საქმე № ას-1275-2021 1 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დებულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, შრომის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითად შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ლ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი ან კასატორი) 1999 წლიდან დასაქმებულია სს „თ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე აპელანტი, კასატორი ან კომპანია) სხვადასხვა თანამდებობაზე. ამავე ორგანიზაციაში, მას ეკავა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა, სადაც მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4 400 ლარს (დარიცხული). დასაქმებული მოპასუხე კომპანიასთან იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში.
2. კომპანიის 2012 წლის 26 ივნისის #კ-111 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.11.2013 წლის გადაწყვეტილებით დასაქმებული თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 2012 წლის 26 ივნისის №კ-111 ბრძანება დასაქმებულის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომპანიის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
3.1. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი აღსრულების მიზნით სს ,,თ–სა“ და გ.ლ–ძეს შორის 22.12.2014 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გ.ლ–ძე სს ,,თ–ის“ მიერ აღდგენილი იქნა სააქციო საზოგადოებაში კომერციული საქმიანობის სამმართველოში კომერციული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა 4400 ლარით. ამავე ხელშეკრულების 2.1. მუხლით დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების (ფუნქციების) ჩამონათვალი განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით (დებულებით). 3.1. მუხლით თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებულს უფლება აქვს: ა) დამსაქმებლისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა; ასევე ისარგებლოს შინაგანაწესით და კოლექტიური შეთანხმებით დადგენილი შეღავათებით მისი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით (,,გ“ ქვეპუნქტი). 3.2. მუხლით თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებული ვალდებულია: ა) შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები; ბ) დაიცვას საზოგადოების შინაგანაწესი, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ნაწილს და ასევე საზოგადოებაში მოქმედი შიდანორმატიული აქტები; გ) დაიცვას თანამდებობრივი დებულება/ინსტრუქცია;
4. ხელშეკრულებაში, 2015 წლის 30 მარტს შეტანილი ცვლილებით, სიტყვების „კომერციული საქმიანობის სამმართველო“ შემდეგ თანამდებობის სახელი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით „ენერგო აღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახური, კომერციული ციკლის მართვის განყოფილება, თანამდებობა განყოფილების უფროსი“. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
5. მოსარჩელემ, 2014 წლის დეკემბერში კვლავ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზრაურება.
6. კომპანიის 2014 წლის 1 აგვისტოს #311 ბრძანებით დამტკიცდა კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულება, რომლითაც ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატები (იმდ) განმარტებულია მასტიმულირებელი ხასიათის გადახდა, რომელიც მუშაკისათვის დგინდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში თავისი შრომის შედეგებში დაინტერესების და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია შესასრულებელი სამუშაოს შედეგებიდან და ინდივიდუალური პროფესიული მომზადებიდან გამომდინარე.
7. მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 3.1. მუხლში გაწერილია შრომის ანაზღაურების სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც მუშაკების შრომის ანაზღაურების სტრუქტურა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი, ყოველთვიური პრემია (კატეგორიისათვის „მუშები“) და სხვა. ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე (3.2. მუხლი).
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 26 ივნისს ამოქმედდა კომპანიის მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ მეთოდიკა კომპანიის მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ დებულება), რომლის 5.3. მუხლის მიხედვით იმდ დარიცხული უნდა იქნეს ნამუშევარი დროის პროპორციულად. იმდ არ ერიცხება, როგორც მუშაკის ყოფნის პერიოდში: 5.4.1. შვებულებაში (ძირითადში და დამატებითში, ანაზღაურებადში და ანაზღაურების გარეშე დეკრეტულში და ბავშვის მოვლასთან დაკავირებით); 5.4.2. დროებითი შრომის უუნარობის პერიოდში; 5.4.3. იძულებითი მოცდენის პერიოდში; 5.4.4. ანაზღაურებადი სასწავლო შვებულების პერიოდში და სამუშაოდან თავისუფალ დღეებში. სამუშაოსა და სასწავლო დაწესებულებაში სწავლის შეთავსების შემთხვევაში. 5.4.5. საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში.
9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე სამუშაოზე აღდგენიდან დავის განხილვის მომენტამდე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი არ გაცემულა.
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. დასაქმებულმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა კომპანიის 2017 წლის 26 ივნისის #451 ბრძანებით დამტკიცებული მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის - კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ დებულების 5.4.5 პუნქტის დისკრიმინაციულად მიჩნევა, მოპასუხისთვის, იმდ-ს სახით ყოველთვიურად დარიცხული 1 100 ლარის დაკისრება 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მოპასუხე კომპანიისთვის ყოველთვიურად დარიცხული 1 100 ლარის იმდ-ს დაყოვნებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07% 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იმდ-ს ანაზღაურება 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში ყოველთვიური ხელფასის 4 400 ლარის 25 პროცენტის 1 100 ლარის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად, ასევე, კომპანიას დაეკისრა იმდ-ს დაყოვნების თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდა 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. დასაქმებულის სააპელაციო მოთხოვნა
12.1. დასაქმებულმა სააპელაციო საჩივარი წარადგინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით,
13. დამსაქმებლის სააპელაციო მოთხოვნა
13.1. დამსაქმებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დასაქმებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.3. პუნქტი #451 ბრძანებით დამტკიცებული კომპანიის მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის 5.4.5. პუნქტი, ასევე, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც 2019 წლის 15 ოქტომბრამდე ყოველთვიური ხელფასის 4 400 ლარის 25%-ის 1 100 ლარის დაკისრებას ეხებოდა და კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იმდ-ის ანაზღაურება 2015 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 2 დეკემბრამდე ყოველთვიური ხელფასის 4 400 ლარის 25%-ის 1 100 ლარის ოდენობით.
14.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე მოითხოვა 2017 წლის 26 ივნისის №451 ბრძანებით დამტკიცებული კომპანიის მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის - კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ დებულების 5.4.5. პუნქტის როგორც დისკრიმინაციულის ბათილად ცნობას. დებულების აღნიშნული ნორმის შესაბამისად ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი არ ერიცხებოდა მუშაკს საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში.
14.3. დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბრის თვეში დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სწორედ აღნიშნული სარჩელის წარდგენას უკავშირებდა მოსარჩელე მისთვის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გაუცემლობას და მიაჩნდა, რომ კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ დებულების 5.4.5. პუნქტის ჩანაწერიდან გამომდინარე დამსაქმებელი არ აძლევს მას დანამატს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა აღიარებითი სარჩელისათვის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი გარემოებები და მოსარჩელეს აქვს დაცვის ღირსი ინტერესი მოითხოვოს 2017 წლის 26 ივნისის №451 ბრძანებით დამტკიცებული კომპანიის მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის - სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ დებულების 5.4.5. პუნქტის ბათილად ცნობა.
14.4. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით დებულების 5.4.5. პუნქტი გაწერილი იყო იმდ-ს დადგენის თავში და იგი არ გულისხმობდა დამსაქმებლის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს ნებისმიერ დავაზე, არამედ მოიაზრებდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონკრეტულად ინდივიდუალურ მასტიმულირებელ დანამატთან დაკავშირებულ დავას, (დანამატის ოდენობის განსაზღვრის და სხვა), სააპელაციო სასამართლოს განმარტებით პირველ რიგში უნდა განმარტებულიყო, რამდენად შეესაბამებოდა კომპანიის წარმომადგენელის ზემოაღნიშნული მითითება დებულების 5.4.5. პუნქტში ჩამოყალიბებულ პირობას.
14.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 26 ივნისის №451 ბრძანებით დამტკიცებული კომპანიის მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის - სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ დებულება წარმოადგენდა შეთანხმებას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რომლითაც განსაზღვრული იყო დასაქმებულის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მთელი რიგი პირობები. შესაბამისად მისი განხილვაც უნდა მოხდეს, როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება ჩარევა ერთი მხრივ, კანონმდებლის მიერ, რაც გამოიხატება იმპერატიული ნორმების დადგენაში და, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ კანონის ან ხელშეკრულების პირობის სამართლიანი, მხარეთა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად განმარტების გზით, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის, როგორც ფასეულობის დაცვას. აღნიშნულის უპირველესი მიზანია „სუსტი“ მხარის დაცვა ხელშეკრულების უსამართლო დებულების მოქმედებისაგან, რაც თავის მხრივ იწვევს სასამართლოს ვალდებულებას, დაიცვას ეს უფლება.
14.6. 2017 წლის 26 ივნისის №451 ბრძანებით დამტკიცებული სს „თ–ის“ მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის - სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ დებულების 5.4.5. პუნქტის მიხედვით იმდ არ ერიცხება, მუშაკს საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში.
14.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმაში მითითებული იყო, დასაქმებული ვერ მიიღებდა იმდ-ს, შრომითი დავის დაწყების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ რა სახის ან საფუძვლით იქნებოდა გამოწვეული დავა. უდავო იყო ასევე, რომ მოსარჩელეზე, მისი სამუშაოზე აღდგენიდან (რა დროსაც უკვე მოქმედებდა იმდ-ს ანაზღაურების შესახებ დებულება) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, არ გაცემულა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი.
14.8. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დებულებით განსაზღვრული რომელიმე ისეთი გარემოების არსებობა, რაც დამსაქმებელს უფლებას მისცემდა მითითებულ პერიოდში მოსარჩელეზე არ გაეცა იმდ-ი. საყურადღებოა, რომ 2014 წელს დასაქმებულთან ერთად სარჩელი აღძრულია კომპანიის სხვა 10 თანამშრომლის მიერ და საქმეში არ წარდგენილა მტკიცებულებები, რომ აღნიშნული პირები იღებდნენ იმდ-ს, ან ვერ იღებდნენ იმის გამო, რომ არც მათი მონაცემები აკმაყოფილებდა იმდ-ის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნებს.
14.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ დებულების სადავო პუნქტი მხარეთა შორის არა მხოლოდ იმდ-სთან დაკავშირებულ არამედ ზოგადად ნებისმიერ დავას გულისხმობდა, რაც მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს აძლევდა საშუალებას უარი ეთქვა იმდ-ს გაცემაზე. ამდენად, მოსარჩელე სასამართლოს უთითებდა, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ არ მიუღია იმდ, რის გამოც კომპანიის ქმედება მის მიმართ დისკრიმინაციული იყო.
14.10. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დებულებით განსაზღვრული რომელიმე ისეთი გარემოების არსებობა, რაც დამსაქმებელს უფლებას მისცემდა მითითებულ პერიოდში მოსარჩელეზე არ გაეცა ინდ. მასტიმულირებელი დანამატი. რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენელის განმარტებას, რომ დასაქმებული არ იღებდა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატს, რადგან არ აკმაყოფილებდა დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე არაკვალიფიციურად უძღვებოდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება იგი დანიშნულიყო კომერციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ანუ მოსარჩელე ისე იკავებდა კომპანიაში კომერციული განყოფილების უფროსის პოზიციას, ხოლო შემდეგში კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების უფროსის პოზიცია, რომ მის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა, არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორის 2015 წლის 12 იანვრის №კ-13 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს ჯილდო კომპანიაში მუშაობის 15 წლიან სტაჟთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მითითებულ პერიოდში მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სამუშაოს მაღალხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და შემდგომი სტიმულირებისათვის, ელექტროენერგიის რეალიზაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ამაღლებისა და გეგმის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, საზოგადოების გეგმის კეთილსინდისიერად შესრულებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისა და მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ასევე მიღებული აქვს არაერთი საპატიო სიგელი.
14.11. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ სადავო დებულების ჩანაწერი, ობიექტურად და გონივრულად ამართლებს რაიმე მიზანს, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით. შესაბამისად, იმდ-სთან დაკავშირებით დავის პირობებშიც კი, მისი გაუცემლობის შესახებ დებულების პირობა უნდა შეფასებულიყო დისკრიმინაციულად.
14.12. მოსარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა, სამუშაოზე აღდგენის შემდეგ, წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე გასული სამი წლის პერიოდიდან, 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროის მონაკვეთში იმდ-ის მოპასუხისათვის დაკისრება იყო, ხელფასის 25%-ის ოდენობით.
14.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმდ-ს დაკისრებასთან დაკავშირებით მოსარჩელის სასარგებლოდ და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით უნდა გამოანგარიშებულიყო 2019 წლის 2 დეკემბრამდე, კერძოდ მოსარჩელისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე. ამასთან, მოსარჩელის უფლება იყო მიეღო კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ანგარიშსწორების დაყოვნების თითოეულ დღეზე 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
15. კომპანიის საკასაციო საჩივარი
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2. კასატორის განმარტებით იმდ მოსარჩელეს არ ჰქონდა დანიშნული და არც შრომის ანაზღაურების უპირობო ნაწილი არ ყოფილა. კომპანიაში იმდ ინიშნებოდა თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალური შეფასების შედეგად პერსონალის მართვის სამსახურისა და გენერალური დირექტორის მიერ.
15.3. კასატორის განმარტებით სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა, კერძოდ, მოსარჩელის მეორე მოთხოვნას წარმოადგენდა იმდ-ს დაყოვნების გამო 0.07% გადახდის დაკისრება 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით დააკმაყოფილა მოთხოვნა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2022 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება
18. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე 2019 წლის 2 დეკემბრიდან გათავისუფლდა მოპასუხე კომპანიიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
19. კომპანიის 2017 წლის 26 ივნისის №451 ბრძანებით დამტკიცებული მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის დებულების 5.4.5. პუნქტის მიხედვით ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი არ ერიცხება მუშაკს საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში.
20. დასახელებული დებულების ბთილად ცნობას ითხოვდა მოსარჩელე დისკრიმინაციული საფუძვლით, და განმარტავდა, რომ თავდაპირველად წარდგენილი სარჩელზე საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, სამუშაოზე აღდგენილს არ მიუღია ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი. მოსარჩელის მტკიცებით სწორედ თავდაპირველი სარჩელის წარდგენის გამო არ გაიცემოდა სამსახურში აღდგენის შემდეგ მასზე იმდ, რის გამოც ბათილად უნდა ცნობილიყო სადავო დებულების დასახელებული ნორმა.
21. აღნიშნულ საკითხზე მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის პოზიცია უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სადავო დებულება მხოლოდ იმდ-სთან დაკავშირებულ დავაზე მოქმედებდა, და არა ნებისმიერი საფუძვლით წარმოშობილ შრომით დავაზე მხარეთა შორის, ამასთან, მისივე განმარტებით ხელშეკრულების როგორც სამართლებრივი აქტის ჩამოყალიბების ტექნიკის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი დებულების სპეციალურ, იმდ-სთან დაკავშირებულ თავში იყო მოწესრიგებული რაც ავტომატურად გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავად სადავო ნორმითაა განსაზღვრული ამავე ნორმის მოქმედების ფარგლები, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლის მითითებები დაუსაბუთებელია. კერძოდ, სადავო ნორმით განსაზღვრულია, რომ იმდ არ ერიცხება, მუშაკს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში. ამდენად, თავად ნორმითაა განსაზღვრული, რომ დასაქმებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შრომითი დავის შემთხვევაში კარგავს იმდ-ის მიღების საშუალებას. ამასთანავე, დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის აღდგენიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელეზე იმდ არ გაცემულა, ხოლო, მოპასუხე კომპანიას დებულებით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებაზე, რომელიც იმდ-ს გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა არ მიუთითებია. აღსანიშნავია, რომ იმდ არ მიუღიათ კომპანიის იმ თანამშრომლებსაც, რომლებმაც ამჟამინდელი მოსარჩელის მსგავსად მანამდეც აღძრეს სარჩელი შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით კომპანიასთან.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა დასაქმებულისთვის იმდ-ს გაცემის შესაძლებლობას.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხე კომპანიისთვის იმდ-ს დაყოვნებისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების თაობაზე 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმაოდგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს (იხ. სუსგ-ებიN996-2019,20 სექტემბერი,2019წ. №ას-82-82-2018, 09 მარტი, 2018 წელი, Nას-699-653-2017, 30.06.2017; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი).
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:
27. სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს , რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
28. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების, დავის საგნისა და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილის - 1250 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
30.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.ლ–ძის სარჩელი სს „თ–ისთვის“ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების თაობაზე 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე არ დაკმაყოფილდეს;
3. გ.ლ–ძის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგისთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. სს „თ–ს“ გ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 1 250 ლარი;
4. გ.ლ–ძეს, სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი - 101.16 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე