Facebook Twitter

საქმე №ას-515-2019 15 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ვ.ჩ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ჩ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის მიღების უფლება შვილის, მ.ჩ–ის, გარდაცვლილი 1993 წლის 05 იანვარს, სამკვიდრო ქონებაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მ.ჩ–ის სამკვიდროს სახით მიღებული კომპენსაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1989 წლის 21 დეკემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 1971 წლის 25 დეკემბერს დაბადებული მ.ჩ–ი და მ.ჩ–ი. მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ 1983 წელს. 1989 წლიდან მოპასუხეს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ცხოვრობს მათთან ერთად. არასრულწლოვანი შვილები, მ. და მ.ჩ–ები, მშობელთა დაშორების შემდეგ ცხოვრობდნენ დედასთან - მოსარჩელესთან ერთად. ეს უკანასკნელი იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი;

2.2. მ.ჩ–ი გარდაიცვალა 1993 წლის 05 იანვარს. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მშობლები, დედა - მოსარჩელე, მამა - მოპასუხე. ნოტარიუს ლ. დ–ის მიერ 1993 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელეზე გაცემულია კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რეესტრი N1395);

2.3. მ. და მ.ჩ–ების არასრულწლოვნებისას, მოპასუხე იყო დასაქმებული და ჰქონდა შემოსავალი;

2.4. მ.ჩ–ის ომში დაღუპვის გამო ოჯახს დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია. მოპასუხემ მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს და 2017 წლის 01 სექტემბრიდან კომპენსაციის სრული თანხა გაიყო მშობლებს შორის, თითოეულს დაენიშნა 500 ლარი თვეში;

2.5. დუშეთის რაიონის სახალხო სასამართლოს 1984 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მფლობელობაში და საკუთრებაში დარჩა დუშეთის რაიონის სოფელ ........ არსებული ორსართულიანი ბინა, ადრე ვ. ს. ძე ჩ–ზე გაფორმებული და დაბა ........., მდებარე N3 კორპუსში;

2.6. მოპასუხე შვილის, მ.ჩ–ის არასრულწლოვნების პერიოდში თავს არიდებდა დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინა ეს უკანასკნელი.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით იკვეთება შემდეგი გარემოებები: მოწმე მ.ჩ–ის განმარტებით, რომელიც წარმოადგენს მხარეთა საერთო შვილს, მამის მხრიდან სისტემატურად ჰქონდა ცემას და მუქარას ადგილი, რისი მიზეზიც უმეტესწილად არ არსებობდა. მოწმის განმარტებით, მამა განსაკუთრებით სასტიკი იყო მ–ის მიმართ, რომელსაც ხშირად გონებაც კი დაუკარგავს ცემისას და მამას იგი წყლით მოუსულიერებია. მ.ჩ–ის ჩვენებით, მამა ყურადღებას არ აქცევდა შვილებს, არ ახსოვს მისგან რაიმე სახის დახმარება, „პურიც კი არ მოუტანია სახლშიო“, ოჯახში იშვიათად მიდიოდა მაშინაც, სანამ დედ-მამა ჯერ კიდევ არ იყვნენ განქორწინებულნი, მამის არყოფნა კი და-ძმას პირიქით უხაროდა, რადგანაც, როგორც მოწმე მიუთითებს, როდესაც მოპასუხე სახლში იყო, შვილებს ან სცემდა ან ემუქრებოდა. იდენტურ გარემოებას ადასტურებს მოწმე დ.ჭ–იც, რომელიც დარწმუნებით აღნიშნავს, რომ მ.ჩ–ს მამა სულ ეჩხუბებოდა, არასოდეს უწევდა დახმარებას, ხოლო დის ოჯახის მუდმივად გაჭირვებულ მდგომარეობას ადასტურებს მოწმე ო. ჭ–იც, რომლის ჩვენებითაც, ამ მიზეზის გამო იგი მუდმივად ეხმარებოდა მოსარჩელეს.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვილის - მ.ჩ–ის ცემის ფაქტი თავად მოპასუხემაც დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 17 ივლისს გამართულ სხდომაზე, სადაც განმარტა, რომ ნამდვილად სცემა შვილს იმის გამო, რომ მან ფული მოიპარა (იხ. 17.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:38:20 წთ.), თუმცა ცემის სისტემატიური ხასიათი მოპასუხემ უარყო. მისივე ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საკვები, ტანსაცმელი ან სხვა საჭირო ნივთები ოჯახში არასდროს მიუტანია. მართალია, მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომებზე და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებს იმას, რომ ჰქონდა შემოსავალი და მოსარჩელესთან ყოველთვიურად მიჰქონდა 300 ლარი, თუმცა ხსენებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მეტიც, მოპასუხეს მტკიცების ტვირთის რეალიზაცია მოწმეთა ჩვენებითაც კი არ განუხორციელებია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა.

5. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მუდმივად ჰქონდა შემოსავალი, თუმცა იგი თავს არიდებდა მშობლის ვალდებულებას ერჩინა შვილი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, მეტიც - ფიზიკურად ძალადობდა მასზე, რაც ქმნის სსკ-ის 1311-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ შემადგენლობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამასთან, ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ მითითებული გარემოებაც, რომ მან ყოფილ მეუღლესა და შვილებს საალიმენტო ვალდებულების ფარგლებში დაუტოვა ბინა, რამდენადაც საქმეზე დართული 1984 წლის 22 ივნისის დუშეთის რაიონული სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იკვეთება, რომ კონკრეტული უძრავი ქონება წარმოადგენდა მხოლოდ მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას და მან ქონება ალიმენტის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო ცოლ-შვილს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მ.ჩ–ის უღირს მემკვიდრედ მოპასუხის ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების წინაპირობები.

6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან, არასწორად განმარტა იგი, კერძოდ კი, მოპასუხე მიუთითებდა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 თავის შესაბამისად, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება არის ოჯახისთვის განკუთვნილი სარგებელი და ოჯახის წევრთა შორის ნაწილდება თანაბრად, ანუ კომპენსაცია განკუთვნილია ოჯახის წევრებზე, მათ შორის, მშობლებზე და არა -მემკვიდრეებზე, როგორც ეს სასამართლომ მიუთითა. შესაბამისად, მოპასუხის შეფასებით, ასეთ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 1311-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია, რამდენადაც კომპენსაცია სამკვიდრო მასაში არ შედის და უღირს მემკვიდრედ პირის ცნობა ვერ გამოიწვევს მშობლისათვის (ოჯახის წევრისათვის) კომპენსაციის მიღების უფლების ჩამორთმევას.

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ოჯახის წევრის ცნება მოიცავს მშობლებს, შვილებს, დედმამიშვილებს, ბებია-პაპას, მშვილებლებს, შვილობილებს და სხვა პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთად. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ.ჩ–ის მშობლები - მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ 1989 წელს, რის შემდგომაც მოპასუხემ შექმნა ახალი ოჯახი და მას შვილებთან არამცთუ მუდმივად არ უცხოვრია, არამედ სანახავადაც კი არ მიდიოდა. შესაბამისად, ხსენებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პალატამ არ მიიჩნია იგი მ.ჩ–ის ოჯახის წევრად და კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირად.

8. სააპელაციო პალატამ მოპასუხის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უღირს მემკვიდრედ პირის ცნობა ვერ გამოიწვევს მშობლისათვის (ოჯახის წევრისათვის) კომპენსაციის მიღების უფლების ჩამორთმევას, მიუთითა სსკ-ის 1318.1. მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის. სასამართლოს განმარტებით, უღირს მემკვიდრედ პირის ცნობის ინსტიტუტი გულისხმობს, რომ უღირს მემკვიდრეს ჩამოერთმევა არამცთუ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების, არამედ, ზოგადად, მამკვიდრებლის ქონებიდან სარგებლის მიღების უფლებაც, რაც თავისუფლად გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზეც, რამდენადაც კომპენსაციაში მოიაზრება ოჯახისთვის განკუთვნილი სარგებელი და რამდენადაც მოპასუხე არც მ.ჩ–ის ოჯახის წევრს წარმოადგენდა, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულიად საფუძვლიანად იქნა უღირს მემკვიდრედ ცნობილი, მასზე ვერ გავრცელდება ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს და 2017 წლის 01 სექტემბრიდან კომპენსაციის სრული თანხა გაიყო მშობლებს შორის, თითოეულს დაენიშნა 500 ლარი თვეში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რის გამოც მის მიერ მ.ჩ–ის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციიდან უკვე მიღებული სარგებელი - 3500 ლარის ოდენობით უნდა გადასცემოდა უფლებამოსილ მემკვიდრესა და გარდაცვლილის ოჯახის წევრს, დედას - მოსარჩელეს.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. სამკვიდროში შედის მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა მატარებელი სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი. თუ უფლება-მოვალეობა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშობა, მათი მემკვიდრეობით გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი უფლება-მოვალება მემკვიდრეობით კი არ გადადის, არამედ ახლად წარმოიშობა სულ სხვა საფუძვლით. თანაც ამისათვის გარდაცვალებასთან ერთად საჭიროა სხვა იურიდიული ფაქტებიც (იხ. „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი“, რ.შენგელია, ე.შენგელია, 2015, 324-325 გვ);

15.2. ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ოჯახის წევრებში იგულისხმება, მათ შორის, მშობლები, ამიტომ მემკვიდრეობის სამართალიც არ შეეხება, ვინაიდან მოპასუხისთვის სსკ-ის 1206-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ ჩამოურთმევია მშობლის უფლება და, შესაბამისად, მასზე ეს ვერ გავრცელდება;

15.3. ამასთან, კომპენსაცია (და არა სამკვიდრო ქონება) ოჯახს, კერძოდ, მშობლებს დაენიშნათ მ.ჩ–ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც სამკვიდრო მასაში არ შედის (მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე არც აქტივი ქონება გააჩნდა და არც - პასივი);

15.4. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაინტერესებული პირების მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიცემულ ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, მოსარჩელის შვილის, დის და დისშვილის განმარტებებს და გასაგებია, რა პოზიციას დაიკავებდნენ ისინი;

15.5. ვერ დადასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ოჯახში მიჰქონდა ფული, ვინაიდან იმ პერიოდში ბანკის მეშვეობით ასეთ თანხებს არ რიცხავდნენ, ხოლო მოსარჩელე ამას არ დაადასტურებს თავის საზიანოდ.

16. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

17. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას გარდაცვლილი შვილის სამკვიდრო ქონებაზე და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული კომპენსაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

18. სსკ-ის 1311-ე მუხლის თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

19. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია [საქართველოს კონსტიტუციის 19.1. მუხლი]. მემკვიდრეობის უფლება, როგორც ძირითადი კონსტიტუციური უფლება, გათანაბრებულია საკუთრებასთან. საკუთრება პიროვნული თავისუფლების გამოხატულება და წინაპირობაა. მემკვიდრეობის ჩამორთმევა არა მხოლოდ საკუთრების უფლების ჩამორთმევას, არამედ ღირსების შელახვასა და გასაკიცხ ქმედებაში მხილებასაც გულისხმობს. საკუთრების მიმართება პიროვნების თავისუფლებასთან, უწინარეს ყოვლისა, ქონებრივ ურთიერთობებში გამოიხატება, სადაც საკუთრების ამოცანაა მოქალაქეთათვის ფართო შესაძლებლობათა უზრუნველყოფა მეწარმეობის, ვაჭრობის, ქონების თავისუფალი განკარგვის, მემკვიდრეობის და სხვა მსგავს სფეროებში. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული მემკვიდრეები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს, პირველი მემკვიდრეები, რომლებიც ვერც ანდერძით და ვერც კანონით იქნებიან მემკვიდრეები – უღირსი მემკვიდრე და მეორე მემკვიდრეები, რომლებიც ვერ იქნებიან მხოლოდ კანონით და, შესაძლებელია, იყვნენ ანდერძით მემკვიდრეები. ამგვარი დაყოფა აიხსნება, ერთი მხრივ, მოანდერძის ნების პრიორიტეტისა და, მეორე მხრივ, მემკვიდრეთა მიერ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ჩადენის გათვალისწინებას შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობით (დ. ბერეკაშვილი, „უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობითსამართლებრივი სანქციები სავალდებულო წილის მემკვიდრის მიმართ“, „სამართლის ჟურნალი“, №1, 2019, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020, გვ. 19, 20).

20. სსკ-ის 1311-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის ჩამორთმევის წინაპირობაა საოჯახოსამართლებრივი პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება მემკვიდრის მხრიდან კანონით მასზე დაკისრებული მამკვიდრებლის რჩენის ვალდებულებისათვის ბოროტად თავის არიდებით. ასეთი მემკვიდრე ინარჩუნებს მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობას, თუ მამკვიდრებელმა იგი დაასახელა ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მიიღებს ანდერძისმიერ მემკვიდრეობას მამკვიდრებლის მხრიდან „სულგრძელი მიტევების“ გამო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა, რადგან კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობით, ის არ ასრულებს თავის ვალდებულებას არა მხოლოდ მამკვიდრებლის, არამედ კანონისა და საზოგადოების წინაშეც (დ. ბერეკაშვილი, „უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობითსამართლებრივი სანქციები სავალდებულო წილის მემკვიდრის მიმართ“, „სამართლის ჟურნალი“, №1, 2019, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020, გვ. 32, 33).

21. სსკ-ის 1311-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მშობლებს ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება სსკ-ის 1206-ე მუხლის საფუძველზე [სსკ-ის 1206.2. მუხლი: მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა].

22. რაც შეეხება 1311-ე მუხლის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმად, კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით, აღნიშნული წესი მშობელთან მიმართებით შესაძლოა გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ბოროტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ერჩინა შვილი, თუმცა მშობლის უფლება არ ჰქონდა ჩამორთმეული.

23. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ეს უკანასკნელი შემთხვევა.

24. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მას კომპენსაცია დაენიშნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ოჯახის წევრს (მშობელს) და იგი სამკვიდრო მასაში არ შედის.

25. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

26. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მშობლის უფლება ჩამორთმეული არ ჰქონია, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, რომ მოპასუხე შვილის, მ.ჩ–ის არასრულწლოვნების პერიოდში თავს არიდებდა დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინა ეს უკანასკნელი. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა მ.ჩ–ის (მამკვიდრებლის) ოჯახის წევრს.

27. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უღირს მემკვიდრედ პირის ცნობის ინსტიტუტი (რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სსკ-ის 1311-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევა) გულისხმობს, რომ უღირს მემკვიდრეს ჩამოერთმევა არათუ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების [სსკ-ის 1318.1. მუხლი: მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის], არამედ - ზოგადად, მამკვიდრებლის ქონებიდან სარგებლის მიღების უფლებაც. განსახილველ შემთხვევაში ოჯახი კომპენსაციას იღებს სწორედ მამკვიდრებლის ომში დაღუპვის გამო, ხოლო მოპასუხე, რომელსაც ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობა, მით უმეტეს, ვერ მიიღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის დანიშნულ სარგებელს (კომპენსაციას). აღნიშნული ნორმების სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის შვილის მემკვიდრეობის მიღების ჩამორთმევისა და მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამკვიდროს სახით მიღებული კომპენსაციის თანხის - 3500 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

29. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ვ.ჩ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ჯ.მ–ის (პ/ნ: ........) მიერ №7707286392 საგადახდო დავალებით (წარდგენის თარიღი: 16.03.2019; მიღების თარიღი: 18.03.2019) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი