Facebook Twitter

საქმე №ას-1655-2023 06 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ფ–ვი (მოპასუხე - პირველ სარჩელში, მეორე მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ა. (მოსარჩელე - პირველ სარჩელში), ჯა–ვა (მოპასუხე - მეორე სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა (პირველ სარჩელში), სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, კომპენსაციის დაკისრება (მეორე სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ჰ.ა–მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ფ–ვის (შემდგომ – მოპასუხე პირველში სარჩელში, მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „P..“ ს/ნ .... რეგისტრაციის ნომერი 30627.

სარჩელის საფუძვლები:

2. პირველი მოსარჩელის განმარტებით, სადავო სასაქონლო ნიშანი ბათილია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

3. პირველი მოსარჩელე სასაქონლო ნიშნის - „P...“ მფლობელია პარიზის კონვენციის მონაწილე ორ ქვეყანაში. ჩინეთში სასაქონლო ნიშანი „P..“ რეგისტრირებულია 2014 წლის 21 აგვისტოს ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში. რუსეთში რეგისტრირებულია 2019 წლის 4 ოქტომბერს ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე და 35-ე კლასში. სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის იმპორტი საქართველოში ხორციელდება 2015 წლიდან პირველი მოსარჩელის პარტნიორების მეშვეობით.

4. 2018 წლის 25 დეკემბერს მოპასუხემ პირველ სარჩელში საქპატენტში დაარეგისტრა სასაქონლო ნიშანი „P..“ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში. 2022 წლის 26 იანვარს საქპატენტში განაცხადი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა სასაქონლო ნიშნის - „P..“ რეგისტრიაცია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე და 35-ე კლასში.

5. პირველ სარჩელში მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები იდენტურია და რეგისტრირებულია მსგავი კლასის საქონლისათვის. სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ნიშნის რეგისტრაციის მფლობელს, რომ სადავო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი სამრეწველო საკუთრების დავის პარიზის კონვენციის ერთერთ ქვეყანაში მაინც გამოიყენებოდა მესამე პირის მიერ იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის. აღიარებული პრაქტიკის თანახმად, არსებობს ცოდნა, რომელიც უტყუარად დასტურდება, მაგალითად: თუ მხარეებს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა. მეორე მხრივ, არსებობს ცოდნა, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, რომლითაც შესაძლოა მხარეს სცოდნოდა სადავო ნიშნის არსებობის შესახებ. მართალია, მოსარჩელეს არ ჰქონია რაიმე საქმიანი ურთიერთობა მოპასუხესთან პირველ სარჩელში, მაგრამ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის პირველ სარჩელი ცნობილი იყო სადავო ნიშნის არსებობის შესახებ.

6. ჩინეთში სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 2014 წელს, ხოლო საქართველოს ბაზარზე მოსარჩელის პროდუქცია იყიდება 2015 წლიდან. შესაბამისად, საქპატენტში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დროისათვის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული შარვლები უკვე იყიდებოდა საქართველოში. ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სახელმძღვანელოს თანახმად, სასაქონლო ნიშნის არსებობის შესახებ ცოდნის ერთერთი კრიტერიუმია მხარის ცოდნა იმ ეკონომიკურ სფეროში, რომელშიც გამოიყენება სასაქონლო ნიშანი. მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე ამ ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია 4 წლის განმავლობაში იყიდებოდა საქართველოში. ჩინეთიდან შარვლების იმპორტს ახორციელებდა მოსარჩელის პარტნიორი ჯ.ა–ვა (შემდგომ - მოპასუხე მეორე სარჩელში), რომელიც, პირველ სარჩელში მოპასუხის მსგავსად, არის ლილოს ბაზრობის საბითუმო მოვაჭრე. ორთავე არიან თანასოფლელები. სადავო ნიშნით ნიშანდებული საქონლის პირველადი გაყიდვა ლილოს ბაზრობიდან ხდებოდა, რის გამოც შეუძლებელია მოპასუხეს არ სცოდნოდა ბაზრაზე „P..“ ნიშნით ნიშანდებული ტანსაცმლის არსებობის ფაქტი.

7. სასაქონლო ნიშნის „P..“ რეგისტრაციის მოთხოვნით პირველმა მოსარჩელემ განაცხადი წარადგინა საქპატენტში. იმის გამო, რომ მოპასუხეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანი მსგავსი კლასის საქონლისათვის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ეს გარემოებას არის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რაც განაპირობებს მოსარჩელის დამატებით სამართლებრივ ინტერესს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის მიმართ.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ პირველ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ კეთილსინდისიერად დაირეგისტრირა სადავო სასაქონლო ნიშანი, რის საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ნიშნის პროდუქციის რეალიზაციას კანონიერად ახდენდა.

9. პირველ სარჩელში მოპასუხემ, თავის მხრივ, სარჩელი აღძრა მეორე სარჩელში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, ამ უკანასკნელს აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „P..“ (რეგ. N30627) გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მეორე მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, სასაქონლო ნიშნით „P..“ ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული ტანსაცმლის დასაწყობება, მომხმარებლისათვის გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია, იმპორტი ან ექსპორტი), ამავდროულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის - 47 696 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „ს–ის“ მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის პირველ სარჩელში სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „P..“ ს/ნ..... რეგისტრაციის ნომერი 30627, ხოლო მეორე სარჩელს ეთქვა უარი, რაც მეორე მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 19 ოქტომბერს სასამართლო სხდომას ესწრებოდა მეორე მოსარჩელის წარმომადგენელი, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის, წარმომადგენელი ან თავად მხარე არა უგვიანეს 2022 წლის 18 ნოემბრისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელანტის წარმომადგენლის განცხადება სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 23 დეკემბერს. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა და გადაწყვეტილება მხოლოდ 2023 წლის 14 ივლისს ჩაიბარა, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 19 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 5 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი კანცელარიაში დარეგისტრირდა 2023 წლის 31 ივლისს.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდანაც (2023 წლის 14 ივლისი) რომ იქნას ათვლილი, აპელანტს სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრით უნდა მიემართა 2023 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი რუსთვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შეიტანა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, როდესაც აღნიშნული ვადა დარღვეულად ჩათვალა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ დროს არ მომზადებულა. მითითებული დასტურდება ამავე სასამართლოს მოხელის 2023 წლის 19 დეკემბრის აქტით, რომლის მიხედვითაც მოსამართლის თანაშემწე ადასტურებს, რომ №2-958-2019 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ციფრული ხელმოწერა დაედო 2023 წლის 8 თებერვალს (იხ. ტომი 5, ს.ფ 119). დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მხარის არაერთი მოთხოვნის შედეგად, ფოსტის მეშვეობით აპელანტს გადაეცა 2023 წლის 14 ივლისს. აღნიშნულს წინ უსწრებდა აპელანტის 2023 წლის 22 ივნისის წერილი საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიმართ, რამაც შედარებით დააჩქარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების პროცესი.

18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი გაუგზავნა შპს „ს.ფ–ის“ მეშვეობით 2023 წლის 28 ივლისს, კანონით დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება შპს „ს.ფ–ის“ საფოსტო გზავნილის ამონაწერის ფურცლითა და შესაბამისი საფასურის გადახდის ქვითრით.

19. კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც №0100008204660 გზავნილი გამგზავნმა - აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 28 ივლისს ჩააბარა შპს „ს.ფ–ას“ - ადრესატი რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარია/მიმღებისათვის. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2023 წლის 31 ივლისს (იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

23. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

24. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

25. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ: სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუსგ №ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წ.).

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ-ები:№ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.).

27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ, შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR).

29. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

30. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (იხ. ტომი 5, ს.ფ 45). აპელანტმა მხარემ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის მოთხოვნით განცხადება საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 23 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი დაუთარიღებელი სასამართლო გზავნილით დასტურდება, რომ მოსამართლის თანაშემწემ აპელანტის წარმომადგენელს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნა. შპს „ს.კ–ის სისტემების 2023 წლის 4 დეკემბრის ამონაბეჭდით ირკვევა, რომ გზავნილი გაიგზავნა 2023 წლის 11 ივლისს და ადრესატს ჩაბარდა 14 ივლისს (იხ. ტომი 5, ს.ფ 76). მითითებული გარემოება კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის, კერძოდ, სასამართლომ მას ვერ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში.

31. ზემოაღნიშნულ ვარაუდს ამყარებს კერძო საჩივარზე დართული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის აქტი, რომლის მიხედვით მოსამართლის თანაშემწე ადასტურებს, რომ №2-958-2019 სამოქალაქო საქმეზე 2022 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ციფრული ხელმოწერა დაედო 2023 წლის 8 თებერვალს (იხ. ტომი 5, ს.ფ 119).

32. გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას ითვალისწინებს სსსკ-ის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუსგ №ას-931-2021, 30 სექტემბერი, 2021 წ.).

33. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან – 2023 წლის 14 ივლისის მომდევნო დღიდან (2023 წლის 15 ივლისი) უნდა დაიწყოს, რომელიც ამოიწურა 2023 წლის 28 ივლისს.

34. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია 2023 წლის 27 ივლისის თარიღით (იხ.ტ. 5.ს.ფ.97), ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჩაბარება დათარიღებულია 2023 წლის 31 ივლისით (იხ. ტ.5. ს.ფ.80), თუმცა კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც №0100008204660 გზავნილი გამგზავნმა - აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 28 ივლისს ჩააბარა შპს „ს.ფ–ას“ ადრესატი რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარია/მიმღებისათვის. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2023 წლის 31 ივლისს (იხ. კერძო საჩივრის ავტორის 2024 წლის 11 იანვრის №100-24 განცხადების დანართი №1).

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების პ. 34-ში მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით გააგზავნა, რაც სსსკ-ის 61.3 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია (შდრ: სუსგ-ები: №ას-645-2021, 24 სექტემბერი, 2021 წ, პ.22; №ას-139-2019, 15 მარტი, 2019 წ. პ.26.).

36. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად (შდრ: სუსგ საქმე №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ფ–ვის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე