ბს-69-3-გ-04 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 18 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ფ. გ.-მა მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 2 აპრილს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს “ს.-გან” იყიდა ...-ისა და ...-ს ქუჩებს შორის მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელე.
ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002წ. 2 ოქტომბრის ¹20/637 ბრძანებით მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიეცა საცხოვრებელი სახლის აშენების უფლება.
ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილებით შეწყდა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ყოველგვარი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა-შეთანხმება. ამავე დადგენილებით შპს “ს.-ის” შეუჩერდა მიწის ნაკვეთების გასხვისების უფლება დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანებით გაუქმებულად ჩაითვალა ქალაქის მთავარი ატქიტექტორის 2002წ. 2 ოქტომბრის ¹20/637 ბრძანება.
2003წ. 27 ივნისს ქ. თბილისის საკრებულომ მიიღო ¹55 დადგენილება, რომლითაც ქ.თბილისში, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე აიკრძალა ყოველგვარი კაპიტალური მშენებლობა.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება.
2003წ. 21 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება, რომლითაც მიიჩნია, რომ ფ. გ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეს წარმოადგენდა, რადგანაც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია. ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, აგრეთვე, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანებაც.
აღნიშნული განჩინებით ფ. გ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ფ. გ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანებისა და ქ. თბილისის საკრებულოს ¹55 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ფ. გ.-ის სარჩელი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა წარადგინა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 ივლისის განჩინება, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული ალ. თ.-ის, მ. მ.-ისა და სხვა ფიზიკურ პირთა სარჩელი მოპასუხეების: ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 და ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 5 ივნისის ¹08.06.184 დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
აღნიშნული განჩინებით სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ორივე აქტი იყო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსახილველი საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად მისი გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოების განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე ფ. გ.-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის ატქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ, რადგანაც თბილისის საოლქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სხვა ფიზიკური პირების სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ, მისი 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ამიტომ ამ საფუძვლით ფ. გ.-ის სარჩელიც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოდან განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საოლქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილება და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტებია, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ორივე აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ფ. გ.-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 27 ივნისის ¹55 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 24 ივნისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.