20 დეკემბერი 2023 წელი
№ას-867-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შ.პ.ს. ,,ზ.ი.უ.ს."
შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ.ს.ს,,ს–ი"
აპელანტი (მოპასუხე) - შ.პ.ს. ,,კ...."
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთა, კონტრაფაქციული საქონლის განადგურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფ.ს.ს"ს–ი“-მ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.პ.ს. "კ...."-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: აეკრძალოს მოპასუხე შ.პ.ს. ,,კ....“-ს კომბინირებული სასაქონლო ნიშნის STOLICHNAYA (რეგისტრაციის ნომერი 35110) ან მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების, მათ შორის, სიტყვიერი აღნიშვნის STOLI შემცველი ეტიკეტის, გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშანი და რომელიც არ არის დამზადებული მის მიერ ან მისი ნებართვით. დაევალოს მოპასუხე შ.პ.ს. ,,კ....“-ის საკუთარი ხარჯით გაანადგუროს თავისი კუთვნილი და ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 25 მარტს შეჩერებული 19 052 ბოთლი (12 620 ბოთლი - 0.5ლ, 5460 ბოთლი - 0.7ლ და 972 ბოთლი - 1ლ) არაყი, რომელიც ნიშანდებულია მოსარჩელის კუთვნილი კომბინირებული სასაქონლო ნიშნის STOLICHNAYA (რეგისტრაციის ნომერი 35110) აღრევამდე მსგავსი ნიშნით და რომელიც განთავსებულია შ.პ.ს. ,,გ.პ “-ს (ს/ნ .......) საბაჟო საწყობში WHS250723971 (მდებარე თბილისი, .........., ს/კ N ........).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. "ზ.ი.უ.ს." და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“ მოცემულ საქმეში ჩაებნენ მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, ფ.ს.ს"ს–ი“-ს სარჩელი მოპასუხე - შ.პ.ს. "კ...."-ის მიმართ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებმა - შ.პ.ს. "ზ.ი.უ.ს."-ისა და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის წარმომადგენელმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. "ზ.ი.უ.ს."-ისა და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტები მოცემულ საქმეში მონაწილეობდნენ მესამე პირის სტატუსით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ისინი არ წარმოადგენდნენ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით შ.პ.ს. "ზ.ი.უ.ს."-ისა და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის წარმომადგენელმა გ.კ–ამ კერძო საჩივარი წარადგინა სასამართლოში.
6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით მათ შეეზღუდათ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გასაჩივრების უფლება, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1. მუხლით დაცული ფუნდამენტური უფლება - სასამართლოსათვის მიმართვის და მისი ხელმისაწვდომობის უფლება.
6.2. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, გადაწყვეტილება ბუნდოვანია, არ ირკვევა რომელი ეტიკეტის, ნიშანდებულის გამოყენება არის აკრძალული საქართველოს ტეროტორიაზე. ამასთან, იმ პირობებში, როცა სასაქონლო ნიშანი დაცულია სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოცემული დავის ფარგლებში ნებისმიერ პირს, მათ შორის სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს და მფლობელს აუკრძალოს სიტყვიერი აღნიშვნის შემცველი ეტიკეტის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სასაქონლო ნიშნების შესახებ მოქმედ კანონმდებლობასთან. სასამართლოს უნდა ემსჯელა აპელანტების კანონიერ უფლებებზე და მათი პროცესუალური სტატუსი სათანადოდ და არა მარტოოდენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა.
6.3. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია შეეხება ასევე იმას, რომ სასამართლოს არ უმსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 თებერვლის განჩინებაზე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულიც გასაჩივრებული იყო სააპელაციო საჩივრით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი შ.პ.ს. "ზ.ი.უ.ს."-ისა და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის წინააღმდეგ. ამასთან, მათ არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონიათ, როგორც მესამე პირებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს მათთვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას. შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს. ამასთან, დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018).
11. განსახილველი საქმიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორების სამართლებრივ სტატუსზე და მესამე პირის ცნებასთან კავშირში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაძლოა მისი უფლებების წინააღმდეგ იყოს მიმართული და აქედან გამომდინარე ის სარგებლობს მოსარჩელის ყველანაირი უფლება-მოვალეობით, მათ შორის ეძლევა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ აქვს და მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩამბული არის იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად ასაჩივრებს სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორები საქმეში ჩაბმული არიან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მათ წინააღმდეგ არ არის გამოტანილი და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არ არიან უფლებამოსილნი გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ №ას-254-239-2011, 11.05.2011).
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს (,,გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე №4451/70).
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დაცული სასამართლოსათვის მიმართვის და მისი ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან კერძო საჩივრის ავტორებისათვის თავიანთი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის და მისი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის შეზღუდული, ხოლო თავად გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებიან კერძო საჩივრის ავტორები, სააპელაციო წესით გასაჩივრებულია შ.პ.ს. ,,კ...."-ის მიერ (ტომი 3, ს.ფ. 225-226), რომლის მხარესაც ჩაბმული არიან მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მათ აქვთ საქმის სააპელაციო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება და კერძო საჩივარში მითითებულ საქმის მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ განაცხადონ საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლების მართებულობის შემოწმება და საკასაციო პალატა ვერ გასცდება არსებულ პროცესუალურ ფარგლებს და არ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებზე საქმის მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
17. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. (იხ. სუსგ-ები №ას-1771-2019, 08.05.2020; ას-1081-2019, 05.09.2019; ას-478-478-2018, 22.06.2018; №ას-25-25-2018, 04.05.2018; №ას-246-246-2018, 20.03.2018).
18. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, შ.პ.ს. ,,ზ.ი.უ.ს."-ის და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,ზ.ი.უ.ს."-ის და შ.პ.ს. „ე.ს.(კ) ლ.“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი