საქმე №ას-1229-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სააგენტო“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს სარჩელი ნ.ც–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სახით, 2187.4 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა მოპასუხეს დროებით სარგებლობაში. უძრავი ქონების მახასიათებლებია: დუშეთის რაიონი, სოფელ ....... მდებარე 1884 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ........);
2.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან;
2.3. მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 2120 ლარით, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველწლიურად ყოველი წლის 31 დეკემბრამდე;
2.4. მოიჯარემ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, - პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,1% (იხ. იჯარის ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 12-23);
2.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ზემოთ მითითებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის, ჯამში 2 187,4 ლარის ოდენობით. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მიწა აღმოჩნდა სახნავად უვარგისი, რომლის თაობაზეც აცნობა მეიჯარეს და მიმართა შესაბამისი წერილით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 46);
2.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და მიუთითა, რომ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნიადაგი აღმოჩნდა კლდიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა დამუშავებული, ვერ მოხდა შესაბამისი ტექნიკით (გუთანი) დამუშავება. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26);
2.7. 2016 წლის 2 თებერვალს მოპასუხემ კვლავ მიმართა განცხადებით სააგენტოს და მიუთითა, რომ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი არის სრულიად გამოუსადეგარი, რის გამოც კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ ვერ შეძლებდა იჯარის თანხის გადახდას (იხ. ტ.1, ს.ფ. 27);
2.8. სააგენტოს 2016 წლის 19 მაისის ბრძანებით შეწყდა მხარეთა შორის 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება (იხ. ბრძანება, ტ.1, ს.ფ. 28-29);
2.9. 2016 წლის 23 მაისსა და 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა და აცნობა, რომ საიჯარო ქირის - 2 120 ლარის გადაუხდელობის გამო, მას დაეკისრა ჯარიმა, 209.35 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავი ქონებით სარგებლობის დღეთა რაოდენობისა და გადახდილი ბეს გამოკლებით (30 ლარი), საიჯარო ქირის გადასახადი შეადგენდა 1 506 ლარს (იხ. წერილები, ტ.1, ს.ფ. 32-35).
3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთის მდგომარეობის ვარგისიანობის შესახებ გარემოება მოპასუხის სამტკიცებელი იყო, რაზედაც მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ ორჯერ მიმართა მოსარჩელეს და აცნობა იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოუსადეგარი იყო, კერძოდ, მიწა იყო ქვიანი, კლდოვანი, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამუშავებული, რის გამოც ფაქტიურად ვერ შეძლო მისი მოხვნა/დამუშავება, ასეთი წერილობითი განცხადებების არსებობის პირობებში, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული დაედასტურებინა საპირისპირო, თუნდაც ისეთი ფაქტობრივი გარემოების მითითებით, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე იგივე მიწა გამოიყენებოდა მსგავსი დანიშნულებით და ის ვარგისი იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. ამ მხრივ მოსარჩელის მითითება მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ნაკვეთის დანიშნულებაში მითითებულია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), a priori არ მიუთითებს მიწის ვარგისიანობაზე, გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი დასკვნის შედგენის მოთხოვნით, მაგრამ შესაბამისი დარგის სპეციალისტების არარსებობის გამო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 87). სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სწორედ მოპასუხის ადეკვატურ მცდელობაზე მეტყველებდა, გაემყარებინა მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ მიწა არ იყო ვარგისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, რომლის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 592-ე, 595-ე, 399-ე მუხლებით და განმარტა, რომ იჯარის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. როგორც წესი, იჯარის ხელშეკრულების მხარეები პირდაპირ უთითებენ ხელშეკრულებაში გაქირავებული ნივთით სარგებლობის მიზანს. შესაბამისად, იჯარის საგნის ხარისხის უპირველესი კრიტერიუმია მისი ვარგისიანობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნისათვის. ვარგისიანობის შენარჩუნების მხრივ მეიჯარის ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებით. მეიჯარე ვალდებულია, იჯარის საგნის ვარგისიანობა შეინარჩუნოს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
5. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს გააჩნდა პატივსადები საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, რაც, საბოლოოდ, საიჯარო ქირის გადახდის და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოიჯარეს გადაეცა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის უვარგისი ნივთი. ნაკლიანი საიჯარო ქონების არსებობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. იმ პირობებში, როდესაც იგი აპელირებდა ნივთის ნაკლზე, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მოპასუხეს და არა - სააგენტოს. სააგენტომ აუქციონზე გაიტანა უნაკლო ნივთი, რასაც ასევე ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის დანიშნულება იყო სახნავი და გამოიყენებოდა ამ მიზნით, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ უზრუნველყო მოპასუხემ.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე [სსკ-ის 592-ე მუხლი: სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი].
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნით სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ. ამდენად, საიჯარო ქირის თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, რითაც ქონების სარგებლობით გარანტირებულია შემოსავლის მიღების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-294-294-2018, 8 მაისი, 2018 წელი).
14. მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით [სსკ-ის 595-ე მუხლი].
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ორჯერ მიმართა მოსარჩელეს და აცნობა იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოუსადეგარი იყო, კერძოდ, მიწა იყო ქვიანი, კლდოვანი, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამუშავებული, რის გამოც ფაქტიურად ვერ შეძლო მისი მოხვნა/დამუშავება. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი დასკვნის შედგენის მოთხოვნით, მაგრამ შესაბამისი დარგის სპეციალისტების არარსებობის გამო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). აღნიშნულ პირობებში კასატორის მითითება მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის დანიშნულება იყო სახნავი, ვერ აბათილებს მოპასუხის შედავებას, რომ ვერ შეძლო გადაცემული მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება, ხოლო მოსარჩელემ კი ვერ უზრუნველყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხისათვის საიჯარო ქონების უნაკლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში გადაცემის დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა საიჯარო ქირის და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საფუძველი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი