Facebook Twitter

14 დეკემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-1317 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ. და მ.გ–ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მეიჯარე ან მესაკუთრე) და მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მეიჯარე ან მესაკუთრე) გაბელაიების საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს „დ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მოიჯარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;

სამოქალაქო საქმე #2/1276-2022, პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენის ეტაპიდან განხილვისთვის დაუბრუნდა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სახელდობრ:

1.1. კასატორთა მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნის შესაბამისად საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს ვერ აანალიზებს. კერძოდ, არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება არა არის გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ ქალაქ აბაშაში მდებარე უძრავ ქონებაზე 2022 წლის 16 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და შენობის რეკონსტრუქციისათვის გაწეული ხარჯის - 42523 ლარის, შენობის თავდაპირველი მდგომარეობის აღსადგენად გასაწევი ხარჯის - 20 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2022 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში - 15 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

4.4. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.

4.5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორი ქალაქ აბაშაში მდებარე უძრავ ქონებაზე 2022 წლის 16 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულებები; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ შენობის რეკონსტრუქციისათვის გაწეული ხარჯის - 42523 ლარის, შენობის თავდაპირველი მდგომარეობის აღსადგენად გასაწევი ხარჯის - 20 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2022 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში - 15000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4.6. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული გზავნილი 2022 წლის 2 დეკემბერს ჩაჰბარდა კომპანიის ადმინისტრატორს. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავს სასამართლოსთვის.

4.7. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ აცნობა სასამართლოს, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

4.8. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ 2022 წლის 15 ნოემბერს სარეგიტრაციო დოკუმენტებში განხორციელდა ცვლილება და კომპანიის ახალ მისამართად - თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ......... განისაზღვრა.

სარჩელი და თანდართული მასალები კი, გაიგზავნა სხვა მისამართზე, კერძოდ, ..... N17-ში და ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ,,მაღაზიის’’ ადმინისტრატორს. რომელსაც გზავნილი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირისთვის (ადრესატისთვის) გზავნილი არ გადაუცია.

აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელეებისთვისაც, სახელდობრ, მათ გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი სადაც ასევე მითითებული იყო წარმომადგენლის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული კომპანია .... მის: თბილისი, .....), თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებისთვის ცნობილი იყო კომპანიის წარმომადგენლის მისამართი/საკონტაქტო ინფორმაცია, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არც წარმომადგენლისთვის და არც კომპანიის იურიდიულ მისამართზე არ გაუგზავნიათ.

შედეგად, გზავნილი არ ჩაბარებია არც კომპანიის კანცელარიას/ადმინისტრაციას და არც შესაბამის სამსახურებრივად უფლებამოსილ პირს, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ასეთი ტიპის დოკუმენტაციის მიღებაზე.

4.9. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4.10. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

4.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

4.11.1. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებების მიხედვით, მიიჩნია, რომ მოპასუხე სუპერმარკეტების ქსელის მქონე სამეწარმეო სუბიექტია და მისი ერთ-ერთი რიგითი სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) ადმინისტრატორი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო.

4.11.2. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა რომ, დუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

ვინაიდან, განსახილველ დავაში მოსარჩელეებს სრულყოფილად არ ჰქონდათ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი ერთმნიშვნელოვნად დამტკიცებულად მიჩნევა იყო შეუძლებელი, შესაბამისად, სასამართლო ვერც კი იმსჯელებდა ისინი იურიდიულად ამართლებდნენ თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

4.11.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, უნდა ვლინდებოდეს ორი პირობა - პასუხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით და სარჩელში მითითებულ გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში კი, არც ერთი დასახელებული პირობა არ იკვეთებოდა.

4.12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 241-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, რათა მოპასუხეს განსაზღვროდა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თუ რამდენად მართებულად გააუქმა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, კერძოდ, არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის განხილვისათვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

6. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას.

ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06.03.17 ).

7. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით გადაეცა, თუმცა ამ უკანასკნელს შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, სახეზე იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1 მუხლში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

11. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ორგანიზაციისთვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს, ის უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნისას – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გზავნილის ჩაბარება დადასტურდეს მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. საპროცესო კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ წესის დაცვით ჩაბარებული გზავნილი წარმოშობს მხარის მიმართ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს.

12. საკითხზე თუ ვინ მიიჩნევა სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს.

ნორმის ზემომოხმობილი ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად, ზოგადი სახით, ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით.

ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (შდრ. სუსგ №ას-1289-1309-2011, 14.11.2011 წ., №ას-330-2019 19.11. 2019 წ.).

13. დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ფოსტით გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ....... #17=ში და 2023 წლის 2 დეკემბერს ჩაჰბარდა ერთ-ერთი მაღაზიის ადმინისტრატორს (იხ. საფოსტო ბილი).

14. დადგენილია, რომ მოპასუხე სუპერმარკეტების ქსელის მესაკუთრე სუბიექტია და დასახელებული მაღაზიის ანალოგიურ მრავალ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, ამავდროულად ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხის იურიდიული მისამართი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ...... მდებარეობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და, მოგვიანებით, ისე დატოვა ძალაში აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ მისი კვლევის საგანი არ გამხდარა, წარმოადგენდა თუ არა კორესპონდენციის მიმღები/ხელმომწერი პირი მოპასუხე საწარმოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

საკასაციო პალატის დასკვნით, დადაგენილია, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის ადმინისტრატორია და იგი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად ვერ მიიჩნევა.

ამრიგად, მოპასუხემ სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას კანონიერად დაედო საფუძვლად.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ისე - მისი გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვისას, სახელმძღვანელო და ერთგვარი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე მოპასუხე საწარმოს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ მდებარეობდა; შესაბამისად სასამართლოს გზავნილიც მოპასუხე საწარმოს არასწორ მისამართზე და შესაბამისად არაუფლებამოსილი პირისთვის გახლდათ ჩაბარებული.

16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან განსახილველად, კანონიერად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

17. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლითაც, ამასთან ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მხარე მიუთითებს.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ქ. გ–იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3126.15 ლარის (საგადახდო დავალება #18045563789, გადახდის თარიღი 01.08.2023წ), 2 873 ლარისა (საგადახდო დავალება #19129814178, გადახდის თარიღი 27.10.2023წ), 2 ლარის (საგადახდო დავალება #19181106064, გადახდის თარიღი 31.10.2023წ), ჯამურად - 6001,15 ლარის 70% - 4200.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. და მ.გ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. (პ/ნ .......) და მ. (პ/ნ .......) გ–ებს დაუბრუნდეთ ქ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3126.15 ლარის (საგადახდო დავალება #18045563789, გადახდის თარიღი 01.08.2023წ), 2 873 ლარისა (საგადახდო დავალება #19129814178, გადახდის თარიღი 27.10.2023წ) და 2 ლარის (საგადახდო დავალება #19181106064, გადახდის თარიღი 31.10.2023წ), ჯამურად - 6001,15 ლარის 70% - 4200.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე