საქმე №ას-764-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ.ა. „ი...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ფ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბმა „ი...“ (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი, ბ.ა., ამხანაგობა) ქ.თბილისის ისნის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2008 წლის 5 აგვისტოდანაა რეგისტრირებული (მისამართი - ქ.თბილისი, ........). ამხანაგობა შემდეგი 6 წევრისგან შედგება: დ.ჯ–ია, ნ.ჯ–ია, თ.მ–ძე, ი.ზ–ძე, ლ.კ–ი, ე.ფ–ნი (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი). ამხანაგობის თავმჯდომარეა - თ.მ–ძე.
2. ე.ფ–ნის (შემდეგში - მოპასუხე) საკუთრებაშია უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში, ....... მდებარე 215.44კვ.მ ბინა №1 (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა).
3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 1999 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 19 სექტემბერს დამოწმებული ბ.ა. „მ.-...-ის“კრების ოქმი.
პრივატიზაციის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს საკუთრებაში 95კვ.მ უძრავი ქონება გადაეცა, საიდანაც საცხოვრებელი ფართი 48კვ.მ-ია. აღნიშნული მონაცემები თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2008 წლის 3 სექტემბრის ცნობა-დახასიათებაში აისახა.
4. 1996 წლის 2 თებერვალს თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ადმინისტრაციამ მოპასუხეს ნება დართო, რომ მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით მდებარე 65კვ.მ დამხმარე ფართი პრივატიზაციის უფლებით მიეერთებინა.
5. ამხანაგობა „მ.-...-ის“ 2008 წლის 18 სექტემბრის კრების ოქმის მიხედვით, მოპასუხეს ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა დაუდასტურა უძრავი ქონების ინდივიადუალურ საკუთრებაში მიღების ფაქტი.
6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 7 დეკემბრის პასუხით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ქ.თბილისში, ...... მდებარე №25 სახლში ბ.ა. "ი..." 2008 წლის 31 ივლისის №1 კრების ოქმის საფუძველზეა დაფუძნებული და რაიონის მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული. ზემოაღნიშნულ მისამართზე სხვა სახელწოდების მქონე ბ.ა. არ ფიქსირდება. ამასთან, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ბ.ა. სახელწოდებით „მ. ...“ არ არის აღრიცხული.
7. უძრავი ქონების ნაწილის მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბმა „მ-...-ის“ 2008 წლის 18 სექტემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და აღნიშნული კრების ოქმით განკარგული 136კვ.მ ფართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა; სარჩელი განუხილველად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ რაკი საქმეზე 160კვ.მ ფართის (95კვ.მ + 65კვ.მ) მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი გამოიკვეთა, ამიტომ 136კვ.მ ფართის ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებული იყო, რადგან მოპასუხის საკუთრებაში 79.44კვ.მ ფართი (215.44 – 136), ე.ი. პრივატიზაციის ხელშეკრულებით მისთვის გადაცემულ ფართზე 15.56კვ.მ-ით ნაკლები დარჩებოდა, რითაც მოპასუხის საკუთრების უფლება შეილახებოდა და მისი კუთვნილი უძრავი ქონება ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში გადავიდოდა.
10.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით სასამართლოში განსახილველი სარჩელი ნ.ჯ–ამ აღძრა, რომელსაც ამხანაგობის სახელით ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვისა და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ამხანაგობის თავმჯდომარე თ.მ–ძემ მიანიჭა, ხოლო ამხანაგობის თავმჯდომარეს თავად არ გააჩნდა ამხანაგობის სახელით სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება.
მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) მე-3, 26.7 მუხლებითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით და განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა საერთო საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მოთხოვნათა (სსსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები) დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეუძლია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს, სანამ ის უფლებამოსილებას ნ.ჯ–ს გადასცემდა, თავად უნდა ჰქონოდა ამხანაგობის წევრების მიერ სსსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის წარდგენის უფლება მინიჭებული, რაც საქმის მასალებით ვერ დადასტურდა. შესაბამისად, სსსკ-ის 275.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან და 187-ე მუხლიდან გამომდინარე ამხანაგობის სარჩელი დანუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
10.3. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ ამხანაგობის 6 წევრიდან წინამდებარე სარჩელს მხარს მხოლოდ ორი წევრი უჭერდა, დანარჩენი წევრები მოპასუხის საკუთრების უფლებას სადავოდ არ ხდიდნენ, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი არ იყო ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობის თავმჯდომარის სახელზე გაცემული სარჩელის წარდგენის უფლებით აღმჭურველი სპეციალური უფლებამოსილებები.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. განჩინების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელში მითითებულ შემდეგ გარემოებაზე - ბ.ა. „მ-...“ რამდენად იყო უფლებამოსილი 2008 წლის 18 სექტემბერს ის ქონება განეკარგა, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის საერთო საკუთრებას არ წარმოადგენდა.
11.2. გასაჩივრებული განჩინებით არასწორად გადანაწილდა საპროცესო ხარჯები. სარჩელის მოთხოვნა ბმა „მ-...-ის“ 2008 წლის 18 სექტემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობაა, რის გამოც სსსკ-ის 39.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ დააკისრა სააპელაციო სასამართლომ ამხანაგობის წევრებს - დ.ჯ–სა და ნ.ჯ–ს (რომლებმაც სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს) აპელანტის სასარგებლოდ 600 ლარის გადახდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით სარჩელი არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღძრა, კერძოდ, ნ.ჯ–ს ამხანაგობის სახელით ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვისა და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ამხანაგობის თავმჯდომარე თ.მ–ძემ მიანიჭა, რომელსაც ამგვარი ხასიათის უფლებამოსილება თავად არ ჰქონდა გადაცემული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის საკვანძო საკითხია, სწორად განისაზღვროს, გააჩნდა თუ არა ნ.ჯ–ს ამხანაგობის სახელით სარჩელის შეტანის უფლებამოსილება.
15. საკასაციო პალატის შეფასებით, დასმულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სრულადაა გასაზიარებელი და გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად მიეთითა, როგორც სპეციალური კანონის მე-3 (ბ.ა. არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება), 26.1 (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე), 26.7 (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამხანაგობის თავმჯდომარე: ა). იწვევს და უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას; ბ). უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილებების შესრულებას; გ). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით იღებს აუცილებელ ზომებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების უზრუნველსაყოფად; მ). გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით) მუხლებზე, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაზე;
განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საყურადღებო და მნიშვნელოვანია შემდეგი ხასიათის განმარტებანიც:
მართალია, ამხანაგობის თავმჯდომარე სასამართლოში ამხანაგობის სახელით გამოდის, მაგრამ სპეციალური კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის საერთო ქონებას არ განკარგავს, არ იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის კუთვნილი ქონების მფლობელობაში გადაცემის ან გამოთხოვის შესახებ. ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილების შესრულებას და იგი უფლებამოსილია, მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად ამხანაგობის წევრთა კრება მოიწვიოს, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით სასამართლოში სარჩელი აღძრას. ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ კრების გადაწყვეტილების არსებობის პირობებში იძენს (იხ. სუსგ №ას-1098-1029-2012, 03.12.2012).
ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სსსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-756-716-2015, 11.09.2015). წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ანუ მოსარჩელის ან მოპასუხის სახელით სასამართლოში თუ სხვა ორგანოში მონაწილეობა სცილდება ამხანაგობის შიდა ურთიერთობას და ამიტომ საჭიროებს მესამე პირთა წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას კანონით დადგენილი მინდობილობის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-486-454-2017).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან გამოკვეთილია, რომ ნ.ჯ–სათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისას ამხანაგობის თავმჯდომარეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ამხანაგობის სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა, შესაბამისად, სსსკ-ის 275.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება) და ამავე კოდექსის 187.1 (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)) მუხლიდან გამომდინარე სარჩელი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად.
16. მცდარია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით საპროცესო ხარჯები არასწორადაა გადანაწილებული, რამდენადაც 2008 წლის 18 სექტემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის გარდა სარჩელით ხსენებული კრების ოქმით განკარგული 136კვ.მ ფართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე აღრიცხვაცაა მოთხოვნილი. ამ გარემოებამ სსსკ-ის 41.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით) საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ფასის სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით განსაზღვრა განაპირობა.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს
კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ა. „ი...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე