საქმე №ა-4774-შ-142-2023 29 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი
ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – კანადის, ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის №FC-20-474 ბრძანება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კანადის, ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის №FC-20-474 ბრძანებით ა.ბ–ი და მ.მ–ი, რომლებმაც იქორწინეს საქართველოში, თბილისში 2018 წლის 16 მარტს, განქორწინდნენ.
2. ა.ბ–იმ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა კანადის, ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის №FC-20-474 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ საცნობი ბრძანება ძალაში შევიდა 2020 წლის 16 დეკემბერს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ა.ბ–ის დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო წესით დამოწმებული (ლეგალიზებული, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომისა და ადგილის თაობაზე.
5. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება 60 დღით იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტი გამოითხოვა შესაბამისი სამსახურიდან, მაგრამ მის მომზადებას სჭირდება 15-40 დღე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა.ბ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო წესით დამოწმებული (ლეგალიზებული, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომისა და ადგილის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა.ბ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.
10. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ......... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2023 წლის 11 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - თ.ა–ს. შესაბამისად, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2023 წლის 12 დეკემბერს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2024 წლის 10 იანვარს (ოთხშაბათი). ამასთან, ხარვეზის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2024 წლის 10 იანვრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
13. უზენაესი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 18 იანვარს, ანუ შუამდგომლობის ავტორისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ხარვეზის განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის მიმდინარეობის თაობაზე.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ბ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ბ–ის შუამდგომლობა კანადის, ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის №FC-20-474 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური