3 ნოემბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-507-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - გ.ჭ–ია, ი.ჭ–ია (კანონიერი წარმომადგენელი, ხ.ხ-ჭ–ია)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), გ.ჭ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მეორე მოპასუხის ბაბუა ან მჩუქებელი) შპს „ნ.ი.ლ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე) სასარგებლოდ 11636 აშშ დოლარისა და 1428 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. კანონიერ ძალაში შესული გდაწყვეტილება არ აღსრულებულა.
3. 2018 წლის 10 ოქტომბერს, პირველმა მოპასუხემ შვილიშვილს ი.ჭ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, პირველი მოპასუხის შვილიშვილი ან დასაჩუქრებული) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა სენაკში, ........ მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება) და ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ნივთის მესაკუთრედ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი).
4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
7. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. 2020 წლის 14 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ გარიგების თანახმად, მოსარჩელემ ზ.ბ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან კასატორი) გადასცა პირველი მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, კერძოდ, მოთხოვნის დამთმობმა შემძენს გადასცა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის 11636.58 აშშ დოლარის და 1428 ლარის მოთხოვნის უფლება.
ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან კასატორი ანაცვლებს მოსარჩელეს (საპროცესო უფლებამონაცვლეობა) ზემოაღნიშნული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. აპელანტმა საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტები. პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთი შვილიშვილს აჩუქა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი უტყუარად დასტურდება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლებამონაცვლის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, გამართლებულია.
13. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ იქნებოდა განხორციელებადი, თუკი მოპასუხეები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი ფინანსური ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად და შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს) მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).
გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).
14. მოცემული დავის ფარგლებში შეფასების საგანს განკარგვითი ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს შორის გარიგება დაიდო არა საკუთრების უფლების რეალურად
გადაცემის/მოპოვების მიზნით, არამედ ხელშეკრულების ორივე მხარე მოქმედებდა იმ განზრახვით, რომ ქონება გამჩუქებლის ვალდებულების შესრულების საგანი არ ყოფილიყო.
ამ მხრივ მხარე მიუთითებს ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა ჩუქების ხელშეკრულების მონაწილეთა ახლო ნათესაური ურთიერთობა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული ფულადი ვალდებულების არსებობა, ასევე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობის თაობაზე მათი ინფორმირებულობა, რაც გამორიცხავს სადავო უძრავი ქონების შემძენის (დასაჩუქრებულის) კეთილსინდისიერებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების გაფორმება სასამართლოს მიერ გამჩუქებლისთვის თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებს მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხარეთა ახლო ნათესაური კავშირი, დასაჩუქრებული პირის ასაკი (ი.ჭ–ია არასრულწლოვანია და სამართალწარმოებაშიც კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს) ერთმნიშვნელოვნად იძლევა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
ასეთ ვითარებაში, მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრება გაუმართლებელია, რამდენადაც ფორმალური თვალსაზრისით კანონის ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი გარიგების დადებისას მესამე პირისათვის ამ გარიგების მხარეთა სუბიექტური ნების მტკიცების დაკისრება არამართებულია; შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ფაქტების მითითების ტვირთი, რომელთა ანალიზი გარიგების მოჩვენებით ხასიათს პრეზუმირებულს გახდის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩუქების მონწილეთა მოჩვენებითი ქცევა, მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოა, ხოლო მოპასუხეებს, როგორც გარიგების დამდებ პირებს, მით უფრო უსასყიდლო განკარგვის - ჩუქების პირობებში ეკისრებოდათ ნამდვილი ნების გამოვლენისა და საკუთრების გადაცემის მიზნის მტკიცება, რაც, მოცემულ შემთხვევაში გონივრული მსჯელობის სახით, ვერ იქნა წარმოდგენილი და დაძლეული.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასარჩელო მითხოვნა განხორციელებადია, რომლის წინააღმდეგაც მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრული არგუმენტები.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და
საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა და იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
17.1. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოწინააღმდეგე მხარეებს, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი გ.ჭ–იასა (პ/ნ ......) და ი.ჭ–იას (პ/ნ ......) შორის (კანონიერი წარმომადგენელი ხ.ხ-ჭ–ია პ/ნ .......) 2018 წლის 10 ოქტომბერს
გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
5. ქალაქ სენაკში, ......... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით #....... საჯარო რეესტრში აღირიცხოს გ.ჭ–იას (პ/ნ .........) სახელზე.
6. გივი და ი.ჭ–იებს ზ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე