Facebook Twitter

საქმე №ას-540-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც.ფ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით ლ.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ც.ფ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქ. თბილისში, ........ მდებარე 12.48 კვ.მ. დამხმარე ფართი, საკადასტრო კოდით N.......(უფლების დამდგენი დოკუმენტი NM19012229/3, დამოწმების თარიღი 17/07/2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; განკარგულება NA 18175348-020/001, დამოწმების თარიღი 08.07.2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო), რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;

2.2. ქ. თბილისში, ........ მდებარე 14.67 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N.........(უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29.10.2013), რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად;

2.3. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: N........) მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია.

4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს რეგისტრირებული საკუთრების უფლება გააჩნია. კერძოდ, მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 12.48 კვ.მ. უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 14.67 კვ.მ. ნივთზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებული 12.48 კვ.მ. დამხმარე ფართის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის შესახებ, თუმცა მას აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით სასამართლოსთვის არც ერთი რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს მითითებით, ასეთად მიჩნეული ვერ იქნება აპელირება მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელში მითითებული გარემოება ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე არსებული ფართიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთების გატანისა და კარის საკეტის შეცვლის შესახებ სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ........ქ. №18-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 14.67 კვ.მ. ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 29.10.2013 წლიდან, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც ლ.მ–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ირკვევა, რომ 18.12.2013 წელს აღძრული სარჩელით მოპასუხე მის საკუთრებაში რეგისტრირებული 14.67 კვ.მ. ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის განხორცილების მიზნით, იმ აქტების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლითაც ლ.მ–მა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული 14.67 კვ.მ. ქონების მეზობლად მდებარე 4 კვ.მ. ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული 14.67 კვ.მ. ქონება .......... ქ. №18-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზეა. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს მის საკუთრებად რეგისტრირებული 12.48. კვ.მ. ქონების ...... ქუჩა №18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე არსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ფაქტი, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან საქმის მასალებით მტკიცდება, რომ საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული 14.67 კვ.მ. ქონება ასევე განთავსებულია შენობის მეოთხე სართულზე. გარდა ამისა, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება (მაგალითად, აზომვითი ნახაზი), რაც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ რწმენას, რომ მოპასუხის მფლობელობაში სწორედ მოსარჩელის კუთვნილი 12.48 კვ.მ. ნივთია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ის რეალურად ვერ აგნებს მის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას, მან ისიც კი აღნიშნა, რომ აუქციონის გზით 12.48 კვ.მ. ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, სადავო ნივთის ბოქლომი გატეხა და ამ გზით დაეუფლა აღნიშნულ ქონებას (იხ. 11.03.2021 სხდომის ოქმი, 11:43:18; 11:56:20-11:56:23). სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო ქონების განლაგებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ შესასვლელი არის ლ.მ–ის საკუთრებაში არსებული 4 კვ.მ. ქონებიდან, ხოლო მოპასუხე 2013 წელს აღძრული სარჩელით სწორედ ლ.მ–ს ედავებოდა 4 კვ.მ. ქონებაზე საკუთრების საფუძვლის გაბათილების მოთხოვნით, რაც საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ აუქციონის გზით ქ. თბილისში, ......... ქ. №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში 12.48 კვ.მ. დამხმარე ფართზე საკუთრების უფლება შეიძინა, არამედ - ის ფაქტი, რომ მის მიერ შეძენილი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია. სწორედ ამგვარი მტკიცება იყო საჭირო მოთხოვნის დასაბუთებულად მისაჩნევად, რაც მოსარჩელემ ვერ განახორციელა. მტკიცების ამგვარი ნაკლი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, რადგან არ არსებობს უმთავრესი წინაპირობა - უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვ ქონებაზე მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობა, უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მან თავად არ იცის, რეალურად სად მდებარეობს მის საკუთრებად რეგისტრირებული 12.48 კვ.მ. ქონება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. საკასაციო საჩივრის თანახმად:

11.1. მოსარჩელემ სასამართლოს დაზუსტებით მიუთითა მისი ქონების მდებარეობის შესახებ შენობის მეოთხე სართულზე, მოსარჩელის მშობლების კუთვნილი საცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ და ეს არის სწორედ ის ფართი, რომელიც სააღსრულებო ბიურომ გამოიტანა აუქციონზე და შეიძინა მოსარჩელემ;

11.2. 10.11.1999 წელს №2-9 ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ.ბ–მა შეიძინა უძრავი ქონება, ს/კ ......... 2007 წლის 26 თებერვლის №1-2384 ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული ქონება შეიძინა ც.ბ–ძემ. ლ.ბ–ი აღნიშნული ქონების გასხვისებამდე ცხოვრობდა სწორედ მეოთხე სართულზე, რ.გ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე, სადავო 12,48 კვ.მ. ფართში. ამ ფართის სარეგისტრაციო მონაცემები დაზუსტდა საჯარო რეესტრის 2007 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით. კერძოდ, მესაკუთრე ც.ბ–ძის მიერ წარდგენილი იქნა შპს „ს.თ.ჯ–ის“ შიდა აზომვითი ნახაზი 12,48 კვ.მ. და 26,43 კვ.მ. ფართზე, სადაც 12,48 კვ.მ. ფართზე მითითებულია მესამე სართული, ხოლო 26,43 კვ.მ. ფართზე - მეოთხე სართული, რაც ამზომველის შეცდომაა, რადგან მ.ა–ის თავდაპირველი 20 კვ.მ. დამხმარე ფართი, რომელიც შეიძინა ლ.ბ–მა, მდებარეობს მესამე სართულზე. აღნიშნული სადავო არ არის. ამდენად, 26,43 კვ.მ. ფართი ვერ იქნება განთავსებული მეოთხე სართულზე;

11.3. ეს შეცდომა შემდეგ გასწორდა. კერძოდ, 2008 წლის 09 მაისის ამონაწერით აღნიშნული ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ა.ფ–ძე. საჯარო რეესტრის 2008 წლის 05 ნოემბრის 882008313009-07 გადაწყვეტილებით ა.ფ–ძის საკუთრებაში არსებული 38,91 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით ........, გაიყო ორ ნაწილად: ა) 12,48 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი: ......... და ბ) 20,85 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი: ....... უძრავი ნივთის გაყოფა მოხდა იგივე შპს „ს.თ.ჯ–ს“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზების მიხედვით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 8820083130009-03 27.10.2009 წ. გადაწყვეტილებით მოითხოვა მოთხოვნის დაზუსტება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რის შემდგომ ა.ფ–ძემ 2008 წლის 30 ოქტომბრის განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და საჯარო რეესტრის 2008 წლის 05 ნოემბრის №8820083130009-07 გადაწყვეტილებით .......... საკადასტრო კოდზე მდებარე ფართი გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან საჯარო რეესტრში დაცული და წარდგენილი აზომვითი ნახაზების მიხედვით, 12,48 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით ......., მდებარეობს თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონების მეოთხე სართულზე, ხოლო 20,85 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით ......... - იმავე უძრავი ქონების მესამე სართულზე;

11.4. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.თ.ჯ–ს“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც დაცულია საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით ......... რეგისტრირებული უძრავი ქონების მასალებში. ახალი შიდა აზომვითი ნახაზის გაკეთების საშუალებას კი მოპასუხე მოსარჩელეს ნებაყოფლობით არ მისცემს;

11.5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეს არ უთქვამს, რომ საკუთარ ფართს ვერ აგნებს. მოსარჩელეს არც ის უთქვამს, რომ ბოქლომი გატეხა და ამ გზით დაეუფლა ქონებას;

11.6. მოსარჩელის კუთვნილ 12,48 კვ.მ. ფართში შესასვლელი არის ლ.მ–ის 4 კვ.მ. ფართიდან. რაც შეეხება მოპასუხის მიერ 2013 წელს აღძრულ სარჩელს, იქ საუბარია 3,78 კვ.მ. ფართზე, რაზეც მაშინ სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ.მ–ის საკუთრებაში იყო არა 3,78 კვ.მ., არამედ - 4 კვ.მ. ფართი. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხე სათანადო მოსარჩელეს, რადგან ეს საკითხი მაშინ სადავო არ გამხდარა;

11.7. რაც შეეხება უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: ......, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ის“ 2008 წლის 25 ივლისის №16 კრების ოქმით რ.ბ–ს გადაეცა 18,45 კვ.მ. საერთო ფართი. 2008 წლის 2 ოქტომბერს №19 კრების ოქმით მას საკუთრებაში გადასცეს 14,67 კვ.მ. დამხმარე ფართი, თუმცა 2008 წლის 6 ოქტომბერს კვლავ მოიწვიეს კრება (კრების ოქმი №20) და მიუთითეს, რომ კრების ოქმში №16 დაშვებული იქნა შეცდომა და 18,45 კვ.მ.-ის ნაცვლად უნდა იყოს 14,67 კვ.მ. საძინებელი. არცერთ ოქმში არ არის მითითებული, რომ ეს ცვლილება გამოწვეული იყო იმით, რომ დანარჩენი ფართი 3,78 კვ.მ. უკვე იყო ლ.მ–ის საკუთრებაში;

11.8. ამხანაგობამ რ.ბ–ს 14,67 კვ.მ. ფართი (რომელიც შემდგომ უკვე 2013 წლიდან არის მოპასუხის საკუთრებაში) გადასცა 2008 წლის 25 ივლისის კრების ოქმით. ამ დროისათვის ა.ფ–ძის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული იყო 38,91 კვ.მ. ფართი, სადავო 12,48 კვ.მ. ფართთან ერთად. ამდენად, ამხანაგობა უკვე რეგისტრირებულ ფართს ვერ გაასხვისებდა და ამიტომ მოპასუხის 14,67 კვ.მ. ფართი ვერ იქნება რ.გ–ის ბინის მომიჯნავედ. სწორედ ამიტომ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე შეცდომით ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 12,48 კვ.მ. ფართს და მისი ქონება რეალურად სხვა ადგილზეა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ....... №18, დამხმარე ფართი №18ბ, 12.48 კვ.მ., საკადასტრო კოდი .........) გამოთხოვა, ეფუძნება სსკ-ის 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

14. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ....... №18-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 14.67 კვ.მ. ქონებაზე, საკადასტრო კოდით № ........., მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 29.10.2013 წლიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი), ხოლო ქ. თბილისში, ........ ქუჩა №18-ში მდებარე 12.48 კვ.მ. დამხმარე ფართი, საკადასტრო კოდით N ........, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად 2019 წლიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი, ასევე ტ. 1. ს.ფ. 23). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ მოპასუხის მფლობელობაში სწორედ მოსარჩელის კუთვნილი 12,48 კვ.მ. ფართია. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ერთ-ერთი არსებითი წინაპირობის არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 30% - 45 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ლ.გ–ს (პ.ნ. ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 30% - 45 (ორმოცდახუთი) ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი