდის ბოლომდე წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევას და მოიჯარის შესაძლო პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველს.

11.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოიჯარემ, რამდენადაც ხელშეკრულებები შეწყვიტა ვადაზე ადრე საამისო პატივსადები საფუძვლის არსებობის გარეშე და მეიჯარეებისთვის არ შეუთავაზებია სხვა გადახდისუნარიანი მოიჯარე(ები) სახელშეკრულებო ურთიერთობათა შენაჩუნების მიზნით, მოიჯარე არ თავისუფლდება იჯარის დარჩენილ პერიოდში საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან.

11.7. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საწინააღმდეგოდ წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიების უარსაყოფად სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე: სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის მიხედვით, (1) მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე; (2) დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. (3). გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 598-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური და სხვა ხარჯები.

11.8. საიჯარო ქონება (ოთხივე აგს) როგორც საიჯარო ურთიერთობის დაწყების, ასევე, მთელი იჯარის პერიოდში წარმოადგენდა გამოსაყენებლად ვარგის ქონებას იმისათვის, რის ინტერესებიც გააჩნდა მოიჯარეს. აღნიშნული სადავოდ არც გამხდარა მხარეებს შორის და რაიმე სახის წერილობითი პრეტენზია ნივთის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოიჯარეს წლების განმავლობაში, არც ერთი მეიჯარის მიმართ არ წამოუყენებია. ნივთობრივ ნაკლზე და არსებული ხარვეზების გამო საიჯარო დროის განმავლობაში იჯარის ქონების გამართულ ფუნქციონირებაში ხელშეშლის თაობაზე, მოიჯარის მხრიდან ზეპირსიტყვიერად ინფორმირებას მეიჯარეები უარყოფენ და აღნიშნული არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.

11.9. მეიჯარის მოვალეობაა, შეინარჩუნოს ნივთის ვარგისიანობა, ე.ი. ნივთი უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოსადეგი იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, აღნიშნული ვალდებულებათა დარღვევა, საქმეზე წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულებებით სათანადოდ, უტყუარად, არ დადასტურდა. ის გარემოება, რომ იჯარით გადაცემული (გაქირავებული) ნივთი იჯარის პერიოდის განმავლობაში არ იძლეოდა (ან აფერხებდა) ნაყოფის მიღების შესაძლებლობას, აღნიშნულის თაობაზე გაცხადებული იყო პრეტენზია მეიჯარეთა მიმართ და ეს უკანასკნელი არ ასრულებდა თავის ვალდებულებას ნივთის შესაბამის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად, არ დასტურდება მით უფრო იმ პერიოდში, რა დროიდანაც მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მითითებით, გაწეული იქნა ხარჯები ქონების გაუმჯობესების მიზნით.

11.10. აპელანტის მიერ წარმოდგენილია ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმების კითხვარები (შემდგენი _ შ.პ.ს. „ე.ს ს–სი“) ოთხივე ავტოგასამართი სადგურის ხარვეზების აღწერილობით (დაზიანებული გზის ნაწილი, შემოუზღუდავი სარეზერვუარო პარკი, დაზიანებული ელ. სადენები და გენერატორი, შესაკეთებელი გზები და ელ. გაყვანილობა, ჩაღვრის მიმღები არხების და სალექარი და გამწმენდი ნაგებობის არარსებობა, დამიწების პრობლემები და სხვა). იმის გარდა, რომ შ.პ.ს. „ე.ს ს“-ს კომპეტენტურობა და კვალიფიციურობა მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ გახადა, საგულისხმოა, რომ ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების შედეგად არსებული და შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებული ხარვეზების პირობებში, გაუგებარია, რა სახის ქონების გაუმჯობესებას ჰქონდა მოიჯარის მხრიდან ადგილი და კონკრეტულ პერიოდებში რა სამუშაოებისათვის რა თანხები იქნა გადახდილი მოიჯარის მიერ.

11.11. იჯარის ხელშეკრულებების 6.3 პუნქტის თანახმად: თუ მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების ან შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების გამო, საიჯარო ქონების დანიშნულებისამებრ, კანონიერად ექსპლუატაციისათვის საჭიროა გაუმჯობესდეს საიჯარო ქონების ტექნიკური მდგომარეობა ან შესრულდეს სხვა მოთხოვნები, მაშინ მხარეები ამ სამუშაოთა განხორციელებისა და შესაბამისი ხარჯების შესახებ შეთანხმდებიან დამატებით, რაც გაფორმდება ამ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების სახით. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის მსგავსი სახის შეთანხმების არსებობა საიჯარო ქონების დანიშნულებისამებრ, კანონიერად ექსპლუატაციისათვის საჭირო გაუმჯობესების მიზნით ხარჯების გაღების თაობაზე, არ დადასტურდა.

11.12. თუკი მოიჯარე აუცილებლად მიიჩნევდა საიჯარო ქონების სრულყოფილად და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით ფუნქციონირებისათვის, მის მიერვე მითითებული ხარჯების გაღებას, მას ამისათვის შეეძლო შესაბამისი შეთანხმების გაფორმება მოეთხოვა მეიჯარეთათვის, ვინაიდან როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, მის მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმოადგენდა სწორედ იმ კაპიტალურ რემონტს, რაც აუცილებელი იყო საიჯარო ქონების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ნათელია, რომ მსგავსი მოთხოვნით იჯარის ხელშეკრულებებში არც ერთი აგს-თან მიმართებით ცვლილება ან დამატება არ განხორციელებულა.

11.13. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ შეძლო საიჯარო ქონებებზე იმგვარი ხარჯის გაწევის გარემოების დადასტურება, რაც მისი, როგორც მოიჯარის ვალდებულებაში არ შედიოდა და რისი გაწევის მოვალეობა ჰქონდათ მეიჯარეებს. ამასთან, გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის, მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, არ დადასტურდა. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს მიერ საიჯარო ქონებებით სარგებლობის პერიოდში განხორციელებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, საიჯარო ფართები არსებითად არ გაუმჯობესებულა. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მოიჯარის მიერ მითითებული ხარჯების შედეგად საიჯარო ფართების არსებითად გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეს მხოლოდ ერთვის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტისას და მის შემდგომ საიჯარო ფართების ამსახველი ფოტოსურათები, რომლითაც რაიმე გაუმჯობესება არ დასტურდება, ამრიგად, არ ვლინდება საიჯარო ქონებებზე (ოთხივე აგს-თან მიმართებით) იჯარის პერიოდში მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯების მეიჯარეთათვის დაკისრების საფუძველი.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არც გასაჩივრებული საოქმო განჩინების ნაწილში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს უარი ეთქვა მოწმეების _ თ.ბ–ის, გ.ვ–ოს და მ.ტ–ვის მოწმეებად დაკითხვაზე, რისი მეშვეობითაც შეგებებული სარჩელის ავტორი მიზნად ისახავდა მის მიერ საიჯარო ქონებებზე კაპიტალური ხარჯების გაწევის ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. პალატამ მიუთითა სსსკ 140-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე (სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის) და განმარტა, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია სსსკ-ის 102.3-ე მუხლით გათვალისწინებული, სადავო გარემოებების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, ამავე გარემოების სამტკიცებლად მოწმეთა ჩვენებას, რაიმე არსებითი მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის ვერ ექნება. დამატებით არგუმენტირებულ დასაბუთებას კი, კონკრეტულად რა მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნულ მოწმეთა დაკითხვას საქმის გადაწყვეტისთვის, შ.პ.ს. „რ“-ს შუამდგომლობა არ შეიცავდა, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უარყო ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „რ.ს–ო“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება, საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

13.1. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოიჯარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმობდა, რომ მეიჯარეებმა არ შეასრულეს მათი კანონისმიერი ვალდებულება _ შეენარჩუნებინათ იჯარის საგნები ისეთ მდგომარეობაში, რომ მოიჯარეს ესარგებლა აღნიშნული ნივთით, რამაც მოიჯარეს წარმოუშვა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი, რამეთუ მოიჯარის მოთხოვნის მიუხედავად, მეიჯარეებმა არ შეასრულეს ტექნიკური საფრთხის მატარებელი საიჯარო საგნების მოვლის ვალდებულება, რითიც მოიჯარეს მოესპო ობიექტის ფუნქციონირებისა და სარგებლის მიღების შესაძლებლობა _ ამდენად, არც ქირის მიღების უფლება არსებობდა.

13.2. ობიექტების ბოლო დღეებამდე ფუნქციონირება ვერ აქარწყლებს საიჯარო ქონების ტექნიკური გაუმართაობის ფაქტობრივ გარემოებას, რომლებიც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სპეციალისტის აქტებით). ობიექტები ფუნქციონირებას ახერხებდნენ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი, მოიჯარის მიერ ნივთებზე გაწეული დანახარჯების შედეგად, რომელსაც ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობისა და ზიანის პრევენციის მიზნით, წარსულში (ვიდრე მეიჯარეები საიჯარო ურთიერთობის დასრულების სურვილს გამოავლენდნენ) მეიჯარეთა ნაცვლად ყოველთვის მოიჯარე იღებდა. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ მეიჯარეები აღარ აპირებდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გაგრძელებას, მოიჯარემ მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია, კვლავ წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზები ობიექტზე საკუთარი სახსრებით გამოესწორებინა და მიმართა მეიჯარეებს საკუთარი კანონისმიერი ვალდებულების შესრულების (ნივთის სარგებლიანობის უზრუნველყოფის) მოთხოვნით, რაც არ შესრულდა.

13.3. შეგებებულ სარჩელზე მსჯელობისას, სასამართლომ, ისე, რომ არ განუხორციელებია ხარჯების გაწევის დამდასტურებელი მტკიცებულებების შინაარსობრივი კვლევა, არასწორი შეფასება მისცა 2014 წლიდან საიჯარო საგნებზე გაწეულ ხარჯებს და მიიჩნია, რომ იგი არა კაპიტალურ, არამედ მიმდინარე რემონტს განეკუთვნებოდა. დაუსაბუთებელია, რატომ კვალიფიცირდება ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელებული სამუშაოები მიმდინარე და არა კაპიტალურ რემონტად.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იქნა იმ ნაწილშიც, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 13.06.2022 წლის საოქმო განჩინება მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებასთან ერთად კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო პალატის 27.01.2023 წლის საოქმო განჩინებებსაც, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა სპეციალისტის დაკითხვისა და დოკუმენტაციის დართვის შუამდგომლობები.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17.1. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებების კანონიერებას, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უძღვოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებას. ასეთია _ 1. სპეციალისტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და 2. სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საქმისთვის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებები.

17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, (1) ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი; (2). სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება; (3). სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.

17.3. დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ სპეციალიტისგან განმარტებების მიღების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევის აუცილებლობა, ესე იგი, სპეციალისტი საკუთარი განმარტებით არ უნდა გაცდეს მის მიერ უკვე შედგენილი და საქმეში წარდგენილი დოკუმენტის შინაარსს, არამედ უნდა განმარტოს მისი ბუნდოვანი, ტექნიკური ცოდნის საჭიროების გამო რთულად აღქმადი დებულებები. შესაგებელთან ერთად წარმოდგენილ კითხვარები შედგენილია იმგვად, რომ მის მარცხენა სვეტში აღწერილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის მე-60 დადგენილების ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც წაყენებულია ავტოგასამართი სადგურების მიმართ, შუა სვეტში აღნიშნულია, შეესაბამება თუ არ ობიექტზე ასახული მდგომარეობა სახელმწიფო სტანდარტს, ხოლო მარჯვენა სვეტში აღწერილია შესაბამისობისა თუ შეუსაბამობის კონკრეტული მიზეზები, ამრიგად, პალატის შეფასებით, კითხვარები საკმარისად ცხადია და არ საჭიროებს დამატებით განმარტებების მიცემას, რაც სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის დაკითხვაზე წარდგენილი შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მათ მტკიცებულებით ძალას, განკუთვნადობისა და სანდოობის საკითხს, საკასაციო პალატა იმსჯელებს მოგვიანებით.

17.4. სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტების _ დაზღვევის ხელშეკრულებებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს სტაციონარულ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაციის საკითხზე წარმართული მიმოწერის ამსახველი საბუთების საქმეზე დართვის შუამდგომლობასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელი ეფუძნება საიჯარო ხელშეკრულებების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო დარჩენილ პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდევინებას, რომელსაც შესაგებლით მოპასუხე ეწინააღმდეგებოდა იმ დასაბუთებით, რომ არსებობდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი საიჯარო ქონების იმგვარი ტექნიკური გაუმართაობის სახით, რაც შეუძლებელს ხდიდა საიჯარო ქონებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, იგი მიემართებოდა საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში საიჯარო ქონებებზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, რომლზედაც მეიჯარეთა შესაგებელს წარმოადგენდა სამუშაოების (ასეთის არსებობისას) მიმდინარე და არა კაპიტალურ რემონტად კვალიფიკაცია. არც ძირითადი და არც შეგებებული სარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება არ ყოფილა საიჯარო ქონების დაზღვევის ან/და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს სტაციონარულ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაციის არესებობის ან/და გაუქმების ფაქტობრივი გარემოება, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მათი, როგორც არაგანკუთვნადი მტკიცებულებების საქმეზე დართვის საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში საოქმო განჩინება კანონიერია.

17.5. რაც შეეხება ავტოგასამართი სადგურების დაჯარიმების ამსახველ მასალებს და და შ.პ.ს. „ე.ს ს“-ს განმარტებებს, აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენისას, აპელანტი მიზნად ისახავდა, დაედასტურებინა საიჯარო ქონებათა ტექნიკურ ნორმატივებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, რაც, პალატის შეფასებით, თავიდანვე მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო, ერთი მხრივ, ძირითადი სარჩელის გამოსარიცხად და მეორე მხრივ, შეგებებული სარჩელის პერსპექტულობის მიზნებისათვის, თუმცა სააპელაციო პალატა, ახალი მტკიცებულებების მიღებისას შებოჭილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შინაარსით (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა). განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შ.პ.ს. „ე.ს. ს“-ს წერილობითი განმარტება დათარიღებულია 2022 წლის 07 ნოემბრით, მაგრამ ამავე წერილის თანახმად, იგი პასუხია კასატორის 2022 წლის 03 ნოემბრის წერილისა, შესაბამისად, მომჩივანი მხარე ვერ ადასტურებს, რომ ხსენებულ განმარტებათა მიღება და სასამართლოში წარდგენა შეუძლებელი იყო საამისოდ სწორ საპროცესო დროს _ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რის გამოც მისი საქმეზე დართვის საპროცესო საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ავტოგასამართი სადგურების შემოწმებისა და დაჯარიმების დამადასტურებელ დოკუმენტებს (იხ. ტ.6, ს.ფ. 108-281), რომელთა საფუძველზეც აპელანტი ცდილობდა იმ გარემოების დასაბუთებას, რომ საიჯარო ქონებათა ტექნიკური შეუსაბამობები საფუძვლად ედებოდა ბიზნეს ოპერატორის დაჯარიმებას, ყველა მათგანი დათარიღებულია 2021 წლით, ესე იგი, წინამდებარე დავის ინიცირებამდელი პერიოდით, რაც ადასტურებს მათი წარდგენის შესაძლებლობას პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. ამავდროულად, დავასთან კავშირში მყოფი მტკიცებულების სწორ საპროცესო სტადიაზე სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზს კასატორი (აპელანტი) ვერ მუთითებს, რაც ავტოგასამართი სადგურების დაჯარიმების ამსახველი მასალებისა და შ.პ.ს. „ე.ს. ს-ს განმარტებების სააპელაციო ეტაპზე მიღების დამაბრკოლებელი გარემოებაა. ამდენად, სადავო საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი არც ამ ნაწილში არსებობს.

18.1. ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს საკასაციო სასამართლოს განმარტებები საიჯარო ურთიერთობის მახასიათებლების გათვალისწინებით, დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე ზრუნვისას ხელშეკრულების მხარეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ. უზოგადესი წესის თანახმად, საიჯარო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია, რომ მეიჯარე ვალდებულია საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი). ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქონება სარგებლობაში უნდა გადაეცეს მოსარგებლეს სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და იჯარის (ქირავნობის) მთელი დროის განმავლობაში მეიჯარემ (გამქირავებელმა) უნდა შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა. აუცილებელი ხარჯების ინსტიტუტი ზუსტად, რომ იმ ხარჯებს გულისხმობს, რაც აუცილებელია ნივთის ვარგისინობის შენარჩუნებისათვის. იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ნივთის „ვარგისინობა“ გულისხმობს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას (იხ. სუსგ. სუსგ. №ას-648-616-2013, 02.06.2014წ.; სუსგ №ას-1113-1033-2017, 24.10.2019წ.).

18.2. ნივთის ვარგისიანობა, ანუ იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, მოწმდება სსკ-ის 533-ე და 535-ე მუხლების მიხედვით. კერძოდ, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი (სსკ-ის 533-ე მუხლი), გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (სსკ-ის 535-ე მუხლი).

18.3. იჯარის ურთიერთობების ჭრილში ამ ნორმის გამოყენება გაგებული უნდა იქნეს იმ თავისებურერებით, რაც დამახასითებელია იჯარის ხელშეკრულებისათვის. იმის გამო, რომ იჯარის ხელშეკრულება (განსხვავებით ქირავნობისაგან) ითვალისწინებს სამეურნეო დანიშნულებას, თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, იჯარით გაცემული (გაქირავებული) ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ ნივთი იძლევა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. ამ მუხლის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ თუ არა ნივთის ხარისხზე, თვისებაზე. შეთანხმების შემთხვევაში ივარაუდება, რომ ნივთი ვარგისია და ზუსტად ნივთის ამ თვისების შენარჩუნების ვალდებულება ეკისრება მეიჯარეს (გამქირავებელს). ვარგისიანობის ამ სტანდარტის შენარჩუნება მოითხოვს აუცილებელ ხარჯებს, რაც ეკისრება მეიჯარეს (გამქირავებელს). თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული ნივთის ვარგისიანობის თაობაზე, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ ნივთი იძლევა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას). ამ შემთხვევაში მეიჯარემ (გამქირავებელმა) უნდა შეინარჩუნოს, უზრუნველყოს ამ ნივთის ვარგისიანობა, რაც აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან შეთანხმების არარსებობის პირობებში, შეინარჩუნოს ვარგისიანობა, რაც საკმარისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (იხ. სუსგ. სუსგ. №ას-648-616-2013, 02.06.2014წ.).

18.4. ნივთობრივი ნაკლის არარსებობისას დამქირავებელი (მოიჯარე) ვალდებულია, ჩაატაროს მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით, ამასთან, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, სსკ 547-ე მუხლის თანახმად, იგი პასუხს არ აგებს (იხ. სუსგ.№ას-797-764-2016, 03.10.2016წ).

18.5. ამდენად, თუკი ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება იმ მსჯელობას, რომ გამქირავებლის (მეიჯარის) მიერ საკუთარი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას (უნაკლო ნივთის გადაცემა) დამქირავებელს (მოიჯარეს) ეკისრება ნივთზე ზრუნვა, საპირისპირო მსჯელობა საპირისპირო დასკვნამდე მიგვიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამქირავებელს (მეიჯარეს) ნივთზე ხარჯების გაღება ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობდა ან შემდგომში აღმოჩნდება ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს. სწორედ ის ხარჯები, რომელიც ნაკლის აღმოსაფხვრელად და ნივთის ვარგისიანობის აღსადგენად იქნება გაღებული, უნდა მივაკუთვნოთ აუცილებელი ხარჯების კატეგორიას (იხ. სუსგ. №ას-301-301-2018, 14.12.2021წ).

18.6. მნიშვნელოვანია გაირკვეს, აუცილებელი ხარჯების გაღება (ნაკლის აღმოფხვრა) დამქირავებელს (მოიჯარეს) შეუძლია თავისი ინიციატივით, ხარჯების შემდგომში ანაზღაურების მოთხოვნის პირობით, თუ გამქირავებლის (მეიჯარის) სასარგებლოდ მოქმედებს ნაკლის გამოსწორების უპირატესობა.

18.7. სსკ-ის 537-ე და 543-ე მუხლებით აღიარებულია ნაკლის არსებობის შესახებ გამქირავებლის (მეიჯარის) წინასწარ შეტყობინების ვალდებულება. ამასთან, დამქირავებლის (მოიჯარის) მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, თუკი გამქირავებელი (მეიჯარე) ნაკლის გამოსწორების ვადას გადააცილებს. როგორც ვხედავთ, ნაკლის გამოსწორება მოქმედებს გამქირავებლის (მეიჯარის) სასარგებლოდ. საკითხის ასე გადაწყვეტა მიზნად ისახავს გამქირავებლის (მეიჯარის) ინტერესების დაცვას, რათა მან თავიდან აიცილოს კონტრაჰენტისგან ქირის შემცირების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. გარდა ამისა, გამქირავებელს (მეიჯარეს) უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს ნივთი და დაადგინოს, რეალურად არსებობს თუ არა ნაკლი, და თუ არ არის, შემდგომში ამის დამტკიცება შეძლოს. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოიჯარემ შეუსაბამობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოვლენის შემდგომ მეიჯარეებს ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით მიმართა, თუმცა მათგან შეუსაბამობათა გამოსწორების ნება არ გამოვლენილა. მეიჯარეთა უფლებების უგულებელყოფის პირობებში კი წარმოშობილად ვერ ჩაითვლება მოიჯარის უფლება ნაკლზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების შესახებ.

18.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დამქირავებელს (მოიჯარეს) შეუძლია მოითხოვოს ასევე იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გაწეულია არაუფლებამოსილი შესრულების (დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების) ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს 545-ე მუხლის მეორე ნაწილთან ერთად წარმოადგენს 973-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლთან ერთად, რომელიც 973-ე მუხლიდან საგამონაკლისო წესს ადგენს, კერძოდ, შემსრულებელს არ შეუძლია, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს.

18.9. ამდენად, იმისათვის, რათა დადებითად გადაწყდეს აუცილებელი ხარჯების დაკისრების საკითხი, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: დაფიქსირდეს ნივთობრივი ნაკლი და გამქირავებელმა (მოიჯარემ) გადააცილოს ნაკლის გამოსწორების ვადა, ან დამქირავებლის (მოიჯარის) მიერ არაუფლებამოსილი შესრულების ფარგლებში განხორციელებული აუცილებელი შესრულება უნდა შეებამებოდეს დაინტერესებული პირის (მეპატრონის) ინტერესსა და ნებას ((იხ. სუსგ.№ას-797-764-2016, 03.10.2016წ).

18.10. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საიჯარო ქონებათა ნივთობრივი მდგომარეობა სახელშეკრულებო შეთანხმების საგანი არ ყოფილა, ამავდროულად, მოიჯარემ ისე მიიღო ისინი და შეუდგა მათ დანიშნულებისამებრ გამოყენებას, რომ პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის არსებობაზე არ გამოუხატავს, შესაბამისად, მოიჯარე (დამქირავებელი) ვერ მიუთითებს იმ ნაკლზე, რომლის თაობაზეც მან იცოდა მეიჯარესთან (გამქირავებელთან) შეთანხმების საფუძველზე და მიუხედავად ამისა, მიიღო სარგებლობაში ნივთი, როგორც უნაკლო. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ნივთი ვარგისია, რაც მეიჯარეების მხრიდან ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთების გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთს მოიჯარეს აკისრებს. მოიჯარესვე უნდა ემტკიცებინა ისიც, რომ ნაკლის თაობაზე მან ნივთის მესაკუთრეებს დროულად შეატყობინა და, ამ უკანასკნელთა მიერ ნაკლის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით, თავად გასწია აუცილებელი ხარჯი. აღნიშნული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია მხარემ ვერ მოახდინა.

18.11. ხანგრძლივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ნივთის ვარგისიანობა შეიძლება დააქვეითოს მისით სარგებლობამ და დღის წესრიგში დადგეს აუცილებელი ხარჯების გაწევა მისგან ნაყოფის მიღების შესაძლებლობის შესანარჩუნებლად (ან აღსადგენად), რაც წარმოშობს მეიჯარის ვალდებულებას, ნივთი მოიყვანოს იმ მდგომარეობაში, რომელიც არსებობდა ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემის ეტაპზე (რამეთუ მოიჯარემ პრეტენზიის განუცხადებლად, ნივთი, როგორც ნივთობრივად უნაკლო, სწორედ ამ ხარისხით მიიღო), შესაბამისად, მას აკისრია არა ნივთის გაუმჯობესების, არამედ პირვანდელ მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულება.

18.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების წესის თანახმად, ნივთის სარგებლიანობის მოსპობის ფაქტი მოიჯარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, სადავოობისას, სწორედ მან უნდა დაადასტუროს, რომ ნივთის ხარისხი გაუარესდა, ესე იგი, მოიშალა ის მახასიათებელი, რაც ნივთის დანიშნულებისამებრ სარგებლობაში მონაწილეობას იღებდა.

18.13. განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელის უარსაყოფად კასატორი უთითებდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის პატივსადებ საფუძველზე, რაც მეიჯარეთა მიერ საჯარო ქონების ვარგისიანობის შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობაში გამოიხატებოდა. ნაყოფის მიღების შეუძლებლობის დასადასტურებლად კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა შ.პ.ს. „ე.ს.ს“-ს მიერ საიჯარო ქონებათა შეფასების კითხვარები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტოგასამართი სადგურების მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტთან ნაწილობრივ შეუსაბამობას, თუმცა ხსენებული კითხვარი შეუსაბამობათა სიმძიმის გამო ობიექტის ექსპლუატაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე რაიმე მითითებას არ შეიცავდა, შესაბამისად, ხსენებული დოკუმენტებით საიჯარო ქონებათა მეშვეობით ნაყოფის მიღების შეუძლებლობის ფაქტობრივი გარემოება (რაც მოიჯარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა) არ დასტურდება. სააპელაციო ინტანციის სასამართლოში ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემული დამატებითი განმარტება, როგორც აღინიშნა, მიჩნეულია დაგვიანებით წარდგენილ მტკიცებულებად და იგი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას მხედველობაში მიღებული ვერ იქნება. საქმეზე წარმოდგენილია ფაქტების კონსტატაციის მასალები ფოტოსურათების სახით, რომელზედაც აღწერილია ავტოგასამართი სადგურების მდგომარეობა, თუმცა არც ხსენებული კონსტატაციის მასალები მოწმობს იმგვარი ხარვეზების არსებობას, რომ საიჯარო ქონებათა დანიშნულებისამებრ გამოყენება ჩაითვალოს შეუძლებლად, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოსათვის უცნობია, კონკრეტულად რა მდგომარეობაში მიიღო მოიჯარემ საიჯარო ქონება, როგორც ნივთობრივად უნაკლო, ესე იგი, შეუძლებელია, შეფასდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდან დასრულებამდე მდგომარეობის გაუარესების ხარისხი და შესაბამისად, ნაყოფის მიღების შესაძლებლობის მოსპობის ფაქტობრივი გარემოება.

18.14. რაც შეეხება თავად კასატორის თანამშრომელთა მიერ შედგენილ ტექნიკური შეუსაბამობის დასკვნებს, ხსენებული დოკუმენტები წარმოადგენს თავად კასატორი საწარმოს შიდაორგანიზაციულ დოკუმენტებს, რომელთა შემდგენების კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა შედავებულია პროცესუალური მოწინააღმდეგეების მიერ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირების უსაფრთხების საკითხი მოითხოვს სპეციალურ, ტექნიკურ ცოდნას (სსსკ 162-ე მუხლი), შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზების სიმძიმის შეფასების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ექსპერტული ცოდნის არმქონე პირების მიერ (მათი კვალიფიკაციის დასტური საქმის მასალებში არ მოიპოვება), საფუძვლად ვერ დაედება მისი წარმომდგენის სასარგებლო გარემოების არსებობაზე სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირებას (სსსკ 105-ე მუხლის მეორე ნაწილი).

18.15. ამრიგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოიჯარემ ვერ უზრუნველყო მეიჯარეთა მხრიდან საიჯარო ნივთების ვარგისიანობის შენარჩუნების ვალდებულების რღვევის სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცება, რაც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის პატივსადები მიზეზის არსებობაზე აპელირებას თავისთავად უსაფუძვლოდ აქცევს და ვერ აქარწყლებს 588-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლებას.

18.16. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის პერსპექტიულობას, საქმის მასალებში წარმოდგენილია შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ფინანსური დირექტორის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ასახავს წინამდებარე დავაში მონაწილე მეიჯარეთა ქონებაზე მოიჯარის მიერ წარსულში გაწეულ და შეგებებული სარჩელით სადავოდ ქცეულ ხარჯებს (იხ. ტ.2, ს.ფ. 229-230), თუმცა მოიჯარის მხრიდან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება მასზედ, რომ ხსენებული სამუშაოები წარმოადგენდა აუცილებელ ხარჯს, ემსახურებოდა საიჯარო ქონებათა იმ თვისებების შენარჩუნებას, რომელიც უზრუნველყოფდა საიჯარო ნივთებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას და არსებობდა მოიჯარისთვის ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემის ეტაპზე.

18.17. იმ პირობებში, როდესაც კასატორი ვერ ადასტურებს, რომ ხარჯების გაწევა მიზნად ისახავდა საიჯარო ქონების დაქვეითებული სარგებლიანობის აღდგენას, დაისმის კითხვა _ რისთვის იყო ხსენებული ხარჯების გაღება აუცილებელი? კასატორი მიუთითებს, რომ ავტოგასამართი სადგურების ექსპლუატაცია მისი გაუმჯობესების გარეშე წინააღმდეგობაში მოდიოდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან, თუმცა სწორედ ასეთი შემთხვევისათვის, მოიჯარეს დავაში მონაწილე თითოეულ მეიჯარესთან დათქმული ჰქონდა სახელშეკრულებო პირობა მასზედ, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების ან შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების გამო, საიჯარო ქონების დანიშნულებისამებრ, კანონიერად ექსპლუატაციისათვის საჭირო იქნებოდა საიჯარო ქონების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ან სხვა მოთხოვნების შესრულება, მაშინ მხარეები ამ სამუშაოთა განხორციელებისა და შესაბამისი ხარჯების შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ დამატებით, რაც გაფორმდებოდა ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების სახით (ხელშეკრულებათა 6.3. პუნქტი). ამგვარი ცვლილებისა და დამატების განხორციელების მოთხოვნის მეიჯარეთათვის წარდგენის ფაქტი საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რაც იმას მოწმობს, რომ ხარჯების გაწევა, თუნდაც ნორმატიული ვალდებულების შესასრულებლად, განხორციელდა ქონების მესაკუთრეთა ნებისა და ინტერესის გაუთვალისწინებლად (სსკ 974-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც გამორიცხავს ხსენებული ხარჯის სსკ 545-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ იმგვარ „სხვა ხარჯად“ კვალიფიკაციის შესაძლებლობას, რომელიც ანაზღაურებას დაექვემდებარებოდა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების სამართალურთიერთობის ფარგლებში (იხ. სუსგ.№ას-797-764-2016, 03.10.2016წ). ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ დასკვნას შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ.

19. საკასაციო საჩივრით შედავებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილიც, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება მოწმეებად თ.ბ–ის, გ.ვ–ოსა და მ.ტ–ის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში ვლინდება სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი. შუამდგომლობის ავტორი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა, რომ ხსენებული მოწმეების დაკითხვით დადგინდებოდა საიჯარო ქონებათა მდგომარეობის იმგვარი ტექნიკური შეუსაბამობის არსებობის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირების გაგრძელებისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ხსენებულ პირთა მოწმის სტატუსით დაკითხვით მოპასუხე ცდილობდა განმარტებების შეტანას ამავე პირთა მიერ შედგენილი ტექნიკური შეუსაბამობის დასკვნებში, რომელთა მტკიცებულებითი ძალა, საკასაციო პალატამ წინამდებარე განჩინების 18.14. პუნქტში უკვე შეაფასა. სასამართლოს მოსაზრებით, საიჯარო ქონების ექსპლუატაციის შეუძლებლობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რომელზედაც დასკვნა, არსებული შეუსაბამობების ერთობლივად მხედველობაში მიღებით, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ უნდა იქნეს გაცემული (სსსკ 162-ე, 102-ე მუხლის მესამე ნაწილების შესაბამისად), ამდენად, ამგვარი კვალიფიკაციის არმქონე პირთა მოწმეებად დაკითხვით სადავო გარემოების დადგენის მიზანი ვერ მიიღწევა, რაც მათ მოწმეებად მოწვევაზე უარის თქმის საფუძველია (სსსკ 140-ე მუხლის მეოთხე ნაწილი).

20.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20.2. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური პრაქტიკა (საქმის ნომრებზე მითითებით მოხმობილია წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილში).

20.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილი 8000 ლარიდან 5600 ლარი ექვემდებარება მისთვის უკან დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „რ.ს–ო“-ს (ს/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება №418, გადახდის თარიღი: 31.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი