Facebook Twitter

18 იანვარი, 2024 წელი,

საქმე № ას-1251-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - სარჩოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ გაზრდილი ოდენობით სარჩოს დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 3 870 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს 2022 წლის 12 აპრილიდან ყოველთვიურად, სარჩოს - 850 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;

3. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლებით.

4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხის წარმომადგენლისთვის (იხ. მინდობილობა) ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამასთან, იგი არ არის სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2023 წლის 10 იანვრიდან და იმავე წლის 23 იანვარს ამოიწურა, მითითებულ ვადაში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 7 თებერვალს. მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2023 წლის 23 მაისს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, შპს „ქ.ტ.ე–ის“ საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ განცხადება ფოსტას 2023 წლის 9 იანვარს (ორშაბათი), გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღეს წარუდგინა, რომელიც სასამართლოში 2023 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა, თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, სასამართლოს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია, შესაბამისად, არც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევიათ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ დასაბუთებით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ განცხადება ფოსტას 2023 წლის 9 იანვარს (ორშაბათი), გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღეს წარუდგინა, რომელიც სასამართლოში 2023 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა, თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მხოლოდ 2023 წლის 16 მაისს შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა და სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა. სწორედ ამიტომ, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინება.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს რომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დინება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის ფარგლებში არ გამოცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, ხოლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ აპელანტის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. (იხ. ხელწერილი).

15. როგორც ირკვევა, მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 10 იანვრიდან დაიწყო და ამავე წლის 23 იანვარს ამოიწურა.

16. საქმის მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2023 წლის 23 მაისს წარადგინა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

17. საკასაციო პალატის დასკვნით დაუსაბუთებელია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული პოზიცია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების თაობაზე მოთხოვნის შესახებ განცხადების ფოსტაში 2023 წლის 9 იანვარს (ორშაბათი), გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღეს ჩაბარების მოტივით გასაჩივრების ვადის გაგრძელების შესახებ.

საკასაციო სასამართლო უარყოფს ამ მსჯელობას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მხარის აღწერილი მოქმედება გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის შეცვლის საფუძველს არ წარმოშობს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს, ვინაიდან ზემომოხმობილი ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს (რადგან იგი სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტია) 2023 წლის 11 იანვარს გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც იმას ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითებული პერიოდისთვის მზად ჰქონდა და მოპასუხესაც გააჩნდა მისი ჩაბარების შესაძლებლობა.

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

19. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.რ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე