Facebook Twitter

ბს-671-24-გ-04 23 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

საკასაციო პალატამ სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 30 მარტს დუშეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა აპელანტმა ნ. მ-მა მოპასუხე დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, მესამე პირების: ც. ჩ-ისა და თ. გ-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოთხოვა მესამე პირებს შორის დადებული, სოფ. ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხე დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დავალდებულება 1999 წელს მის სახელზე გაცემული ¹...... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის რეგისტრაციის შესახებ:

მოსარჩელის მითითებით, 1999წ. 31 მაისის ¹..... მიწის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დუშეთის რაიონის სოფ. ბაზალეთის საკრებულოს 1992წ. 29 იანვრის დადგენილების საფუძველზე გაიცა, მას საკუთრებაში გადაეცა დუშეთის რაიონის სოფ. ...... მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო 1989 წელს გარდაცვლილი დედისაგან. 2000წ. 2 მარტს მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, რომელმაც განუმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა საკუთრებაში აღერიცხა მხოლოდ 0,22 ჰა ნაკვეთი, რადგან 0,15 ჰა უკვე გასხვისებული იყო მისი ძმისშვილის, ც. ჩ-ის, მიერ თ. გ-ზე, 1990წ. 5 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. მოსარჩელის აზრით, ნასყიდობის ხელშეკრულება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან ც. ჩ-ს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულების დადებაზე, რადგან იგი არ იყო სადავო ნაკვეთზე მდებარე სახლის მესაკუთრე.

თ. გ-მა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. ამასთან, შეგებებული სარჩელით მოითხოვა: ნ. მ-ისათვის დუშეთის რაიონის სოფ. ........ მდებარე მისი კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა, მათი ეზოს მიჯნაზე არსებულ ღობეში მოწყობილი შესასვლელის ამოქოლვა და კუთვნილი რკინის ალაყაფის კარის დაბრუნება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის განჩინებით, სსკ-ის 182-ე მუხლის, 179-ე მუხლის ,,დ" და 281-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ცალკე წარმოებად გამოიყო და შეჩერდა ნ. მ-ის სარჩელზე წარმოება დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ@¹136 მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით გადაცემული 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, 1990 წელს მესამე პირებს _ ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი 1990წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განჩინებით და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ის შუამდგომლობა და ერთ წარმოებად გაერთიანდა 1990წ. 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და ¹...... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის რეგისტრაციის შესახებ სარჩელები. დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ს უარი ეთქვა როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე, ასევე ¹136 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული 3500 კვ.მ ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, ხოლო თ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ. რაიონულ სასამართლოში საქმე განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 მარტის საოქმო განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ვინაიდან დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, კერძოდ, მხარე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელე (აპელანტი) ნ. მ-მა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა:

1. 1990წ. 5 აპრილს ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის დადებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება;

2. მისთვის 1999წ. 31 მაისის ¹..... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;

3. საჯარო რეესტრში თ. გ-ის სახელზე 0,15 ჰა მიწის ფართობის რეგისტრაციის გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ და 2004წ. 18 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად შემდეგი საფუძვლით გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რადგან დავას განაპირობებს სოფ. ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე 1990წ. 5 აპრილს ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. გ-ს მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა და საკუთრებად აღერიცხა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო სახლია განთავსებული. მოსარჩელეს კი მიაჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მხოლოდ მისი საკუთრებაა მემკვიდრეობით. ამდენად, სასამართლოს აზრით, სახეზეა სახელშეკრულებო, ქონებრივი და სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა ფიზიკურ პირებს შორის, რომელიც სამოქალაქო სამართლის ნორმებით წესრიგდება.

მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემული 3500 კვ.მ ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციისა და თ. გ-ის სახელზე 0,15 ჰა მიწის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, არ ცვლის დავის სამოქალაქო სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შესახებ დავის გადაწყვეტას ავტომატურად მოჰყვება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაც, რადგან თავისი არსით აღნიშნული მოთხოვნები ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თანამდევი შედეგის ტოლფასია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, ნ. მ-ის სარჩელისა და თ. გ-ის შეგებებული სარჩელის შესწავლის, ასევე საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. მ-ი სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული სარჩელით ითხოვს:

1. 1990წ. 5 აპრილს ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის დადებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას;

2. ¹..... მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემული 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციას;

3. საჯარო რეესტრში თ. გ-ის სახელზე 0,15 ჰა მიწის რეგისტრაციის გაუქმებას.

ამდენად, ნ. მ-ი ითხოვს ფიზიკურ პირებს შორის დადებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სადავო სახლი მხოლოდ მისი საკუთრებაა ანდერძისმიერი მემკვიდრეობით, რაც სამართლებრივად ფიზიკურ პირებს შორის სახელშეკრულებო და სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე დავაა და სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. ადმინისტრაციული ორგანოს, დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ ნ. მ-ის მოთხოვნა ქმედების განხორციელების თაობაზე (3500 კვ.მ ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია და თ. გ-ის სახელზე 0,15 ჰა ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება) კი სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნებიდან არსებითი და განმსაზღვრელია ც. ჩ-სა და თ. გ-ს შორის 1990 წელს დადებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების საკითხი, რომელიც უდავოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს წარმოადგენს და როგორც გადაწყდება სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შესახებ დავა, ანუ სასამართლოს მიერ ვისი საკუთრების უფლებაც იქნება აღიარებული (დაკანონებული) სადავო სახლზე, სახლის ქვეშ და მიმდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხიც შესაბამისად გადაწყდება. ამრიგად, მიწის რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტა სახლის ნასყიდობის შესახებ სამოქალაქო დავის განხილვის შედეგზეა დამოკიდებული. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სახეზეა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როცა სასამართლომ ცალკე წარმოებად უნდა გამოჰყოს და შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა დავის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წარმოების წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან რაიონულ სასამართლოში დავა ადმინისტრაციული წესით იქნა განხილული, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე ამ ეტაპზე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა იმსჯელოს დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ ადმინისტრაციული დავის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე, ამ ნაწილში ადმინისტრაციული საქმის შეჩერებაზე და სახლის ნასყიდობის შესახებ სამოქალაქო დავის განსჯადი სასამართლოსათვის, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის გადაცემაზე, როგორც ეს თავის დროზე სწორად განხორციელდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის განჩინებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.