საქმე №ას-1316-2023 22 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მახუნცეთის საჯარო სკოლა (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული) სარჩელი სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი, სკოლა) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 23 ივნისის ბრძანება N01-05/02 სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლ.გ–ძისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; ლ.გ–ძე აღდგენილ იქნა სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე; სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლას ლ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 23 ივნისიდან ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი 1138.41 (ათას ას ოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში; სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლას ლ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 1000 ლარის ანაზღაურება.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ არგუმეტებზე: 1) სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, მოსარჩელე უთითებდა, რომ ადგილი არ ჰქონია ძალადობის ფაქტს, მოსარჩელის პოზიციაა აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება, რომელზეც აფუძნებს საკუთარ მოთხოვნას, შესაბამისად, თვითონ იყო ვალდებული დაემტიცებინა ამ გარემოების ნამდვილობა, რომლის საპირისპიროს დადასტურების მტკიცების ტვირთი სასამართლომ არასწორად გადააკისრა მოპასუხე მხარეს. ამასთან, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დასაბუთების მტკიცების ტვირთი იმ შემთხვევაში გადადის დამსაქმებელზე, თუ გათავისუფლების ბრძანება არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კი ეწინააღმდეგება როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ასევე სსსკ-ის 102-ე მუხლს. აქედან გამომრინარე, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-5 მუხლი, რომელიც სამართალწარმოების დროს თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს. 2) ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, რომ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი იყო მხოლოდ ბავშვების უნებართვოდ მიტოვება და მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. სინამდვილეში კი, გათავისუფლების საფუძველი დამატებით იყო მოსწავლის მშობლის არათავაზიანი მოპყრობა, სკოლის დირექტორის კაბინეტში კონფლიქტური გარემოს შექმნა, დირექტორის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა საგაკვეთილო ცხრილის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით. 3) კასატორის მითითებით, მოსარჩელე მხოლოდ ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტს ხდიდა სადავოდ, ხოლო დანარჩენ შემთხვევებს (გაკვეთილის უნებართვოდ მიტოვება, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, დირექტორის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა) - არა, შესაბამისად აღნიშნული არასადავო გარემოებები უნდა ყოფილიყო ფაქტად აღიარებული. 4) მასწავლებლმა გაკვეთილი მიატოვა არასაპატიოდ, რასაც მოსარჩელეც აღიარებს, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საპატიოა, რაც დაუსაბუთებელია. 5) სასამართლომ არასწორად გამოიკვლია გარემოებები ძალადობასთან დაკავშირებით, რადგან მოწმის ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების ხერხს, როდესაც მისი შინაარსი დასჯადია (იქნება ის ჩადენილი, მაგალითად, წიგნით თუ ფურცლებით).
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:
11.1. ლ.გ–ძე 1995 წლიდან გათავისუფლებამდე (23.06.2021წ.) მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამდენად, იგი უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან. ბოლო შრომითი ხელშეკრულება N26 - გაფორმდა 2020 წლის 15 სექტემბერს, ერთი წლის ვადით, 2021 წლის 15 სექტემბრამდე.
11.2. 2021 წლის 21 ივნისის სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის N6 ოქმით ირკვევა, რომ დღის წესრიგით განიხილებოდა სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ.გ–ძის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ მშობლების განცხადების საფუძველზე. საქმის მოკვლევის პროცესში ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ თვითმხილველ მოსწავლეებს და მშობლებს. 2021 წლის 27 მაისს, სკოლის დირექციაში შევიდა მე-8 კლასის მოსწავლეების: ლ.თ–ძის და თ.თ–ძის განცხადებები იმის შესახებ, რომ ლ.გ–ძემ მე-8 კლასის ყველა მოსწავლეზე და მათ შორის, მათ შვილებზეც იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, კლასის ყველა მოსწავლეს ჩაარტყა წიგნი. აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა ლ.ფ–ძემ და ე.შ–ძემ, რომლებიც ონლაინ ესწრებოდნენ სხდომას. ახსნა-განმარტების მიცემისგან თავი შეიკავა სამმა მოსწავლემ და მათმა მშობლებმა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლ.გ–ძეს სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს ფოსტისა და EFLOW-ის მეშვეობით, თუმცა, ის არც სხდომაზე გამოცხადდა და არც რაიმე წერილობითი მოსაზრება წარუდგენია დისციპლინარული კომიტეტისათვის. მოკვლევის შედეგად დადგინდა სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლ.გ–ძის დისციპლინური გადაცდომა. შედეგად, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლ.გ–ძეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის, რაც გამოიხატა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევაში, საგაკვეთილო პროცესის თვითნებურად მიტოვებასა და მოსწავლეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში, დისციპლინური სახდელის სახით უნდა შეფარდებოდა სამსახურიდან გათავისუფლება
11.3. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ 2021 წლის 23 ივნისის N01-05/02 ბრძანებით, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლ.გ–ძეს შეუწყდა 2020 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული N26 შრომითი ხელშეკრულება (გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან) 2021 წლის 23 ივნისიდან. განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა საგაკვეთილო პროცესის 12 წუთის განმავლოაბში თვითნებურ მიტოვებაში, მოსწავლეებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში (წიგნის თავში ჩარტმა) და მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიური) ზეწოლაში.
11.4. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორის შეტყობინების საფუძველზე, ქედის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ლ.გ–ძის მიერ სკოლის მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1,,ა“ და ,,გ“ ნაწილებით. თუმცა, გამოძიება ამჟამად დასრულებული არ არის.
11.5. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ 2018 წლის 23 მაისის N01-07/1 ბრძანებით, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლ.გ–ძეს, შინაგანაწესის დარღვევის გამო, კერძოდ, მე-9 და მე-5 კლასების ჟურნალში ნიშნების გადასწორებისასთვის, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა საყვედური.
11.6. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ 2019 წლის 11 ოქტომბრის N01-07/01 ბრძანებით, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლ.გ–ძეს, შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში და არაერთგზის დარღვევის გამო, კერძოდ, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა, ინვენტარის განზრაზ დაზიანება, მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სამსახურში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა, დისციპლინური სახდელის სახით მიეცა სასტიკი საყვედური.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებებზე და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 მუხლი „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“; სშკ-ის 58-ე მუხლი „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ მუხლები.
13. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლებით რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
14. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი.
15. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური გამოყენებით იქმნება მოქმედების ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოსაყენებელია ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ: სუსგ-ები №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.).
18. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ (,,დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“) ქვეპუნქტი. დამსაქმებლის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმით თანაშრომლის სამსახურიდან დათხოვნა გამოიხატა საგაკვეთილო პროცესის 12 წუთის განმავლობაში თვითნებურ მიტოვებაში, მოსწავლეებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში და დირექტორის კაბინეტში არეულობის შექმნაში. საკასაციო პალატა ზემოთგანვითარებული მსჯელობის საფუძველზე, იზიარებს რა ქვედა ინსტანციების დასაბუთებას, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, დამსაქმებლისკენ შეტრიალდა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების დასაბუთების მტკიცების ტვირთი, რადგან, ერთი მხრივ, მას, როგორც ურთიერთობის ძლიერ მხარეს შესწევს ძალა ეფექტურად უზრუვნელყოს ფაქტების დადგენა, რაც ათანაბრებს მის საპროცესო უფლებებს „სუსტ მხარესთან“ (ზემოთ განვითარებული მსჯელობა), ხოლო, მეორეს მხრივ, ნეგატიური სახის ფაქტის დადასტურების (ამ საქმის მიზნებისთვის) ვალდებულება ვერ დაეკისრება იმ მხარეს, რომელიც საკუთარი ბრალეულობის გამორიცხვის მტკიცებაშია, რადგან ქმედების მართლზომიერების დადგენა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამკიცებას. აქედან გამომრინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფატობრივი გარემოება, რომ სახეზე არ იყო ისეთი ქმედება ჩადენილი, რაც დამსაქმებელს მისცემდა შესაძლებლობას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან თანაზომიერად დაეთხოვა დასაქმებული.
20. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მასწავლებლის უკანონო ქმედებების, როგორც ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხეს უნდა წარედგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთება ლ.გ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას, თუმცა, როგორც ქვედა ინსტანციების სასამართლოებში დადგინდა, მოწმეების ურთიერთგამომრიცხავმა ჩვენებებმა ვერ დაადასტურა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები: მოწმეების სახით დაკითხულმა მოსწავლეების მშობლებმა, ბებიამ და სხვა პედაგოგების ნაწილმა აღნიშნა, რომ უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ნაწილი აცხადებდა, რომ ძალადობის ფაქტს ჰონდა ადგილი, ან - პირიქით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებები ვერ მიიჩნია საკმარისად იმისთვის, რომ მასწავლებლის მხრიდან ძალადობის ფაქტი დადასტურებულიყო, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
21. რაც შეეხება დირექტორის ოთახში მომხდარი არეულობის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტში, თუნდაც დადასტურებულიყო დასაქმებულის ბრალეულობა, ვერ იქნება მისი სამსახურიდან გათავისუფლების პირობა, რადგან, როგორც აღინიშნა, არ არის თანაზომიერი ბმა სანქციასა და ქმედებას შორის.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მახუნცეთის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მახუნცეთის საჯარო სკოლას (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №106, გადახდის თარიღი 1.11.2023), 2049.20 ლარის 70% - 1 434.44 ლარი;
3. ლ.გ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის საადვოკატო ხარჯის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მახუნცეთის საჯარო სკოლას (.....) დაეკისროს ლ.გ–ძის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 400 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე