Facebook Twitter

№ას-33-2024

25 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „..T.”, ი.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორები მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდა, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. შპს „..T.-ს” სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6027.18 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4815.36 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 546.13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 665.69 აშშ დოლარი;

2. შპს „..T.-ს” სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 12 თებერვლიდან ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე მიუღებელი შემოსავლის სახით, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირი თანხის - 4815.36 აშშ დოლარის 0.1%-ის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ი.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: მცხეთა, სოფელი ..... დაზუსტებული ფართობი: 475.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....;

4. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცევა მოპასუხე შპს „..T.-ის” საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

5. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ მათ, ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარედგინათ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ მოპასუხეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ: სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია, სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულება.

2023 წლის 21 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართეს მოპასუხეებმა, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო და კერძო საჩივრებზე დადგენილი ხარვეზების შევსების ვადის 10-10 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებებით შპს „..T.-სა” და ი.გ–ს 10-10 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო და კერძო საჩივრებზე დადგენილი ხარვეზების შევსების ვადები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებებით შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის სააპელაციო და კერძო საჩივრები, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

მოპასუხეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის მხოლოდ ის განჩინება გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი. განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის წარდგენით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საჩივრდება (იხ. სუსგ: Nას-814-781-2016, 30.11.2016 წ.).

როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება შპს „..T.-ის” და ი.გ–ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 419-ე მუხლიდან გამომდინარე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება და შპს „..T-ის” და ი.გ–ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, პალატა ყურადღების მიღმა არ დატოვებს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ მათ მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა 2023 წლის 17 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.20218წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3-ე, 414-ე, 419-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „..T.-ისა” და ი.გ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია