Facebook Twitter

საქმე №ას-604-2019 12 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „მ.რ.ე–ი“, ნოტარიუსი ა.ჯ–ძე, ა.თ–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებების და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ი.ა–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები შპს მისო „რ.ე–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“), ნოტარიუს ა.ჯ–ძისა (შემდგომში - „მოპასუხე ნოტარიუსი“) და ა.თ–იას (შემდგომში - მეორე მოპასუხე“) მიმართ ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2012 წლის 03 დეკემბერს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4625 და საკრედიტო თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 10 წელი, სარგებლის წლიური ოდენობა - 60%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 30-34);

2.2. 2012 წლის 03 დეკემბერს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული N4625 ხელშეკრულების დანართის, იპოთეკის ხელშეკრულება N4625, თანახმად, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, ს/კ №........., ს/კ №........- იპოთეკით დატვირთვის თაობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38-47);

2.3. 2012 წლის 03 დეკემბერს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული N4625 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების N4625-02 დანართის მიხედვით, კრედიტის თანხა განსაზღვრულია 19710 აშშ დოლარით, ვადა - 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა -24%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი „დამატებითი ხელშეკრულებიდან“ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის და სხვა ხელშეკრულებების საგნებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35-37);

2.4. სასესხო ამონაწერების თანახმად, 2015 წლის 01 იანვრის მდგომარეობით N4625 სესხს აქვს სტატუსი „დახურული“, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების გამო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-29);

2.5. 2014 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N10198 ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ მეორე მოპასუხეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 25947 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით;

2.6. კრედიტის მიზნობრიობა იყო საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, ს/კ №......... და ს/კ №......, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 212-225);

2.7. 2015 წლის 04 აგვისტოს მოპასუხე კომპანიასა და მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N13534 ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ მოსარჩელეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით. კრედიტის მიზნობრიობა იყო საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, ......, ს/კ №........ და ს/კ №........, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. მეორე მოპასუხემ და მოსარჩელემ გადაიხადეს სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასური 115.19 ლარი და რეგისტრაციის საფასური ორი ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 75-88);

2.8. 2015 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე, ასევე მეორე მოპასუხე, მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიიდან გაიტანა 7840 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 91);

2.9. 2015 წლის 04 აგვისტოს მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N13533 ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ქუთაისი, ....., ს/კ №........და ს/კ №......., რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 160-176);

2.10. 2015 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს მეორე მოპასუხე, მითითებულია, რომ მეორე მოპასუხემ მოპასუხე კომპანიიდან გაიტანა 20000 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 227);

2.11. მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ დაარღვიეს 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხე კომპანიის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც 2016 წლის 06 მაისს მოპასუხე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია მოპასუხე კომპანია, მოვალე - მოსარჩელე, ხოლო მესაკუთრე - მეორე მოპასუხე. აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე;

2.12. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: ძირითადი დავალიანება - 7836.54 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 238.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1214.66 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 20-22, 24-25).

3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს მოპასუხე კომპანიასა და მოსარჩელეს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N13534 ხელშეკრულება თვალთმაქცური იყო, რადგან თანხა მას არ გადასცემია, რის გამოც ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, რათა დაფარონ სხვა გარიგება, თუმცა ასეთი მტკიცება მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. მოსარჩელის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში ბანკი, მეორე მოპასუხე და თავად მოსარჩელე მოქმედებდნენ მოჩვენებითად და თვალთმაქცურად, რათა მეორე მოპასუხეს არ შექმნოდა დაბრკოლებები ბანკთან საკრედიტო ურთიერთობაში. ამ გარემოებას არ ადასტურებს მოპასუხე კომპანია, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, და რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მოპასუხისაგან. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირველესად კი, მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი 2015 წლის 4 აგვისტოს ხელწერილი თანხის მიღების თაობაზე, ასევე რამდენიმე გადახდა, რაც მოსარჩელემ აწარმოა სესხის ფარგლებში (რასაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული მისივე განმარტება აღნიშნულის თაობაზე), ხელმოწერები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე უტყუარი დასტურია იმისა, რომ მხარეთა შორის რეალურად იმ სამართლებრივ ურთიერთობებს ჰქონდა ადგილი, რაზედაც მათ ხელი მოაწერეს.

5. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, მოვალე/მოსარჩელე და, მეორე მხრივ, კრედიტორი/მოპასუხე, გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი.

6. ის გარემოება, რომ ხელწერილს მოსარჩელესთან ერთად ასევე ხელს აწერს მეორე მოპასუხე, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია იმის დამადასტურებლად, რომ დადებული გარიგებები მოჩვენებითი ან თვალთმაქცურია და, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოსარჩელეს არ გადასცემია (მით უფრო, რომ მოსარჩელის სესხის უზრუნველსაყოფად მეორე მოპასუხის ქონება დაიტვირთა იპოთეკით, სრულიად ლოგიკურია მეორე მოპასუხის ხელმოწერა ხელწერილზე); რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა, მაგ: სალაროს გასავლის ან შემოსავლის ორდერები, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა მეორე მოპასუხის მიერ ვალის დახურვის ან მოსარჩელის მიერ თანხის გატანის ფაქტი; რომ არსებობს მცირედინტერვალიანი სხვაობა მეორე მოპასუხის მიერ ძველი სესხის დახურვასა და ახალი სესხის გატანას შორის, მათ შორის, მოსაზრება მოსარჩელის მიერ თანხის გატანის დროსთან დაკავშირებით და ა.შ.;

7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ზემოთ მითითებულ ორ სესხის ხელშეკრულებას შორის არსებობდა კავშირი და 2015 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებით მოსარჩელეს ახალი ვალდებულება კი არ წარმოშობია, არამედ მხარეები მოქმედებდნენ 2014 წლის 29 ოქტომბრის მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული N10198 სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ 2014 წლის 29 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება დაიდო 27000 აშშ დოლარზე, ხოლო 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებები კი 20000 და 8000 აშშ დოლარზე, რაც ჯამურად შეადგენს 28000 აშშ დოლარს და 1000 აშშ დოლარით აღემატება მითითებულ თანხას.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, რადგან მან გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა მხოლოდ თავისი განმარტების საფუძველზე, რომელიც ვერ გააქარწყლებდა საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებასა და ხელწერილს, რომლითაც მოსარჩელისავე ხელმოწერით დადასტურებულია, რომ მან მოპასუხე კომპანიისაგან აიღო და გაიტანა სესხის თანხა 7840 აშშ დოლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა სადავო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.

9. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ თანხის მიღების ვერდადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდებოდა გარიგების ბათილობის საფუძველი, არამედ შესაძლოა იგი გამხდარიყო ზიანის მოთხოვნის წინაპირობა, თუმცა პალატამ აქვე აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან სესხად აღებული თანხების მიღების ფაქტი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისაგან სესხი არ აუღია. მისი მამამთილის, მეორე მოპასუხის სასესხო დავალიანებამ გადააჭარბა კანონით დადგენილ მაქსიმალურ 50000-ლარიან ზღვარს და მისი სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით საჭირო გახდა სესხის გაყოფა ორ პიროვნებაზე. მამამთილმა მოსარჩელეს სთხოვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმაც აუხსნეს, რომ მისი მონაწილეობა იყო ფორმალური;

15.2. მოსარჩელეს არცერთი გადახდა ამ სესხზე არ განუხორციელებია. მოპასუხე კომპანიაც ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტს, რადგან მათთან გადახდა ხდება ე.წ. ფეიბოქსების მეშვეობით და არ ჩანს გადამხდელი;

15.3. ამასთან, მართალია, სესხების თანხამ მოიმატა 1000 დოლარით, თუმცა აღნიშნული იმით აიხსნება, რომ სესხის რეფინანსირებისას ფინანსური ინსტიტუტები ამატებენ რეფინანსირებისა და მომსახურების სხვადასხვა ხარჯებს, რაც ზრდის სესხის თანხას. ეს ხარჯები ძირითადად შეადგენს სესხის თანხის 1-3%-ს და სწორედ ამდენით არის მომატებული ამ ორი ხელშეკრულების შედეგად სესხის თანხაც;

15.4. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიამ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს, იმ ხელწერილის გარდა, რაიმე სახის გასავლის ორდერი ან სესხის განაცხადი ან რაიმე სახის ჩანაწერი მათი შიდა სისტემებიდან, რაც დაადასტურებდა ფულის სალაროდან გასვლის ფაქტს;

15.5. მეორე მოპასუხე ცნობს მოსარჩელის სარჩელს და ადასტურებს, რომ კანონის მოთხოვნათაგან თავის არიდების მიზნით მოხდა მისი ვალის გადანაწილება მოსარჩელეზე, როგორც სხვა მოვალეზე და, რომ სინამდვილეში თანხა არ მიუღია;

15.6. მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის ხელშეკრულებები დადებულია ერთ დღეს და ამონაწერში ფიქსირდება სესხების მიღებასა და წინა სესხის განულებას შორის 3-5 წუთიანი ინტერვალი (თანაც საღამოს საათებში), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს სესხის თანხა ხელში არ აუღია და არ დაუხარჯავს პირადი მიზნებისათვის;

15.7. არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება - მეორე მოპასუხის აღიარება, რომ მოპასუხე კომპანიისაგან მოსარჩელეს თანხა ნამდვილად არ აუღია და არც გადახდა შეუსრულებია ოდესმე;

15.8. მეორე მოპასუხე არ არის მოსარჩელის ოჯახის წევრი, ის ცალკე ცხოვრობს და დამოუკიდებელია მოსარჩელისგან და მისი მეუღლისგან, როგორც ფიზიკურად, ასევე - ფინანსურად.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე [ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)].

17. საკასაციო პალატის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი - თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

18. თვალთმაქცური გარიგების დროს მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

20. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].

21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

22. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ხელშეკრულებების თვალთმაქცურობის დადასტურების მიზნით აღნიშნავს, რომ მეორე მოპასუხე, რომელიც მისი მამამთილია, ცნობს მოსარჩელის სარჩელს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი მხარეს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი [სსსკ-ის 3.2. მუხლი]. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ [სსსკ-ის 208.3. მუხლი]. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).

24. სსსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია განკარგოს მხოლოდ საკუთარი უფლება, რომელიც მას გააჩნია კანონის ან/და ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად, სარჩელის ცნობა იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, მოპასუხის ამ უფლების განკარგვაში მოსამართლე არ ერევა, მაგრამ ამისათვის მოსამართლე თავისი ინიციატივით ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის სტრუქტურას (ვინ ვისგან, რას, რა საფუძვლით მოითხოვს). მოსარჩელე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომლის დაცვასაც ის ახორციელებს სარჩელით და მოპასუხე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა მოსარჩელესთან არსებული ურთიერთობის ნორმატიული აღწერილობის თანახმად (იხ. სუსგ საქმე №ას-180-169-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელის კრედიტორია მოპასუხე კომპანია, მეორე მოპასუხე, რომელიც მოსარჩელის მამამთილია, წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლითაც უზრუნველყოფილია მოსარჩელის კრედიტი. გამომდინარე იქედან, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს თვალთმაქცურად მოქმედებს აღნიშნული გარიგების ყველა სუბიექტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მეორე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, მეორე მოპასუხის დაინტერესება საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტით ცალსახაა და მის მიერ რომელიმე გარემოების დადასტურება ვერ გახდება ხელშეკრულებების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1274,36 ლარის 70% – 892,05 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი.ა–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 14 მაისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1274,36 ლარის 70% – 892,05 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი