საქმე №ას-1123-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ.ჭ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ხ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 5100 ლარისა და პირგასამტეხლოს - 993.72 ლარის ანაზღაურება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 1989 წლის 12 იანვრიდან ბუღალტერიის განყოფილების უფროსად, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე ასრულებდა ბუღალტერის და სხვა ადმინისტრაციულ ვალდებულებებს.
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი მოთხოვნა 2011, 2012, 2013 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო 2013 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანება, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 23 ივნისს. მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ის დრო, როცა მან ვერ მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 129.2, 130-ე მუხლების თანახმად, 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნებზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და სსკ-ის 144.1. მუხლი უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების გადახდაზე.
5. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ვალის დეკლარაციული აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, მაგრამ გავლენას ვერ იქონიებს უკვე გასულ ხანდაზმულობის ვადაზე და ვერ გამოიწვევს მის აღდგენას. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასული დრო ბევრად აღემატება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარება კრედიტორის ხანდაზმულ მოთხოვნას განხორციელებადად ვერ აქცევს.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 31.3. მუხლის თანახმად, დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმული იყო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და წარმოდგენილი მტკიცებულება (საკრედიტო ამონაწერი), რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანია მოსარჩელეს 2015, 2016, 2017 წლის აპრილის თვეში მიმდინარე ხელფასთან ერთად ასევე ურიცხავს ძველ დავალიანებას. ძველ დავალიანებაში, ბუნებრივია, იგულისხმება 2011, 2012, 2013 წლების დავალიანება, რადგან 2010 წლის დავალიანება, როგორც მოთხოვნა, მოსარჩელეს მოხსნილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. 2014-2015 წლების დავალიანება ფიზიკურად არ არსებობდა.
13. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2.1. [შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ], 31-ე [შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი] და 34-ე [შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული] მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011-2013 წლების მიუღებელ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულია.
15. სშკ-ის 1.2. მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე ვრცელდება სსკ-ის 129.2. მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
16. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-934-899-2016, 14.02.17) (იხ. სუსგ საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).
17. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ საქმე №ას-599-562-2010, 1 დეკემბერი, 2010 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 23 ივნისს მიმართა სასამართლოს 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ხოლო ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში. შესაბამისად, ცხადია, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში არ განახორციელა და სსკ-ის 144.1. მუხლი [ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე] უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების გადახდაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი