Facebook Twitter

18 დეკემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-718 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ბ.ს.კ.ც–ი’’, შპს ,,ნ.კ.ს.ს.ც.ბ–ი’’, შპს ,,ს.გ.ს.ს–ი’’, ა(ა)იპ ,,ჯ.ე.ს.ც–ი’’, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (მოპასუხეები)

გასაჩრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ნ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,ბ.ს.კ.ც–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), შპს ,,ნ.კ.ს.ს.ც.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), შპს ,,ს.გ.ს.ს–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ა(ა)იპ ,,ჯ.ე.ს.ც–ისა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ის, რომ მეოთხე მოპასუხის მიერ მისთვის 2017 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისამდე გადასხმული სისხლის დონორების ანალიზი სიფილისზე, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე/შიდსზე უარყოფითია, არ გულისხმობს, რომ ყველა დონორის სისხლი უსაფრთხოა; სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემოწმების ფარგლებში გამოვლენილია დარღვევები, რის გამოც სისხლის გადასხმის ბანკებს ნიმუშების ბრუნვიდან ამოღება დაევალათ, შესაბამისად, იმის გამორიცხვა, რომ ყველა დონაცია უსაფრთხო იყო, შეუძლებელია.

1.2. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ მეორე და მესამე მოპასუხეების მიერ მისთვის 2017 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისამდე გადასხმული სისხლის დონორების ანალიზი სიფილისზე, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე/შიდსზე უარყოფითია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეების ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა, თუმცა დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მისი განმარტება, რომელსაც მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას რამდენიმე მოპასუხის მიმართ გამოიკვეთა, რომ სამედიცინო მანიპულაციებზე სათანადო კონტროლს ვერ ახორციელებდნენ, რაც ვერ აზღვევს იმ რისკებს, რომ პაციენტი არ დაინფიცირდება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2017 წლის 23 აპრილს მოსარჩელეს შპს ,,სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში’’ (ამჟამად პირველი მოპასუხე’’) გადაუდებელი წესით სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა - აღმავალი აორტისა და აორტის სარქვლის პროტეზირება მექანიკური სარქვლით (აღმავალი აორტის რეზექცია, აღმავალი აორტის, აორტის ბოლქვის და კორონარული სინუსების პროტეზირება სინთეზური გოფრირებული გრაფიტით #32, კორონარული არტერიების შესაერთავების რეიმპლანტაცია, აორტარული სარქველის პროტეზირება მექანიკური ორფრთიანი სარქველით #21).

4.3.1. 2017 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისამდე მოსარჩელე კლინიკაში სტაციონალურად მკურნალობდა.

4.4. მოსარჩელე ოპერაციამდე სიფილისით (ათაშანგით) იყო დაავადებული, კერძოდ, სისხლში მკრთალი ტრეპპონემას ანტისხეულებზე მისი ანალიზი 2017 წლის 23 აპრილის მონაცემებით დადებითია, რაც დაავადების ორგანიზმში არსებობას ნიშნავს (იხ. 2017 წლის 23 აპრილის თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის სისხლის ანალიზი, ტომი 2, ს.ფ. 95; გამოკვლევის შედეგების ექსპორტი ლაბორატორიული პროგრამიდან, ტომი 2. ს.ფ. 342) .

4.5. 2018 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ ექიმ- ეპიდემიოლოგმა ნ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, სპეციალისტი) განმარტა, რომ - აივ ინფექციას ახასიათებს გადადების სამი გზა: 1) დაუცველი სქესობრივი კონტაქტი; 2) სისხლის გადასხმა ან რაიმე სამედიცინო მანიპულაცია (მათ შორის, სხვის მიერ გამოყენებული ნემსის გამოყენება) და 3) დედიდან შვილზე გენეტიკურად გადაცემა.

სპეციალისტის მითითებით, მოსარჩელის დაავადებებიდან სიფილისისთვის ასევე დამახასიათებელია დაუცველი სქესობრივი კონტაქტით გადადება ამასთანავე, მოცემულ დაავადებებს ახასიათებს 3-6 თვიანი ე.წ. ,,ფანჯრის პერიოდი’’, ანუ პერიოდი, როდესაც დაავადების გამოვლენა შეუძლებელია.

კერძოდ, აივ ინფექციას ძირითადად ახასიათებს 3 თვიანი (მისი განმარტებით, ლიტერატურაში აღნიშნული დაავადების ფანჯრის პერიოდად იშვიათად მიიჩნევენ ასევე 6 თვეს), ხოლო B და С ჰეპატიტებს 3-6 თვემდე ფანჯრის პერიოდი.

მაშინ როდესაც საუბარია მოქმედ და აქტიურ დონორებზე (მათ ვისაც სადავო შემთხვევიდან 2-ზე მეტად ჩაუბარებია სისხლი), მათი ალიქვოტის (სისხლის ნიმუშის) გამოკვლევა მიზანშეწონილი აღარ არის, ვინაიდან ყველა ჯერზე დონორის სისხლი პრეზიმურებულად გადის სავალდებულო შემოწმებას (იხ. სხდომის ოქმი).

4.6. ოპერაციის შემდგომი მკურნალობისას - 2017 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისამდე, მოსარჩელეს პირველ მოპასუხე სამედიცინო ცენტრში 38 ჰემოტრანსფუზია (სისხლისა და სისხლის მასალების გადასხმა) გაუკეთდა, კერძოდ, 7 (#72727; #167062; #15242; #109627; #46144; #189239; #189235) მეორე მოპასუხის, 2 (#86378; #4856) მესამე მოპასუხის, ხოლო 29 (#BB-38921, #BB-38888, #BB-38996, #BB-39013, #BB-39005, #BB-39024, #BB-39026, #BB-39068, #BB-38451, #BB-38592, #BB-38741, #BB-39052, #BB-38685, #BB-39055, #BB-39029, #BB-39087, #BB-38498, #BB-39127, #BB-39010, #BB-39039, #BB-38979 და #BB-39036) მეოთხე მოპასუხის მიერ მიწოდებული სისხლის მასალით.

4.7. 2017 წლის 23 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისამდე, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხე ცენტრებიდან მოსარჩელისთვის გადასხმული სისხლის დონორობის ანალიზი, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უარყოფითია, სახელდობრ;

4.7.1. მეორე მოპასუხე ცენტრიდან მოსარჩელეს #72727, #167062; #15242; #109627; #46144; #189239 და #189235 დონორის სისხლის ნიმუშები გადაესხა, აქედან, #72727 დონორი, აღრიცხვაზეა ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკში და მას დონაცია განხორციელებული აქვს 18.08.2012 წელს. მოპასუხე მისი დონორების სისხლის მასალის სისუფთავის დასტურად მიუთითებს სისხლის ბანკის მართვის სისტემის ამონაწერზე (იხ. ტომი 3, ს.ფ. 114-127), რომლის მიხედვით, მოსარჩელის ტრანსფუზიაში მესამე მოპასუხის დონორები - უნიკალური ნომრებით #46144; #15242; #167062 და #109627 მუდმივმოქმედი დონორები არაინ, სადავო პერიოდის შემდეგ არაერთხელ აქვთ სისხლის დონაცია განხორციელებული და ყველა შემთხვევაში მითითებულ დაავადებებზე მათი პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება #189235 და #189239 ერთჯერად დონორებს, წარდგენილია 2018 წლის 17 იანვარს სისხლის ნიმუშზე ჩატარებული ანალიზის პასუხები, (იხ. ტომი 3, ს.ფ. 189-190), რომლის თანახმად, დონორების ანალიზი სიფილისზე, С ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე/შიდსზე უარყოფითია.

4.7.2. მესამე მოპასუხე ცენტრიდან მოსარჩელეს #86378 და #4856 დონორების სისხლის ნიმუშები გადაესხა. დონორების სისხლის მასალის სისუფთავის დასადასტურებლად მითითებულია სისხლის ბანკის მართვის სისტემის ამონაწერზე (იხ. ტომი 3, ს.ფ. 70-74), რომლის თანახმად, მოსარჩელის ტრანსფუზიაში მონაწილე დონორები (უნიკალური ნომრებით #86378 და #4856) მუდმივმოქმედი დონორები არაინ, კერძოდ, 2017 წლის აპრილ-მაისის შემდგომ #86378 დონორმა ორჯერ, ხოლო #4856 დონორმა შვიდჯერ მოახდინა სისხლის დონაცია. წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, დონორთა სისხლის ანალიზი მითითებულ ინფექციებზე (სიფილისზე, С ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე/შიდსზე) უარყოფითია.

4.7.3. მეოთხე მოპასუხე ცენტრიდან მოსარჩელეს #BB-38921, #BB-38888, #BB-38996, #BB-39013, #BB-39005, #BB-39024, #BB-39026, #BB-39068, #BB-38451, #BB- 38592, #BB-38741, #BB-39052, #BB-38685, #BB-39055, #BB-39029, #BB-39087, #BB-38498, #BB-39127, #BB-39010, #BB-39039, #BB-38979 და #BB-39036 დონორების სისხლის მასალა გადაესხა რომლებიც დღემდე აქტიური დონორების სიაში ირიცხებიან (იხ. პროგრამული ამონაწერები ტომი 2, ს.ფ. 158-238). მოსარჩელის ტრანსფუზიაში მონაწილე დონორების სისხლის ანალიზები სიფილისზე, С ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე/შიდსზე 2017-2019 წლების მონაცემებით უარყოფითია (იხ. ტომი 3, ს.ფ. 193-214), ამასთან, შემოწმებისას არც დარღვევები არ აღმოჩენილა (იხ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 28 სექტემბრის შემოწმების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 152-156).

4.8. 2017 წლის 10 ოქტომბერს გულმკერდის არეში გამოხატული ტკივილების გამო მოსარჩელე კვლავ სტაციონარში მოთავსდა, საიდანაც 2017 წლის 11 ოქტომბერს გაეწერა.

4.8.1. C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ანტისხეულების, აივ-ინფექციის გამომწვევი ვირუსის ანტისხეულებისა და ათაშანგის გამომწვევი მკრთალი სპიროქეტას საწინააღმდეგო ანტისხეულების მიმართ მოსარჩელე დადებითი აღმოჩნდა (იხ. ცენტრში ჩატარებული სისხლის ანალიზი).

4.9. მოსარჩელე აივ ინფექციაზე დადებითი აღმოჩნდა (იხ. სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობა).

4.10. 2017 წლის 14 ოქტომბერს მოსარჩელე სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სისტემური ანთების სინდრომით, პნევმონიითა და მუცლის არეში ტკივილით, თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალის სტაციონარში მოთავსდა, საიდანაც 2017 წლის 16 ოქტომბერს გაეწერა.

4.11. სისხლის ანალიზის შესახებ ცნობის მიხედვით მოსარჩელეს მკრთალი ტრეპონემას ანტისხეულები, ჰეპატიტი С და აივ ანტისხეულები აღმოაჩნდა (იხ. თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის 2017 წლის 15 ოქტომბრის პასუხი).

4.12. 2017 წლის 18 დეკემბრიდან მოსარჩელე С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. 2017 წლის 13 ოქტომბრიდან კი, აღრიცხვაზეა შიდსის ცენტრში.

4.13. შპს ,,ი.პ.შ. და კ.ი.ის’’ ცენტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობის თანახმად, მოსარჩელეს ქრონიკული С ჰეპატიტი, HCV ib გენოტიპი, F2 სტადია მეტავრიტით, B22.7 აივ ინფექცია, სტადია 3 უფიქსირდება. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასებულია როგორც ქრონიკული, პროგრესირებადი.

4.14. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებთან 2016-2018 წლებში დადებული (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), ხელშეკრულებების საგანს 2016 წლის საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის N638 დადგენილების შესაბამისად, ,,უსაფრთხო სისხლის’’ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, დონორული სისხლის მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.

4.14.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებით, შესყიდვის ობიექტი იყო ,,უსაფრთხო სისხლის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება, უანგარო რეგულარული დონორობის სისტემით.

4.14.2. შეთანხმების ფარგლებში მიმწოდებელმა/კლინიკამ შემდეგი მომსახურეობა უნდა განახორციელოს - დონორული სისხლის სკრინინგული გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შისდსსა და სიფილისზე (იხ. 5.1.1 პუნქტები). 5.1.2 პუნქტების მიხედვით კი, დონაციათა 100% B და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექცია/შიდსზე EIA მეთოდით უნდა ტესტირდებოდეს.

4.14.3. ხარისხის კონტროლის (პროფესიული ტესტირების) უზრუნველყოფის მიზნით, სერვისის მიმწოდებელმა, რომელიც პროგრამაში ერთვება პირველად, პროგრამის მიმწოდებლად განსაზღვრის შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტებულ რეფერენს ლაბორატორიასთან და ყოველ სამ თვეში ერთხელ განახორციელოს აღნიშნული ლაბორატორიიდან მიღებულ რეფერენს მასალაზე (სისხლის შრატიანი კოდირებული საკვლევი პანელები, რომელიც მოიცავს ცნობილი სეროლოგიური სტატუსის მქონე სისხლის შრატიან სინჯებს/კომპლექტს) კვლევები და კვლევის შედეგები წარადგინოს პროგრამის განმახორციელებელთან (იხ. 5.1.10 პუნქტები).

4.15. მოსარჩელე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის ან მათდამი დამოკიდებულების გამო, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება (იხ. შპს ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის’’ 2019 წლის 24 იანვრის ცნობა).

5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1007-ე (სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის), 997-ე (პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი,რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე) და 413.2 (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

6. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1007-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).

7. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

8. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება, გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი მუშაობით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).

9. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.

10. სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, მოითხოვოს პაციენტისათვის მიყენებული როგორც მორალური, ასევე - მატერიალური ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ. №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ).

11. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ - უმოქმედობასაც.

12. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.

13. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს.

14. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

15. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (შდრ. სუსგ. №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.).

16. დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირველ მოპასუხე კლინიკაში ჩაუტარდა აღმავალი აორტისა და აორტის სარქვლის პროტეზირება, მექანიკური სარქვლით.

იმ პირობებში როცა მკურნალობისას დაშვებულ შეცდომაზე, კერძოდ, არასწორად ჩატარებულ ოპერაციასა თუ მკურნალობაზე, ან/და შემდგომ გართულებაზე, კლინიკის მხრიდან სტერილიზაციის ნორმების დაუცველობაზე, მკურნალობისას გამოვლენილ უყურადღებობასა თუ უმოქმედებაზე მოსარჩელე არ უთითებდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში სარჩელში დასახელებული დაავადებების აღმოჩენა, ცალსახად არ გულისხმობს კლინიკის ბრალეულობის დადასტურებას.

17. განსახილველ დავაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელის შეძენილი დაავადებები მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების/სისხლის გადასხმის ბანკების მიერ მიწოდებული სისხლის მასალის გამოყენების შედეგია.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარდგენილია 2017 წლის 23 აპრილის თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის სისხლის ანაზლიზის და გამოკვლევის შედეგების ამონარიდი ლაბორატორიული პროგრამიდან, საიდანაც დგინდება, რომ სისხლში მკრთალი ტრეპპონემას ანტისხეულებზე მოსარჩელის ანალიზი დადებითია.

ამასთან, 2018 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოსარჩელის დაავადებებიდან სიფილისისთვის დამახასიათებელია დაუცველი სქესობრივი კონტაქტით გადადება; ამასთანავე, მიუთითა, რომ მოცემულ დაავადებებს ახასიათებს 3-6 თვიანი ე.წ. ,,ფანჯრის პერიოდი’’, ანუ პერიოდი, როდესაც დაავადების გამოვლენა შეუძლებელია, კერძოდ, აივ ინფექციას ძირითადად ახასიათებს 3 თვიანი (მისი განმარტებით, ლიტერატურაში აღნიშნული დაავადების ფანჯრის პერიოდად იშვიათად მიიჩნევენ ასევე 6 თვეს), ხოლო B და С ჰეპატიტებს 3-6 თვემდე ფანჯრის პერიოდი.

მაშინ როდესაც საუბარია მოქმედ და აქტიურ დონორებზე (მათ ვისაც სადავო შემთხვევიდან 2-ზე მეტად ჩაუბარებია სისხლი), მათი ალიქვოტის (სისხლის ნიმუშის) გამოკვლევა მიზანშეწონილი აღარ არის, ვინაიდან ყველა ჯერზე დონორის სისხლი პრეზუმირებულად გადის სავალდებულო შემოწმებას.

18. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეები/სისხლის ბანკები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან და მათ ვალდებულებას წარმოადგენს უსაფრთხო სისხლის მიწოდების კონტროლი (მათ შორის, საერთაშორისო დონეზე).

ასევე დადგენილია, რომ თითოეული სისხლის ბანკი ამ კონტროლს ახორციელებს იმუნოფერმენტული ანალიზის EIA ე.წ. ,,ელაიზა’’ მეთოდით. იმ შემთხვევაში თუ ამ მეთოდით საკვლევი ანალიზის პასუხი არის საეჭვოდ დადებითი, დამატებით კეთდება ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციით NAT კვლევა.

ამასთან, საქმეში წარდგენილია მიმართვა, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი მიუთითებს მოცემულ კვლევებს შორის მეთოდოლოგიურ განსხვავებაზე. ასევე გასათვალისწინებელია საქმის განხილვისას გამოკითხული სპეციალისტის განმარტება იმასთან მიმართებით, რომ სისხლის ბანკების მიერ პირველადი კვლევის ე.წ. ,,ელაიზა’’ მეთოდით ჩატარება შეესაბამება დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს, შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია, სისხლის უსაფრთხოების მიზნით გამოყენებული კვლევის მეთოდის არასრულფასოვნებაზე დაუსაბუთებელია.

19. ამდენად, ვინაიდან, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება სამედიცინო მანიპულაციის ჩამტარებელი კლინიკისა და სისხლის გადასხმის ბანკების მიერ პაციენტის სათანადო მკურნალობის კუთხით არსებული ვალდებულების დარღვევა, მეხუთე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებსაც არ გააჩნიათ ფაქტობრივ-სამართლებრივი არგუმენტაცია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიმოიხილავს მხოლოდ კასატორის ძირითად პრეტენზიას (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორს არც დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე