Facebook Twitter

საქმე №ას-1127-2023 8 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „ს.ტ. და ე–ი“, დ.თ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – აქციათა რეესტრში ცვლილებების შეტანის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ტ. და ე–ის“ და დ.თ–იას (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ აქციათა რეესტრში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „ს.ტ. და ე–ს“ და დ.თ–იას დაევალათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით იმ საფუძვლით, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ახერხებს ხარვეზის შევსებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ტ. და ე–ის“ და დ.თ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლის სახით და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება კიდევ 10 დღით იმ საფუძვლით რომ კასატორებს აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რაც ასევე დავალებული ჰქონდა ხარვეზის განჩინებით.

ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მსჯელობამდე, კასატორების წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით და საკასაციო საჩივარი დედნის სახით, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სს „ს.ტ. და ე–ის“ და დ.თ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 (ხუთი) დღით გაგრძელების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სს „ს.ტ. და ე–ის“ დირექტორს დ.თ–იას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა განაცხადა, რომ კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს გონივრულ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სს „ს.ტ. და ე–ის“ და დ.თ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის დამატებით 5 დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სს „ს.ტ. და ე–ის“ დირექტორს დ.თ–იას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა განაცხადა, რომ კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს გონივრულ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის შეუძლებლობაზე. მას ასევე არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით, რომლის წარმოდგენაც ასევე დავალებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით. აღნიშნულის მიზეზად კასატორების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ დ.თ–იას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ახერხებს მასთან საქმის შესახებ გასაუბრებას, თუმცა კასატორის ჯანმრთელობის მდგომარობის დამატასრურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი და კასატორებს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2023 წლის 18 სექტემბერი) გასულია 90 დღეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მხარეს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ტ. და ე–ის“ და დ.თ–იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს სს „ს.ტ. და ე–ის“ (ს/კ ......) და დ.თ–იას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ.ტ–ის (პ/ნ .......) მიერ 2023 წლის 10 ნოემბრის N19322098768 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური