საქმე №ას-1283-2023 15 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ს.ხ–ძე, ბ.თ–ძე, შპს „ა–ი“(მოპასუხეები)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლება და მოსარჩელეთათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ს–ძემ, თ.მ–მა, კ.მ–მა და კ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს.ხ–ძის (პირველი მოპასუხე), ბ.თ–ძისა (მეორე მოპასუხე) და შპს „ა–ის“ (მესამე მოპასუხე)(შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებისა და მოსარჩელეთათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ.ს–ძეს, თ.მ–ს, კ.მ–სა და კ.მ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით, ხოლო ნ.ს–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1 437,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 19 ოქტომბერს.
9. 2023 წლის 27 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს კასატორებმა წარმოადგინეს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ამასთან მათი წარმომადგენელი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ნ.ს–ძისათვის შეუძლებელია ბაჟის გადახდა, რამდენადაც იგი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაჭირვებით უმკლავდება არასრულწლოვანთა სრულფასოვანი არსებობისათვის საჭირო ხარჯებს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი თ.მ–ის, კ.მ–ისა და კ.მ–ის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ნ.ს–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორს ნ.ს–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 1 437.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
11. 2023 წლის 27 ნოემბერს ნ.ს–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება, რომელშიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა განცხადებას თან არ ერთვის კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
13. დასახელებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 8 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 1 437.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
16. დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენელმა არაერთხელ მომართა სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დაკმაყოფილდა არაერთხელ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7-მე-12 პუნქტები). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ან მძიე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები. დასახელებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 8 დეკემბერს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა დაიწყო 9 დეკემბერს და ამოიწურა 19 დეკემბერს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობით მოუმართავს.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
19. ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე