საქმე №ას-18-2024 01 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.მ–უ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ე–ის (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით,
ი.მ–უს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.ე–ისს ი.მ–უს სასარგებლოდ დაეკისრა 7678,6 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, იმ ნაწილში რომ ქონების გასხვისების შემთხვევაში მოპასუხემ აცნობოს ი.მ–უს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებას აპირებს ის მესამე პირთან.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 384 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.
6.კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ეცნო განჩინების შინაარსი 2024 წლის 17 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 18 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 24 იანვარს.
7. 2024 წლის 25 იანვარს კასატორმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დამატებითი ვადის მიცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ–უს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 384 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.
6. კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ეცნო განჩინების შინაარსი 2024 წლის 17 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 18 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 24 იანვარს.
7. 2024 წლის 25 იანვარს კასატორმა საკასაციო საჩივარი ჩააბარა ფოსტას, შესაბამისად, ამავე დღეს იგულისხმება, რომ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დამატებითი ვადის მიცემა.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ერთი დღის დაგვიანებით წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ მან გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ასევე განუხილველად უნდა დარჩეს მისი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი ვადის მიცემის შესახებ.
20. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–უს წარმომადგენლის, ე.გ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი ვადის მიცემის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. ი.მ–უს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე