Facebook Twitter

საქმე №ას-1187-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ლ.ფ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ლ-ფ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „,ლ-ფ–ს“ მოსარჩელე შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 395. 31 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „ლ-ფ–ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-ფ–მა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ლ-ფ–მა“, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ზოგადად შეაფასა მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა, მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება შეუძლებელია ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, კონკრეტულად რომელი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობა ვალდებულება, ამიტომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. სასამართლომ საკუთარი პოზიცია დააფუძნა 2022 წლის 30 მარტის შედარების აქტს, რომ თითქოს მოპასუხეს ასანაზღაურებელი ქონდა ნასყიდობის საგნის ღირებულება 5395.31 ლარი. ასეთი სახის დოკუმენტი ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარებად, რადგან აუცილებელია დადგინდეს მხარეები შეთანხმდნენ თუ არა ხელშეკრულების არსებით პირობებზე. მხოლოდ საბუღალტრო მონაცემების შედარების აქტები არ უნდა იქნეს მიჩნეული ვალის არსებობის აღიარებად, რადგან ვალის აღიარება სამართლებრივი შედეგის მქონე შეთანხმებაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.1. 2020 წლის 25 აგვისტოს შპს ,,ე–ი’’-ს (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ,,ლ-ფ–ი’’-ს (შემდგომში მოპასუხე) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე, როგორც გამყიდველი, 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის აგვისტომდე გარკვეული პერიოდულობით აწვდიდა პროდუქციას მოპასუხეს, რის სანაცვლოდაც იღებდა ნასყიდობის საფასურს - მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად. მოპასუხე პროდუქციის შეკვეთას ახორციელებდა ზეპირად.

10.2. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდებისა და ნაწილი თანხის გადახდის შემდგომ, მოპასუხის დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 5 395.31 ლარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2022 წლის 30 მარტის შედარების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის 30 მარტის მდგომარეობით მოპასუხის ვალი მოსარჩელე შპს „ე–ის“ მიმართ შეადგენს 5 395.31 ლარს. მოპასუხეს განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, დავალიანების აღნიშნული ოდენობა სადავო არ გაუხდია. მან ფაქტობრივად სადავო გახადა ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შეთანხმების არსებობის ფაქტი.

11. ვალდებულების არ არსებობის შესახებ, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (შდრ. სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უარყოფს მოპასუხის/კასატორის პრეტენზიას, რომ არ დგინდებოდა კონკრეტულად თუ რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა აღნიშნული ვალდებულება და რა იყო ნასყიდობის საგანი, მის ყურადღებას მიაქცევს შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი, რომელშიც ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს, შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (იხ. სუსგ #ას-201-2019, 8 მაისი, 2019 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში, წერილობითი ფორმით წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს არა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, არამედ ვალდებულების შესრულების პერიოდი გახადა სადავო.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის შინაარსით: მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 477-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის, ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ საკუთრების უფლების გადაცემას ემსახურება.

18. სსკ-ის 365-ე მუხლის დეფინიცია, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა (სუსგ Nას-855-855-2018, 28.02.2019წ.).

19. საკასაციო პალატა მითითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 2022 წლის 30 მარტის შედარების აქტი, რომლის თანახმადაც შპს „ე–ი“ და შპს „ლ-ფ–ი“ შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ მოხდა საწარმოთა ურთიერთანგარიშსწორების შედარება. შედარების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 30 მარტის მდგომარეობით შპს „ლ-ფ–ის“ ვალი შპს „ე–ი“ მიმართ შეადგენს 5 395.31 ლარს. აქტი ხელმოწერილია და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებულია ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ, აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნათელია ვალდებულების არსებობის სახელშეკრულებო საფუძველი, რაც გამორიცხავს კასატორის შედავებას შეთანხმების არარსებობის შესახებ.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად გაანალიზოს და შეაფასოს კასატორის მხოლოდ უძირითადესი არგუმენტები.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 30%-ის - 70 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ლ.ფ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30% - 70 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე