Facebook Twitter

საქმე №ას-1126-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - რ.ხ–ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ა–ვი (შემდგომში მოსარჩელე,) არის ე.ა–ვის (შემდგომში მოსარჩელის მამა, მოპასუხის ბიძა, მარწმუნებელი ან მიმნდობი) შვილი. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 2019 წლის 2 ივლისს. 2021 წლის 24 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ, როგორც მამის მემკვიდრემ, მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად (სამკვიდრო აქტივები და პასივები);

2. მოსარჩელის მამა არის რ.ხ–ოს (შემდგომში მოპასუხე, რწმუნებული, მინდობილი პირი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) ბიძა.

3. 2017 წლის 27 ივნისს დამოწმებული რწმუნებულების/მინდობილობის თანახმად, მოსარჩელის მამამ, როგორც მიმნდობმა მოპასუხეს, როგორც მინდობილ პირს, მიანიჭა უფლებამოსილება თავისი შეხედულებისამებრ გაეყიდა მიმნდობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........ (საკადასტრო კოდი: .......), ყოფილიყო მიმნდობის წარმომადგენელი იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, შეეკრიბა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, დაედო და შეეტანა ცვლილება და/ან გაეუქმებინა შესაბამისი ხელშეკრულება, მიეღო კუთვნილი თანხა, მოეწერა ხელი მის მაგივრად შესაბამისი ხელშეკრულებისათვის, გადაეხადა ყველა გადასახადი და შეესრულებინა ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებული იყო ამ დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაიცა ერთი წლით - 2018 წლის 27 ივნისამდე.

4. 2017 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, კ.მ–მა (როგორც გამყიდველმა) მოპასუხეს (როგორც მყიდველს) მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........ (საკადასტრო კოდი: ........) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 21 000,00 აშშ დოლარით. 2017 წლის 5 ივნისს უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის სახელზე.

5. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2019 წლის 26 სექტემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ინსპექტორ-გამომძიებელი ზეპირსიტყვიერად გაესაუბრა მოპასუხეს, რომელმაც განმარტა, რომ მან გაყიდა ბიძის კუთვნილი ბინა, რომელთანაც სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, გაყიდული ბინის საფასურიდან ნახევარი უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის და დარჩენილი ნახევრით ბიძისთვის ეყიდა ბინა. მოპასუხემ დარჩენილი თანხით იყიდა სადავო ბინა, სადაც ცხოვრობდა ბიძასთან ერთად. ოქმს ხელს აწერს მოპასუხე და ინსპექტორ-გამომძიებელი.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ....... (საკადასტრო კოდი: ........) მესაკუთრედ ცნობა.

6.2. მოსარჩელის განცხადებით, მამამისს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მან მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა და მინდობილ პირს მიანიჭა უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ........ (საკადასტრო კოდი: ......)) გაყიდვის უფლებამოსილება. შეთანხმების თანახმად, მიღებული თანხის ნახევარს მოპასუხე გადასცემდა მოსარჩელეს, მის დას და დედას, დარჩენილი თანხით კი, მიმნდობს (მოსარჩელის მამას) შეუძენდა ქონებას. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მოპასუხემ გაყიდა ქონება 50 000 აშშ დოლარად, მოსარჩელეს, მის დას და დედას გადასცა 24 000 აშშ დოლარი, ხოლო 21 000 აშშ დოლარად თვითონ შეიძინა სადავო უძრავი ქონება. ამ ბინაში ცხოვრობდა მოსარჩელის მამა, რომელსაც ბინა ეგონა თავისი და შემთხვევით შეიტყო, რომ მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, რის გამოც დასახმარებლად მიმართა შვილს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსარჩელის მამა მალევე გარდაიცვალა და ამის შემდგომ, მოპასუხეს არაერთხელ მიმართა მოსარჩელემ უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მინდობილობით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად, ხოლო მიმნდობისთვის ბინის შეძენის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა. მოპასუხეს ეკისრებოდა მხოლოდ ბიძის კუთვნილი ბინის გასხვისება და თანხის ნაწილის მისთვის გადაცემა (რაც გააკეთა კიდეც), ხოლო სადავო ბინა მან შეიძნა საკუთარი სახსრებით.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

9. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 709-ე-710-ე, 327-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელის მამას შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2017 წლის 27 ივნისის მინდობილობით განსაზღვრული პირობების გარდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხე შეასრულებდა მინდობილობით განსაზღვრულ პირობებს (გაყიდდა ბიძის უძრავ ქონებას), თანხის ნაწილს გადასცემდა მოსარჩელეს, მის დას და დედას, ხოლო დარჩენილი ნაწილით ბიძას უყიდდა ბინას. ამასთან, ვინაიდან მხარეები მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადაზე არ შეთანხმებულად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ შესრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.

11. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

11.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 709-ე-710-ე, 327-ე მუხლები და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მინდობილობით ნაკისრი ვალდებულება. სინამდვილეში, მოპასუხეს არ ეკისრებოდა ბიძისთვის ბინის ყიდვის ვალდებულება, მას გაყიდული ბინის ღირებულების ნაწილი უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის, მისი დისა და დედისთვის, დარჩენილი თანხა კი - ბიძისთვის, რაც გააკეთა კიდეს. სადავო ბინა კი მოპასუხემ შეიძინა საკუთარი სახსრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მინდობილობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების (ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხის მარწმუნებლისთვის გადაცემის) ფაქტი, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ არსებობდა სადავო ბინის მესაკუთრედ მარწმუნებლის მემკვიდრის ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

16. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ საქმე №ას-860-860-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს ევალებოდა მარწმუნებლის უძრავი ქონების გაყიდვა, გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილის მოსარჩელისთვის, მისი დისა და დედისთვის გადაცემა, ხოლო დარჩენილი ნაწილით მარწმუნებლისთვის ბინის შეძენა.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლი, ხოლო მოპასუხე მხარის (კასატორის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების (მარწმუნებლისთვის ბინის შეძენის) ფაქტის დადასტურება.

19. კასატორი აცხადებს, რომ მან ბიძის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად - გაყიდა მინდობილი საკუთრება და მიღებული თანხის ნაწილი შეთანხმებისამებრ გადასცა როგორც მოსარჩელეს, მის დასა და დედას, ასევე თავად მარწმუნებელს, ბინის ყიდვის ვალდებულება კი მას არ გააჩნდა.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

21. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. ამრიგად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

23. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არაა რწმუნებულის მიერ მინდობილი საკუთრების გაყიდვის ფაქტი, მოსარჩელის მტკიცება, რომ რწმუნებულმა (მოპასუხემ) ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა დანიშნულებისამებრ არ გამოიყენა, მტკიცების ტვირთს აბრუნებს მოპასუხის მხარეს, რომელსაც ეკისრება ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაბამისად გამოყენების დადასტურების ვალდებულება.

24. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა (2017 წლის 27 ივნისის რწმუნებულება; შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის 2019 წლის 26 სექტემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმი) და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შეფასებით, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მითითებული მტკიცებულებები ადასტურებენ რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის იმგვარი შეთანხმების (დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის) არსებობას, რაც გულისხმობს, არა მინდობილი საკუთრების გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილის რწმუნებულის მიერ მარწმუნებლისთვისთვის გადაცემის, არამედ ამ თანხით მისთვის ბინის შეძენის ვალდებულებას (შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის 2019 წლის 26 სექტემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმში მოპასუხე განმარტავს, რომ მასსა და მარწმუნებელს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბიძის კუთნილი ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნახევარი რწმუნებულს უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის, დარჩენილი ნახევრით კი, მარწმუნებლისთვის უნდა შეეძინა ბინა. მან ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნახევრით შეიძინა სადავო უძრავი ქონება და მარწმუნებლის ნებართვით, დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ (იხ. ტ. 1. ს.ფ 131); ამ დასკვნის გამაბათილებელი რაიმე საპირწონე, რელევანტური მტკიცებულება მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, კასატორი ვეც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ მინდობილი საკუთრების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი გადასცა მან მარწმუნებელს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტაცია (მაგ. თანხის ადრესატისთვის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ადრესატის მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი ხელწერილი და ა.შ), რაც აღნიშნულს დაადასტურებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა მის მიერ დავალების ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. მხარის მხოლოდ ზეპირი სახის ახსნა-განმარტება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას რელევანტურ მტკიცებულებად, რაც გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილების შესაძლებლობას.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-431-414-2016, 8 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-1139-1059-2017, 31 ივლისი, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 728.50 ლარის 70% – 509.95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ხ–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. რ.ხ–ოს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 29/09/2023), 2 817.36 ლარის 70% - 1 972.15 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე