Facebook Twitter

№ა-6413-გან-29-2023

28 დეკემბერი, 2023 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს.კ.ს–ო’’ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძის (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უცვლელად დარჩა.

2. 2023 წლის 11 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 423.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა, რომლის შეუვსებლობის გამოც ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებით განცხადება განუხილველად დარჩა.

4. ზემოაღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე ხარვეზი დადგინდა, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განმცხადებელს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით წაკითხვადი სახის კერძო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.

6. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რაკი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაანთავისუფლა, შესაბამისად, ბაჟის გადახდა მას არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ ევალება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

8. 2023 წლის 15 დეკემბერს გ.ბ–ძემ განცხადებებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

10. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

12. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უშუალოდ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (იხ.: Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.; Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). ამასთან, საკითხი მასზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.

13. მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩნების როგორც მთლიანი ტექსტი ისე სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა. განჩინება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილულ საქმესთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც გ.ბ–ძის განცხადებაშია აღნიშნული დასახელებული განჩინების განმარტების კანონისმიერი საფუძველი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე