Facebook Twitter

18 იანვარი, 2023 წელი,

საქმე №ას-1223 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „დ.ო.დ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „შ.ც.ე––ნი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ქირის დაკისრება; ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „დ.ო.დ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამქირავებელი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „შ.ც.ე––ნის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამქირავებელი) მოთხოვნა ქირის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

კერძოდ, მოპასუხეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 14 მაისამდე არსებული ქირის დავალიანება - 6774 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაეკისრა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო - 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და პირგასამტეხლო 106 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს - 66.2 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში;

ხელშეკრულების დარჩენილი ვადის განმავლობაში (2020 წლის 14 მაისიდან - 2023 წლის 3 სექტემბრამდე) ქირის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, 2019 წლის 15 დეკემბრისთვის საიჯარო ფართი რეალურად უკვე ჰქონდათ გამონთავისუფლებული, შესაბამისად, ქირის გადახდის ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ.

1.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელე არა თუ 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში იყო ინფორმირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არამედ უფრო ადრე სექტემბერ-ოქტომბერში იცოდა აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე.

1.3. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, პირგასამტეხლო დამატებითი ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითად ვალდებულებაზეა დამოკიდებული და ვინაიდან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევა არ დგინდება, არც პირგასამტეხლოს ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2018 წლის 3 სექტემბერს წერილობითი ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ქირავნობის ხელშეკრულება) დაიდო. შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს 5 წლით დროებით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ......... #16-ში პირველ სართულზე მდებარე 50 კვ.მ ნივთი, საკადასტრო კოდით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), ყოველთვიური ქირა - 1 კვ.მ-ზე 25 აშშ დოლარის ეკვილალენტს ლარში, ხოლო პირველი და მეორე თვის ქირა - 1 კვ.მ-ზე -12.50 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, შეადგენდა, რომელიც უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს ყოველი მომდენო თვის - 10 რიცხვისა.

4.3.1. ქირის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება აქვს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს დაარიცხოს ჯარიმა ქირის 1%, ხოლო როდესაც ასეთი დარღვევა 15 კალენდარულ დღეს სცილდება - ჯარიმა, ვადაგადაცილებული თანხის 50% (იხ. 8.2 პუნქტი).

4.3.2. 2018 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელემ გადასცა, ხოლო მოპასუხემ მიიღო ხელშეკრულების საგანი (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).

4.4. მხარეებს უფლება აქვთ სამი კალენდარული თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ცალმხრივად მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც ხელშეკრულების შემწყვეტი მხარე თავისუფალია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან (იხ. ხელშეკრულების 6.1. პუნქტი).

4.4.1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 კალენდარულ თვეზე ნაკლები, რა შემთხვევაშიც, მეორე მხარე უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებულია აუნაზღაუროს მას ერთჯერადი პირგასამტეხლო, საფასურის ერთმაგი ოდენობით გადახდის მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალდენდარული დღის ვადაში (6.2. პუნქტი).

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წესს ასევე ითვალისწინებს გარიგების 6.3 პუნქტიც.

4.5. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდგომ მოიჯარე სამი კალენდარული დღის ვადაში უბრუნებს მეიჯარეს იჯარის საგანს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იმავე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ჩაიბარე მეიჯარისგან (იჯარის საგნით ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის, იჯარის საგნის სწორი ექსპლოატაციის, ამორტიზაციის, ნორმალური ცვეთის ან/და სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით), (იხ. ხელშეკრულების 2.3. პუნქტი).

4.6. თუ მოიჯარე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში განზრახ არ აბრუნებს იჯარის საგანს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მეიჯარეს უფლება ეძლევა მოითხოვოს ფაქტობრივი სარგებლობის საიჯარო ქირის გადახდა (იხ. შეთანხმების 8.3 პუნქტი).

4.7. იჯარის შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) 2019 წლის 18 დეკემბერს მიმართა.

4.7.1. მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმების წარდგენა დაევალა.

4.7.2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის დაცვით, განმცხადებელმა ხარვეზი არ აღმოფხვრა, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

4.8. 2019 წლის 27 დეკემბრის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს ქირის გადახდა, ხოლო 2020 წლის 7 აპრილს კი, ფართის გათავისუფლება მოითხოვა.

4.9. დამქირავებელი 2019 წლის 1 დეკემბრიდან ფლობდა ფართს და ქონება გამქირავებელს 2020 წლის 14 მაისს გადასცა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).

4.10. ხელშეკრულების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების სახელშეკრულებო ვადები მოპასუხეს არ დაუცვია.

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება, თავისი შინაარსით ქირავნობას წარმოადგენს და სწორედ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთება. იჯარის ხელშეკრულებას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან ძირითადად, გარიგების მიზანი განასხვავებს, სახელდობრ, მაშინ, როდესაც ქირავნობას დანიშნულება არ გააჩნია, იჯარის ხელშეკრულებით ქონება მოიჯარეს ნაყოფის მისაღებად გადაეცემა. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ სსკ-ის 531-ე და 581-ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების შედარება სრულიად საკმარისია: „ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“, „იჯარის ხელშეკრულებით კი, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.

ამდენად ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“).

დადგენილია, რომ მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა კონკრეტული უძრავი ნივთი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იძლეოდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას; აქედან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დადებულია ქირავნობის და არა იჯარის ხელშეკრულება, საფუძვლიანია.

6. საკასაციო პალატის დასკვნით, ნივთის სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე წინადადებიდან (დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), გამომდინარეობს.

მოსარჩელემ ქირის - 6774 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დავალიანების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა, კერძოდ, წარადგინა 2019 წლის 27 დეკემბრის, 2020 წლის 7 აპრილს წერილები და იმავე წლის 14 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საპირისპიროდ მოპასუხემ კომპანიის ბუღალტრისა და თანამშრომლის 2020 წლის 2 ივლისის ახსნა-განმარტებები და სასაქონლო ზედნადებები მოიშველია; საყურადღებოა, რომ დასახელებული მტკიცებულებებით სადავო ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემის ფაქტი არ დგინდება და საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესრულებულია აღნიშნული ნორმით (სსსკ-ის 531-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობები. ამასთან, სახეზე არ არის მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემწყვეტი გარემოებები.

7. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 18 დეკემბერს გამოხატა ნება იმავე წლის 1 დეკემბრიდან მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთვიანი ვადა არ ყოფილა დაცული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილშიც.

8. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის არ არსებობის გამო, 106 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 66.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დაუსაბუთებლად დაკისრების ნაწილშიც.

სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლზე, რომლის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარის არსებითი ინტერესის გათვალისწინებით 106 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლო 662 აშშ დოლარი შეამცირა ათჯერ. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან იგი მინიმალურ მოცულობამდეა დაყვანილი და განსახილველი საქმის მიზნებისთვის გონივრულ რაოდენობას შეადგენს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1073.93 ლარისა (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 13.07.2022წ) და 268.50 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 07.11.2022წ), ჯამურად - 1342.43 ლარის 70% - 939.1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.ო.დ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „დ.ო.დ–იას“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1073.93 ლარისა (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 13.07.2022წ) და 268.50 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 07.11.2022წ), ჯამურად - 1342.43 ლარის 70% - 939.1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე