Facebook Twitter

26 დეკემბერი 2023 წელი №ას-1048-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ.თ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ბ–ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 07 ივნისს მ.ბ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე მ.თ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ......, ბინა N7, ს/კ ......, ფართით 110 კვ.მ.) გამოთხოვისა და ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..........., ბინა N7, ს/კ ........., ფართით 110 კვ.მ. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა N7, ს/კ ........, ფართით 110 კვ.მ. მესაკუთრეს.

5.2. სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს N7198-13 განჩინება, დამოწმების თარიღი 20.01.2021წ. (ტომი 1, ს.ფ. 20-21).

5.3. მოპასუხე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას.

5.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 168-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტი არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

5.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სარემონტო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა აბრკოლებს სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლებას და მიუთითა, რომ მოპასუხის მოთხოვნა სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის საფუძველი იყო და აღნიშნული უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა.

5.6. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულ სააპელაციო შედავებად ვერ მიიჩნია აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, სადავო ქონების რეალური ფართობი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფართზე 21.94 კვ.მ.-ით მეტი იყო და პალატამ განმარტა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში შესაფასებელი იყო ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება კი სცდებოდა წინამდებარე დავის ფარგლებს, მით უფრო იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომლითაც სადავო ფართის მესაკუთრე მოსარჩელეა, შედავებული არ იყო. ქონების აზომვით ნახაზში მითითებული მონაცემები კი ვერ გააქარწყლებდა საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტმა ვერ წარადგინა სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა 21.94 კვ.მ. ფართით მეტი ბინა, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და მოპასუხის საკუთრებაა. აღნიშნული წარმოადგენდა დასაბუთებულ სააპელაციო შედავებას და უტყუარად ადასტურებს იმ გარემებას რომ მოპასუხეს სადავო ბინა მართლზომიერ მფლობელობაში აქვს. შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი სადავო ბინის მთლიანად გამოთხოვის ნაწილში არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

6.2. სადავო უძრავი ქონების რემონტზე გაწეული ხარჯი შეადგენს 49 000 ლარს, რომელიც არ არის ანაზღაურებული და მხოლოდ ამ თანხის გადახდის შემდეგ უნდა მოხდეს უძრავი ქონების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა. აღნიშნული კი ქმნის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

6.3. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გარეშე შეაფასა და განიხილა მითითებული ფაქტობრივ გარემოებები, რაც კანონშეუსაბამოა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქონების ფართის და გაწეული ხარჯის შესახებ, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების სამტკიცებლად. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით კასატორს უარი ეთქვა თანხის დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ძირითადი სარჩელი და შეგებებული სარჩელი სხვადასხვა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარეობდა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება არ გამორიცხავდა პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილებას. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-731-2019, 28.06.2019წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.თ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გ.წ–ას (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 19287398344, გადახდის თარიღი: 08.11.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი