14 დეკემბერი, 2023 წელი,
საქმე #ას-1386-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ჩ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 26 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მესაკუთრე, მეიჯარე ან მერია) და ბ.ჩ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) შორის იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იჯარის ხელშეკრულება) დაიდო. შეთანხმების მიხედვით, მოიჯარეს იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაეცა ბათუმში, ......... დასახლებაში მდებარე 18301 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან - 100 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საიჯარო უძრავი ქონება). საიჯარო ქირის მთლიანი ოდენობა - 1620 ლარს შეადგენდა. მოიჯარემ მეიჯარეს - 750 ლარი გადაუხადა, რაც საიჯარო ქირაში ჩაითვალა.
2. გარიგების მოქმედების ვადა 2017 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე განისაზვრა.
3. შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს ანაზღაურება, იჯარის საზღაურის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარის მოცულობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოპასუხემ საიჯარო ქირის აუნაზღაურებელი ნაწილი - 870 ლარი, არ გადაიხადა.
5. 2017 წლის 25 აგვისტოს წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის დარჩენილი ნაწილის გადახდამდე ერიცხებოდა პირგასამტეხლო.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასემტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ ძირითადი დავალიანების ნაწილში სარჩელი ცნო.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო საზღაურის - 870 ლარისა და პირგასამტეხლოს, 100 ლარის გადახდა დაეკისრა.
9. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
12. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და ამიტომ არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნების ჩამოყალიბება, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
15. კასატორის უმთავრესი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 100 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
16. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის საიჯარო სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლით.
417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.
17. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, რომელთა შინაარსით ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, პირგასამტეხლოს გადახდის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
18. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
ამავდროულად, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
19. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის პერიოდი, ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
20. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაწილობრივ სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. აღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას, პალატა მხედველობაში იღებს მოვალის მოქმედებას, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, მის ქონებრივ მდგომარეობას, საიჯარო ქირის შეუსრულებელი ნაწილის მოცულობას, ვალდებულების დარღვევის ვადას და კონკრეტული საქმის სხვა მკაცრად ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
21. ამდენად, დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან, მხარის ლეგიტიმურ ინტერესს უზრუნველყოფს მოვალისთვის ვალდებულების დარღვევიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად ანაზღაურებამდე ყოველდღიურად 0,87 ლარის მოცულობის პირგასამტეხლოს დაკისრება.
პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა (0.87 ლარი) განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, იგი ერთგვარი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციასაც ასრულებს და იმ მიზანსაც ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს კრედიტორის დამატებითი ზიანი. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთანაც შესაბამისია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-189-2020, 20.04.2021).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე, ნაწილობრივ აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
24. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, ვინაიდან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის ვალდებულების დარღვევიდან საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,87 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, რაც თვეში 26.10 (0.87X30) ლარია, შესაბამისად, უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრის ღირებულებას განსაზღვრავს 3 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი 26.10 ლარის ჯამით, რაც მთლიანობაში - 939 ლარია (36 X26.10=939.60), სსკ-ის სსსკ-ის 391 „გ“ ქვეპუნქტით კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 39.2 მუხლით, მაგისტრი მოსამარლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამდენად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისსროს სახელმწიფო ბაჟის 150 (300:2)
ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბ.ჩ–ს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ვალდებულების დარღვევიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად ანაზღაურებამდე დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,87 ლარი, რომელსაც გამოაკლდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარი.
5. ბ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე