Facebook Twitter

საქმე №ას-1306-2019 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ შ.ხ–ია, ზ.ხ–ია, ს.ხ–ია, მ.ხ–ია, ნ.რ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს მისო „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს მისო „ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ხ–იას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), ზ.ხ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“), ს.ხ–იას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“), მ.ხ–იას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“ ან „მეოთხე კასატორი“) და ნ.რ–ძის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“ ან „მეხუთე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა პირველ მოპასუხეს დაეკისროს: 7 507,94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 331 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 899,94 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 277 აშშ დოლარი; პროცენტის გადახდა - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 3%-ის, 99,93 აშშ დოლარის ოდენობით 13.04.2017 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 0,07%-ის, 2,33 აშშ დოლარის ოდენობით 13.04.2017 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი .........., ს.კ. .........., იძულებით რეალიზაცია; ასევე, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიეს და მისი შემცირება მოითხოვეს.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 600,94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 3 331 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად დავალიანებას, 1 899,94 აშშ დოლარი პროცენტს, ხოლო დანარჩენი პირგასამტეხლოს; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი .........., ს.კ. ......., ასევე, დავალიანების სრულად დაუკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. აპელანტის მტკიცებით, მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო ვადაგადაცილებისათვის პროცენტის გადახდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.

5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით მოპასუხეებს საკუთარი მოსაზრებები სააპელაციო შესაგებლით არ წარუდგენიათ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2019 წლის 18 თებერვალს 14:00 საათზე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა მოპასუხეთა მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 3%-ის, 99,33 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის 13 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 0,07%-ის (2,33 აშშ დოლარი) ოდენობით 2017 წლის 13 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოპასუხეები გაფრთხილებულები იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით. კერძოდ, საქართველოს ფოსტის უკუგზავნილებზე განხორციელებული ჩანაწერებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხის მიმართ გაგზავნილი როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სასამართლო უწყება, მას პირადად ჩაბარდა 2019 წლის 23 იანვარს 13:12 საათზე, ხოლო დანარჩენი მოპასუხეებისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილები - სააპელაციო საჩივრები და შესაბამისი უწყებები გადასაცემად ჩაბარდა პირველ მოპასუხეს, როგორც მათი ოჯახის წევრს - მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების მამასა და მეხუთე მოპასუხის მეუღლეს; მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეები/მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოცხადნენ; 2019 წლის 18 თებერვალს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და იშუამდგომლეს სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდნენ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას; სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სხდომის გადადებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3, 216.1, 102-103-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეები სასამართლო სხდომის გადადების საფუძვლად მიუთითებდნენ პირველი მოპასუხის ავადმყოფობაზე, თუმცა მათ სასამართლოს არ წარუდგინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისი, სათანადო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე პირველი მოპასუხის გამოცხადების შეუძლებლობაზე. კერძოდ, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხე 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა არა სტაციონალურ, არამედ ამბულატორიულ მკურნალობაზე დიაგნოზით შაქრიანი დიაბეტი, ტ-2, E 9 11. აღნიშნულ ცნობაში მითითებული არ არის, რომ მისი გაცემის დროს პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც შეძლო ამბულატორიულ დაწესებულებამდე გადაადგილება, შეუძლებლს ხდიდა მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ასევე, ამავე ცნობითვე დადგენილია, რომ იგი გაცემულია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და დადასტურებულია შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით, არამედ ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დამოწმებულია მისივე პირადი ბეჭდით.

10. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება (ავადმყოფობა) და ამ გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი მკურნალის ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლებოდა 2019 წლის 18 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რაც გამორიცხავდა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გარდა ზემოთქმულისა, ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარის - პირველი მოპასუხის გამოუცხადებლობა, თუნდაც საპატიო მიზეზით, არ შეიძლება შეფასებულიყო დანარჩენი მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. მათ არ მიუთითებიათ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამდენად, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2, 387.3, 230.1, 230.2 მუხლებით და დამტკიცებულად მიიჩნია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ფაქტობრივი თვალსაზრისით, ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებული 30.09.2013წ. N1976 სესხის ხელშეკრულების 2.11-2.13 პუნქტებს, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობასა და მისი დარიცხვის წესზე. ამდენად, პირველმა მოპასუხემ იცოდა, რომ მას სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხის 0,07% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყებოდა ვალდებულებების დარღვევიდან მეორე დღეს და შეწყდებოდა მოპასუხის მიერ გადახდის შემთხვევაში ან იძულებითი ამოღებისას. იმავე სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანხმად, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომლითაც მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე;

- მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე, ფაქტობრივი თვალსაზრისით, ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ 30.09.2013წ. N1976 ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრა, რომ სესხი არის პროცენტიანი (3%). იმავე ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მოსარჩელის მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე). ხოლო, 5.1.3 პუნქტის თანხმად, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 3%-ის ოდენობით;

- მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, ფაქტობრივი თვალსაზრისით, ეფუძნება მხარესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტს, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე , 317-ე, 319-ე, 361-ე, 623- ე, 625-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე,420-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრით წარდგენილ მოთხოვნებს.

13. ამრიგად, ვინაიდან მოპასუხეები სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდენ, ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

14. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. საჩივრის ავტორების განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს ან სააპელაციო საჩივარს. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთ წინაპირობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახის უფროსის - პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გაუარესებით, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე ეცნობა სასამართლოს. მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა და ითხოვეს სხდომის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა სასამართლომ მოპასუხეთა თხოვნა და ის გარემოება, რომ საქმისადმი ინტერესი არ ჰქონდათ დაკარგული, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და სხდომა სხვა დროისათვის არ გადადო.

15. საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, რაც ასევე გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. მათი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ და რატომ დააკისრა მოპასუხეებს 2017 წლის 13 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 3%-ის, ანუ 99,33 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 0,07%-ის, ანუ თვეში 70 აშშ დოლარის გადახდა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარეები გაფრთხილებულები იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით; სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტში - მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილ და დამოწმებულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ პირველი მოპასუხე 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, ტ-2, E 11. ცნობაში მითითებული არ არის იმის თაობაზე, რომ ექიმთან ვიზიტი განაპირობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი არ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა 2019 წლის 18 თებერვალს პირველი მოპასუხის ავადმყოფობის ფაქტი და სასამართლოში, როგორც მისი, ასევე დანარჩენი მოპასუხეების გამოცხადების შეუძლებლობა.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 230-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში (ასევე სარჩელში) შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0,07%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე; ასევე, გათვალისწინებული იყო სესხის ძირი თანხის - 3 331 აშშ დოლარის ყოველთვიური 3%-ის გადახდა, 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის, პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნელივ აღსასრულებლად მიქცევა, სრულად გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე , 317-ე, 319-ე, 361-ე, 623- ე, 625-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნებიდან, რაც ადასტურებდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სწორად შეფასდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების იურიდიული მართებულობა.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, ასევე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს

20. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეთა გამოცხადება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული;

20.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს ან სააპელაციო საჩივარს. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ წინაპირობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახის უფროსის - პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გაუარესებით, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე ეცნობა სასამართლოს. სწორედ ამ გარემოებამ შეუშალა ხელი მოპასუხეებს წასულიყვნენ ქუთაისში და სასამართლო სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ. მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა და ითხოვეს სხდომის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა სასამართლომ მოპასუხეთა თხოვნა და ის გარემოება, რომ საქმისადმი ინტერესი არ ჰქონდათ დაკარგული, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და სხდომა სხვა დროისათვის არ გადადო;

20.3. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, რაც ასევე გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ და რატომ დააკისრა მოპასუხეებს 2017 წლის 13 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 3%-ის, ანუ 99,33 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად ძირითადი თანხის - 3 331 აშშ დოლარის 0,07%-ის, ანუ თვეში 70 აშშ დოლარის გადახდა;

20.4. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა საჩივრის არდაკმაყოფილებით უკანონოდ მოუსპო მათ დავის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლობის დამტკიცების შესაძლებლობა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორები დავობენ, რომ სახეზე იყო მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.

24. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

25. ამდენად, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. თუმცა, იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფორმალური წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, იმავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე Nას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; Nას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).

28. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოწინააღმდეგე მხარე -მოპასუხეები კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულები იყვნენ სააპელაციო სასამართლოს 18.02.2019წ. სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის თაობაზე; საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისინი 18.02.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, ხოლო აპელანტმა იმავე სხდომაზე იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2019წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 205-206, ასევე, CD დისკი), რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. კასატორები დავობენ, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

30. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

31. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე სააკასაციო საჩივარი ემყარება იმას, რომ მოპასუხეები საპატიო მიზეზით - პირველი მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდნენ 18.02.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე. მოპასუხეებმა აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს პირველი მოპასუხე იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე დიაგნოზით: შაქრიანი დიაბეტი, ტ-2, E11, რისთვისაც დაენიშნა შესაბამისი მკურნლობა (იხ. ს.ფ. 204). თუმცა, აღნიშნული ცნობა არ აკმაყოფილებს იმ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომლებიც ამგვარ დოკუმენტს წაეყენება. კერძოდ, მოპასუხეთა მიერ წარდგენილ ცნობაში არ არის მითითებული და არც მისი შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირველ მოპასუხეს არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებული ცნობა სასამართლოში წარდგენილია ასლის სახით და ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, არამედ მკურნალი პირის მიერ. აღნიშნული გარემოებები კი, საკასაციო სასამართლოს არ უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ პირველი მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

32. დანარჩენი მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ საქმეში მოპასუხეთა სიმრავლის შემთხვევაში, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) არ წარმოადგენს დანარჩენი მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორების მითითება, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო პირველი მოპასუხის, როგორც ოჯახის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირველი კასატორის სასამართლო სხდომაზე გამოუცადებლობის საპატიო მიზეზის დადასტურების შემთხვევაშიც, კასატორებს არ მიუთითებიათ კონკრეტულ გარემოებებზე, რამაც ხელი შეუშალა მათ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის საფუძვლით არ არსებობს.

34. კასატორები აგრეთვე დავობენ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის [თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე] შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე) (იხ. სუსგ საქმე Nას-1046-1003-2014, 16 თებერვალი, 2015 წელი).

36. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის/სააპელაციო საჩივრის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ საქმე Nას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018 წელი).

37. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, გათვალისწინებული იყო სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 3%-ის გადახდა, 13.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

40. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი; Nას-408-381-2017, 30 ივნისი, 2017 წელი).

41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო, იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

43. მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

46. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორების მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.ხ–იას, ზ.ხ–იას, ს.ხ–იას, მ.ხ–იას და ნ.რ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი