საქმე №ას-1524-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.შ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "მ.ო.მ.ბ.კ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „მ.ო.მ.ბ.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; ი.შ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი კ.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ; მოპასუხეს, 2018 წლის 9 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 27 439.34 ლარის, სარგებლის - 534.53 ლარისა და პირგასამტეხლოს - 82.31 ლარის გადახდა; მოპასუხეს, 2018 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 11 147.19 ლარისა და სარგებლის - 212.57 ლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..........., ბინა N55, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..........
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 4 %, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 1 აგვისტოს ჩაჰბარდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 2 აგვისტოს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რადგან თანხა საკმაოდ სოლიდურია და მის გადახდას აპელანტი ვერ ასწრებს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა და დაევალა, განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 4 %, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაჰბარდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 5 ოქტომბერს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამატებით 7 დღით გაგრძელება ითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა და დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 4 %, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
10. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 24 ოქტომბერს ჩაჰბარდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
12. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს.
13. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
14. სსსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
15. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამავე დროს, სასამართლოსთვის დამატებით რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობითაც არ მიუმართავს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტის მიერ არ იქნება გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
17. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ორჯერ მოითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.
22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
23. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.
24. დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს - ს.კ–იას პირადად 2023 წლის 24 ოქტომბერს ჩაჰბარდა. აპელანტს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
25. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
26. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 12-16 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება 2023 წლის 24 ოქტომბერს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა 2023 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო და 2023 წლის 31 ოქტომბერს (სამშაბათი) ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
28. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).
29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ Nას-366-366-2018, 18.05.2018წ). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც, პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019 , 25.09.2019წ).
31. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
32. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუკი სასამართლო აპელანტის მტკიცებას გაიზიარებდა, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დრომდე განცხადების წარდგენის გზით შეეძლო დამატებითი შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის და საპროცესო ვადის გაგრძელება მოეთხოვა, რაც არ შეასრულა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სასამართლომ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაითვალისწინა, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აპელანტს სასამართლოსთვის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში სააპელაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში ასახულ კერძო საჩივრის პრეტენზიას, ის უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგან საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ აპელანტმა ორჯერ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება, მას არც ერთ შემთხვევაში არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ (იხ. აპელანტის განცხადებები საქმის მასალებში - ს.ფ. 169 და ს.ფ.187), რაც არა მხოლოდ ასეთი მოთხოვნის წარდგენას, არამედ მისი შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარებას მოითხოვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა იმ საკითხზე, რომელიც აპელანტს არ მოუთხოვია. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად არაერთხელ განსაზღვრულმა ვადამ სამ თვეზე მეტი შეადგინა (იხ. წინამდებარე განჩინების 4-10 პუნქტები), რა ვადაშიც მოპასუხეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით (განცხადებით) მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რასაც კანონმდებლობით დადგენილი შედეგი მოჰყვა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების მოთხოვნის შესახებ.
33. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
34. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.შ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური