28 სექტემბერი, 2023 წელი,
საქმე #ას-896-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.მ–ი “ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების ნაწილობრივ გაუქმება და,
ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) და შპს „მ.მ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2021 წლის 2 ივნისს დაიდო #411 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 1-ლი ხელშეკრულება), რომლის საგანს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კავშირგამბულობის საშუალებების (ხელის რადიოსადგურების) აქსესუარების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 72 700 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა - 60 კალენდარული დღით განისაზღვრა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2. 2021 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის დაიდო #459 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მეორე ხელშეკრულება), რომლის საგანს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კავშირგამბულობის საშუალებების აქსესუარების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 62 150 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა - 60 კალენდარული დღით განისაზღვრა.
2.1. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.15% (იხ. ხელშეკრულების 8.3 პუნქტი).
2.2. დადგინდა პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებიც, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის პირობებში არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების დათქმების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას (იხ. ხელშეკრულების 10.2 პუნქტი).
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელემ შემკვეთს 2021 წლის 22 ოქტომბერს, 82 დღის დაგვიანებით მიაწოდა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელემ შემკვეთს 2021 წლის 12 ნოემბერს, 87 დღის დაგვიანებით მიაწოდა.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს/მოსარჩელეს შემკვეთის/მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლო - 8 942.10 ლარი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულების ფარგლებში - 8 110.58 ლარი ერიცხება.
6. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 2 273.69 ლარის გადახდა დაეკისრა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული განჩინება დარჩა ძალაში.
11. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს შემცირებასთან ერთად, უნდა დასაბუთდეს თუ რას ეფუძნება ეს მოთხოვნა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, მიუხედავად გონივრული არგუმენტების არარსებობისა პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გასაზიარებელია.
14. კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
15. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
16. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას ასევე კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხასიათს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
17. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა არსებით გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
18. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, ხასიათი, ვადები, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებებით, შეგებებული მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 - 60 დღის ვადის დაცვით, კავშირგამბულობის საშუალებების (ხელის რადიოსადგურების) აქსესუარების მიწოდების გარანტიას იძლეოდა. შეგებებული მოსარჩელის ინტერესიც სწორედ მითითებული ვადების დაცვით კავშირგამბულობის საშუალებების (ხელის რადიოსადგურების) აქსესუარების მიღებაში გამოიხატებოდა.
საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელემ შემკვეთს 2021 წლის 22 ოქტომბერს, 82 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული საქონელი 2021 წლის 12 ნოემბერს, 87 დღის დაგვიანებით მიაწოდა. განსახილველი დავის ფარგლებში, დასახელებული პერიოდის სახელშეკრულებო ვადის გადაცილება საკასაციო პალატის მხრიდან გარიგების პირობების მნიშვნელოვან დარღვევად ფასდება;
საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ შემსყიდველი მხარე არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნასყიდობის საგანი (კავშირგაბმულობის საშუალებები) მჭიდროდაა დაკავშირებული მის საქმიანობასთან და აღნიშნული ტიპის პროდუქციის მიწოდების დაგვიანებამ შესაძლოა არსებითად შეაფერხოს შეგებებული სარჩელის ავტორის საქმიანობის გარკვეული მიმართულებანი; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხის და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს, რომლის მოცულობა განსახილველი საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე საკასაციო პალატის დასკვნით - 8 526.34 ლარია.
19. ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 53.1 მუხლში (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე). ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, არამედ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს „მ.მ– ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 341,05 (17,052.68%2=341.05) ლარი;
20. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 312,63 ( 8 526.34 - 2 273.69 = 6 252.65%312.63) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „მ.მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 8 526.34 ლარის გადახდა;
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს „მ.მ–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 341,05 ლარი;
6. შპს „მ.მ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 312,63 ლარის ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე