Facebook Twitter

საქმე №ას-1633-2023 06 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ბ–იამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ წარმოადგენს უძრავი ქონებების მესაკუთრეს, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მოპასუხე უკანონოდ ფლობს აღნიშნულ ქონებებს. მოსარჩელემ რამდენჯერმე მოსთხოვა მოპასუხეს სადავო უძრავი ქონებების დაცლა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხე, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ აგრძელებს სადავო ქონებების ფლობას და ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა სადავო უძრავი ქონებების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული 2023 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის (ს.ფ 45-48) შესაბამისად, აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 11 აგვისტოდან და ამოიწურა 24 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი აპელანტმა სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 22 სექტემბერს (ს.ფ 61), ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტისათვის ცნობილი იყო. სასამართლოსათვის გადაწყეტილების მომზადების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 12 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 10 აგვისტოს. ამ დროის შუალედში მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის გზით ნებისმიერ დროს ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუმცა, გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ აპელანტმა (მოპასუხემ)სასამართლოს მიმართა 2023 წლის 18 სექტემბერს ანუ კანონის მიერ დადგენილი 20-დან 30-დღიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო, არა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან (18.09.2023წ.), არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (11.08.2023წ).

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მხარისათვის ჩასაბარებლად მზად არ იყო. მოპასუხე არაერთხელ უშედეგოდ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა გადაწყვეტილება ელექტრონულ პორტალზე info.court.ge აიტვირთა მხოლოდ 2023 წლის 13 სექტემბერს, მხარეს გაეგზავნა 20 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ წარადგინა 22 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა სააპელაციო პალატას უნდა აეთვალა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის აპელანტისათვის ჩაბარების მომენიდან (იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (შდრ: სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წ; №ას-952-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია (იხ. სუსგ-ები: №ას-1442-2023, 18 იანვარი, 2024 წ.; №ას-914-2013, 12 სექტემბერი, 2023 წ.).

15. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

16. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. სუსგ №ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი).

17. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუსგ №ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წ.).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ-ები: №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ;.№ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წ.).

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.

20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა - ს.ფ 50-51, სხდომის ოქმი - ს.ფ 45-48). აპელანტმა მხარემ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადება საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 18 სექტემბერს და იმავე დღეს ჩაიბარა კიდეც იგი (იხ. ს.ფ 59-60). 2023 წლის 22 სექტემბერს მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

22. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მხარისათვის ჩასაბარებლად მზად არ იყო. მოპასუხე არაერთხელ უშედეგოდ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა გადაწყვეტილება ელექტრონულ პორტალზე info.court.ge აიტვირთა მხოლოდ 2023 წლის 13 სექტემბერს, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 20 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ წარადგინა 22 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2023 წლის 11 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, სასამართლო მოხელემ საკუთარი ინიციატივით მოსარჩელეს 2023 წლის 20 სექტემბერს გაუგზავნა (იხ. ს.ფ 72), რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2023 წლის 26 სექტემბერს (იხ. ს.ფ.73). ასევე საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ატვირთვის თარიღი - 2023 წლის 13 სექტემბერი.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან – 2023 წლის 18 სექტემბრის მომდევნო დღიდან 2023 წლის 19 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი დათარიღებულია 2023 წლის 22 სექტემბრით (იხ.ს.ფ.61).

26. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად (შდრ: სუსგ საქმე №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე