Facebook Twitter

31 იანვარი, 2024 წელი,

საქმე №ას-1170 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ.ო.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, გამსეხებელი ამ კრედიტორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 9 996.73 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც - 9 896.73 ლარი სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 100 ლარი გამარტვებულ წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის თაობაზე გადახდილი ბაჟია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შეთანხმების 4.1. პუნქტი არასწორად მიიჩნია კანონშესაბამისად, რადგან მისთვის უცნობი იყო, რომ ვალდებულების სრულად დაფარვის მიზნით პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით (დეტალურად იხილეთ საკასაციო პრეტენზია).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2020 წლის 12 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო #3694-4344 სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 15 000 ლარი, სესხის ვადა - 48 თვე, წლიური სარგებელი - 36%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის - 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.3.1. კრედიტორის სასარგებლოდ, გირავნობთ დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ავტომანქანა - Toyota Camry; გამოშვების წელი -2013; ფერი - თეთრი; ტიპი - სედანი; სახელმწიფო ნომერი - ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გირავნობის საგანი).

4.3.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ქონების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს/დამგირავებელს დაეკისრებოდა მატრიალური პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე მთელი თავისი ქონებით; რაც ნიშნავს რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, ვალდებულების დაფარვა განხორციელდეს მსესხებლის მიმდინარე ანგარიშების დაყადაღებით და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით. იგივე ვრცელდებოდა იმ დანახარჯებზე რაც შეიძლებოდა წარმოშობილიყო გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში (იხ. 4.1 პუნქტი).

4.4. მოსარჩელემ 2020 წლის 8 მაისს სსიპ მომსახურების სააგენტოდან #035635 გირავნობის მოწმობა მიიღო, რომელიც აღსასრულებლად კერძო აღმასრულებელს გადაეცა.

4.5. კრედიტორმა 2020 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წარმოების გზით ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თავის მხრივ მოპასუხემ პროტესტი წარადგინა და არ დაეთანხმა აპლიკანტის მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.

4.6. გირავნობის საგნი - 3000 აშშ დოლარად შეფასდა (იხ. "კ. ი.ჯ–ას“ 2020 წლის 20 ნოემბრის მოძრავი ქონების შეფასების დასკვნა).

4.7. მოსარჩელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www. eauction.ge გამართულ აუქციონზე გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის საფასურის აუნაზღაურებლობის გამო, მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა - 900 ლარი მოსარჩელეს ჩაერიცხა. ხელმეორედ ჩატარებულ აუქციონზე გირავნობის საგანი - 9300 ლარად გაიყიდა.

4.8. მსესხებლის დავალიანება - 22096.73 ლარს შეადგენდა, კერძოდ, ძირითადი თანხა -15 000 ლარი, პროცენტი - 1871.23 ლარი და პირგასამტეხლო - 4 162.50 ლარი.

4.8.1. ამასთან, მოსარჩელემ შემდეგი დამატებითი ხარჯი გაიღო - გირავნობის მოწმობის აღება - 51 ლარი, გირავნობის მოწმობის აღსრულება - 301 ლარი, გირავნობის საგნის შეფასება - 250 ლარი, ევაკუატორის მომსახურება - 110 ლარი, აუქციონის ჩატარების ხარჯი - 186 ლარი, ნივთის დათვალიერება-გადაფორმება - 165 ლარი.

4.9. აუქციონიდან მიღებული თანხიდან - 10 200 ლარის ფარგლებში, დავალიანების ნაწილი დაიფარა.

4.10. მსესხებლის დავალიანება - 11 996. 73 ლარია, საიდანაც - 11 896. 73 სესხის ძირითადი თანხა, ხოლო - 100 ლარი გამარტვებულ წარმოების ფარგლებში დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის თაობაზე გაღებულ ბაჟის შეადგენს.

5. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თუ რამდენად საფუძვლიანია კასატორის პრეტენზია შეთანხმების 4.1. პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ სავალდებულო განმარტების არ არსებობის თაობაზე.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ - სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება.

სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს.

ამ შემთხვევაში, თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შემადგენლობის არსებობამ განაპირობა.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული სსკ-ის 623-ე მუხლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მსესხებელს უნდა ჰქონდეს გადაცემული თანხა საკუთრებაში და კისრულობდეს განსაზღვრული ვადის მიხედვით, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

7.1. სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება.

ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის.

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

8. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).

9. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თანხის მიღებას სადავოდ არ ხდის. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ არ იყო ინფორმირებული, დაგირავებული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვალდებულების ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მთელი ქონებით პასუხისმგებლობის შესახებ.

9.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ ისეთ დროს, როდესაც პირი გაცნობიერებულად კისრულობს საკრედიტო დაწესებულების წინაშე ფულად ვალდებულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენის დადგენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ამავდროულად, კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს, დადგეს ადეკვატური სამართლებრივი შედეგი.

9.2. ამასთან, მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ: №ას-1152-2021, 31.01. 2022წ.; №ას-1329-2019, 12.04.2022 წ.)

9.3. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ საფუძველს (იხ: ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2003წ., გვ.67).

9.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

9.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201.4 მუხლის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება.

9.6. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

9.7. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.

9.8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს წარდგენილი შესაგებელით შეთანხმების 4.1 პყუნქტით გათვალისწინებული პირობა სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, ნორმის მეოთხე ნაწილის და ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების და არგუმენტების უსაფუძვლობაზე მოპასუხეს უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში ან უკიდურეს შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე