საქმე №ა-2367-შ-70-2022 8 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ.მ–ძე (შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–ია“, შპს „რ.დ–ი“, შპს „რ.ა.დ–ი“, რ.კ.დ.ლ–ი, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ი, რ.ა.ხ.ს.ო–ო, შპს „ი.ე.პ–ი“ (შუამდგომლობის ავტორები)
განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო წარმოების შეჩერება საქმეზე #A23309012
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) (შემდგომში "საარბიტრაჟო გადაწყვეტილება"):
1.1. კს „ბ.ა–ს“ და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792.07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“.
1.2. კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“; გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება.
1.3. გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“; კს „ბ.დ–ს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“; გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“, თუ კს „ბ.დ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება; გ.მ–ძის და კს „ბ.დ–ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ.
1.4. გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს.
1.5. ჯ.გ.ე.რ–ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“.
1.6. კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“; გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი.
1.7. გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“.
1.8. კს „მ–ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–ისთვის.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იამ“, შპს „რ.დ–მა“, შპს „რ.ა.დ–მა“, რ.კ.დ.ლ–მა, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–მა, რ.ა.ხ.ს.ო–ომ, შპს „ი.ე.პ–მა“ (შემდგომში „პირველი შუამდგომლობის ავტორები“ ან „რაკ მხარეები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, კერძოდ, პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა და აღსრულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მათი საარბიტრაჟო სარჩელები და ასევე, იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ. პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა-აღსრულებაც, რომლითაც დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021).
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვალს განცხადებით მომართა გ.მ–ძემ, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება სააღსრულებო საქმეზე #A23309012, რომელიც მიმდინარეობდა სააღსრულებო ბიუროში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის (ა-2367-შ-70-2022) განჩინების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების, თანდართული დოკუმენტების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის აღსასრულებლად მიქცეული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სსსკ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას (სსსკ-ის 432-ე მუხლი: საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს). გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს (სუსგ №ას-433-2019, 19.04.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, არ დგას საქმეზე წარმოების განახლების საკითხი.
6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „სპეციალური კანონი“) აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-7 თავით კი განსაზღვრულია აღსრულების გადადების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნების წინაპირობები. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლებს ეხება კანონის 36-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებების, მხარის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება სააღსრულებოდ მიქცეული საქმის შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სპეციალური კანონით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების არც ერთი საფუძვლით გათვალისწინებულ ფაქტობრივსამართლებრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ამასთან არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სხვა რომელიმე წინაპირობად შეიძლება შეფასდეს.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Mutishev and Others v. Bulgaria, no. 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000) (სუსგ №ას-499-2021, 29.06.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.მ–ძის განცხადება სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი