Facebook Twitter

21 დეკემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-1275-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 7 აპრილს, შპს „მ-სა" (შემდეგში - მოსარჩელე, გამყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან მყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც 12 205 ლარად გამყიდველმა მყიდველისათვის 39 პლანშეტის ტიპის კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ვალდებულება იკისრა.

2. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი გამყიდველს მყიდველისათვის ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მყიდველის მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა.

3. ხელშეკრულების 7.1-7.2 პუნქტებით, ანგარიშსწორების ფორმად, ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორება, ხოლო ანგარიშსწორების ვადად - ფაქტობრივად მიღებული ნასყიდობის საგნის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით დაშვებული სხვა დოკუმენტის) წარდგენიდან 10 სამუშაო დღე განისაზღვრა.

4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების, ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შესრულების საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს; ასევე განუმარტოს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ, ხოლო, შეტყობინების მიმღები მხარე, ასევე, დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

5. 2017 წლის 5 ივნისს, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა 8 164 ლარის ღირებულების 26 ცალი პლანშეტი, 2017 წლის 12 ივნისს - 930 ლარის ღირებულების 3 ერთეული პლანშეტი, ხოლო, 2017 წლის 14 ივნისს - 310 ლარის ღირებულების 1 ცალი პლანშეტი.

6. ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 30 პლანშეტის ღირებულება მყიდველმა აანაზღაურა, თუმცა დარჩენილი 9 პლანშეტის მიღებასა და მათი ღირებულების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

7. 2017 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, თუმცა ცვლილებები არ შეხებია ისეთ არსებით პირობებს, როგორცაა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება, ნასყიდობის საგნის რაოდენობრივი პარამეტრები და მიწოდების ვადა.

8. 2 801 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით გამყიდველმა მყიდველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა; ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2 801 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი 9 პლანშეტის მიღებასა და მათი ღირებულების (2 801 ლარის) ანაზღაურებაზე უარის თქმით, მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებაზე, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დარღვევით, მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ განახორციელა.

რაკი საქმის განხილვისას მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ხელშეკრულების სრულად შესრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულებაზე უარის საფუძველი საქმის მასალებით არ დგინდებოდა.

ნასყიდობის საგნის მიღებისა და ფასის გადახდის ვალდებულებისგან მყიდველს ვერ გაათავისუფლებდა ის გარემოება რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვერ გაითვალისწინა, თუ რა რაოდენობის პროდუქცია დასჭირდებოდა სამომავლოდ.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი დასტურდებოდა, მყიდველს წარმოეშვა საქონლის მიღებისა და თანხის გადახდის საპასუხო მოვალეობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477.2 მუხლი) სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2 801 ლარის გადახდა მართებდა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, მართალია, პლანშეტების ჯამური რაოდენობა ნასყიდობის ხელშეკრულებით 39-ით განისაზღვრა, თუმცა იქვე მათი მიწოდების წესიც და ვადაც დადგინდა. აქედან გამომდინარე, გამყიდველი ვალდებული არ იყო, რომ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის სრული რაოდენობა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე შეეძინა. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნასყიდობის საგანი დეფიციტური გახდა ან მისი ღირებულება გაიზარდა და მას ზიანი მიადგა, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების საფუძველიც.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხი: გააჩნია თუ არა გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9 პლანშეტის საფასურის მყიდველისთვის გადახდაზე უარის თქმის უფლება.

16. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი და რომლებთან მიმართებითაც კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

შესაბამისად, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

17. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამყიდველის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის მყიდველის მხრიდან ანაზღაურების თაობაზე წარმატებულია, გამომდინარე სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლების დანაწესიდან.

ზემომითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება (რომლის ფარგლებშიც ნასყიდობის ფასის მოპასუხისთვის დაკისრებას გამყიდველი განსახილველი სარჩელით მოითხოვს) ორმხრივმავალდებულებელი გარიგებაა, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნიათ შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებისას ადგილი აქვს, მხარეთა ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რომელიც ნასყიდობის საგნის და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის დროიდან წარმოიშობა.

რაკი მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მყიდველმა ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი პროდუქციის საფასური გამყიდველს არ აუნაზღაურა, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე მყიდველის მოთხოვნა სამართლებრივად ვარგისია.

18. ზემოთ მოყვანილი დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება კასატორის მიერ ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის მიწოდების განსხვავებულ წესსა და ვადაზე მითითება, რაც, მისი მოსაზრებით, გამყიდველს იმ ვალდებულებას არ აკისრებდა, რომ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის მთლიანი რაოდენობა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე შეეძინა.

მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ყველა პირობის შესაქმნელად გარიგების არცერთი დათქმა მოსარჩელეს წინასწარ თადარიგის დაჭერაში, სახელდობრ, ხელშეკრულებით შეთანმებული ოდენობის პლანშეტების შეძენაში არ ზღუდავდა, ხოლო გამყიდველის მხრიდან პერიოდულ მოთხოვნათა მიხედვითა და დადგენილი წესით მათი მიწოდება, ხელშეკრულების შესრულების მხოლოდ პროცედურულ ნაწილს წარმოადგენს, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით კომპონენტზე - ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ რაოდენობაზე - გავლენას არ ახდენს. აქვე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის დათქმაც გასათვალისწინებელია, რომლის მიხედვითად, შემკვეთი ვალდებული იყო მიმწოდებლისთვის წერილობით ეცნობებინა ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შესრულების საფრთხის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე