საქმე №ას-1332-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ტ.კ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი კომპანია ან გამსესხებელი) სარჩელი დ.კ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მსესხებელი ან გამჩუქებელი) და ს.კ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 769 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 9 443.16 ლარი, პროცენტი - 1 044 ლარი, ჯარიმა - 281.85 ლარი;
1.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2021 წლის 5 სექტემბრიდან დარჩენილი დავალიანების ძირითად თანხაზე (ამჟამად 9 443.16 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიურად დაერიცხა წლიური 16.66 % სარგებლის გადახდა, რაც ამ ეტაპზე 131 ლარია;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2020 წლის 31 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ხონი, სოფელი ........ და აღდგა გამჩუქებლის (პირველი მოპასუხის, მსესხებლის) საკუთრების უფლება ........საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ (დასაჩუქრებულმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით მეორე მოპასუხის (დასაჩუქრებულის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სს „თ.ბ–სა“ და პირველ მოპასუხეს შორის, 2019 წლის 29 აგვისტოს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 10 000 ლარი, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
4.2. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25 %-ით (ეფექტური-30.47%). ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით აგრეთვე განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ბანკის სასარგებლოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით;
4.3. პირველ მოპასუხეს (მსესხებელს) სს „თ.ბ–ის“ წინაშე 29.08.2019 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გადახდილი აქვს 1 619.9 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხის დასაფარად ჩაითვალა 556.84 ლარი, პროცენტის დასაფარად - 798.07 ლარი, საკომისიოსთვის კი - 265 ლარი;
4.4. 2020 წლის იანვრის შემდეგ მოვალეს, საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზნით, თანხა არ გადაუხდია.. პირველი მოპასუხის (მსესხებლის) დავალიანება 2019 წლის 29 აგვისტოს კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგენს 11 291.50 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9 443.16 ლარი, პროცენტი - 1 566.49 ლარი, ჯარიმა - 281.85 ლარი;
4.5. სამედიცინო ცნობის თანახმად, მსესხებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა 11.10.2019 წელს და შესაბამისი სამკურნალო მომსახურების მიღების შემდეგ გაეწერა 28.10.2019 წელს;
4.6. დადგენილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პირველმა მოპასუხემ სამჯერ - 21.10.2019 წ., 20.11.2019 წ. და 20.12.2019 წელს საბანკო ანგარიშზე საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად თანხა შეიტანა;
4.7. კრედიტის დასაფარად ბოლო გადახდა 2019 წლის 20 დეკემბერს განხორციელდა. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მორიგი გადახდა 2020 წლის 20 იანვარს უნდა მომხდარიყო, თუმცა პირველი მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც 20.01.2020 წელს ბანკის ანგარიშზე 329.78 (ძირითადი - 129.43 ლარი, პროცენტი - 200.35 ლარი) ლარის გადახდით უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა;
4.8. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2020 წლის 31 იანვარს დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ხონი, სოფელი ........, საკადასტრო კოდით: ........საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე;
4.9. დასაჩუქრებული გამჩუქებლის შვილია.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სადავოა მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის დადგენა.
6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მამასა და შვილს შორის სადავო ჩუქების ხელშეკრულება დაიდო ვალდებულების დარღვევიდან (20.01.2020წ.) მე-11 დღეს (31.01.2020წ). აპელანტისვე (დასაჩუქრებულის) განმარტებით, ჩუქება განხორციელდა არა იმ მიზნით, რომ პირველ მოპასუხეს (მსესხებელს, უძრავი ქონების გამჩუქებელს) თავი აერიდებინა საბანკო ვალდებულებების შესრულებისგან, არამედ იმ მიზნით, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების გამო, მისი გარდაცვალების რეალური რისკის არსებობის პირობებში, გაჩუქებული (სადავო) უძრავი ქონება დაცული ყოფილიყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული კიდევ ერთი მემკვიდრის (მეორე მოპასუხის ძმის) საკუთრებაში მოხვედრისგან, რაც სათამაშო თანხის მოსაპოვებლად ქონების აუცილებელ გასხვისებას (დაკარგვას) გამოიწვევდა.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მოჩვენებითი გარიგების ცნება და ამგვარად კანონმდებელი მიიჩნევს ხელშემკვრელ მხარეთა იმგვარ ქმედებას, როდესაც ისინი ფორმალურად სამართლებრივი მართლწესრიგისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულებას აფორმებენ, თუმცა, წინასწარი განზრახვით არც ერთ მათგანს არ სურს გარიგების იურიდიული შედეგის დადგომა, ანუ მხარეთა შინაგანი ნება არ ემთხვევა გარეგანს და ეს ორივე მხარის წინასწარ განზრახვას წარმოადგენს. ამგვარი გარიგება უცილოდ ბათილია და სადავოობისას მას არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს. მოჩვენებით გარიგებაზე საუბრისას უაღრესად მნიშვნელოვანია მტკიცების პროცესი, ვინაიდან თავად გარიგება ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს კეთილსინდისიერების პრეზუმფცია, საპირისპიროს დადასტურებამდე მიიჩნევა, რომ ნებისმიერი გარიგება, მათ შორის მოჩვენებითი - ნამდვილია. პირი, რომელიც სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას მოჩვენებითობის თვალსაზრისით, ვალდებულია მიუთითოს იმგვარ ფაქტებზე, რომელთა ერთობლიობა გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას შეარყევს და შექმნის შინაგან რწმენას იმისა, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად, სწორედ ამის შემდეგ წარმოეშობათ გარიგების მხარეებს მტკიცების ვალდებულება, რომ მათ ნამდვილი ნება გამოავლინეს და გარიგების იურიდიული შედეგები დადგა.
8. მოსარჩელის მხრიდან ფაქტების (საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან მცირე ვადაში მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გაჩუქება) მითითების შემდეგ, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (ჩუქების გარიგების ნამდვილობისა და დასაჩუქრებულის კეთილსინდისიერების) მტკიცების ტვირთმა მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. მეორე მოპასუხემ (დასაჩუქრებულმა) ვერ გააქარწყლა მოსარჩელის (კრედიტორი კომპანიის) მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე პრეზუმფცია იმის შესახებ, რომ ქონების გასხვისება ვალდებულების დარღვევიდან სწორედ მე-11 დღეს, მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელდა. სააპელაციო სასამართლო ამ დასკვნამდე იმ გარემოების გათვალისწინებით მივიდა, რომ, მიუხედავად სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებისა, მსესხებელს (უძრავი ქონების გამჩუქებელს) 3 თვის მანძილზე არ დაურღვევია სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პერიოდული ვალდებულების შესრულება. მან 2020 წლის 20 იანვრიდან შეწყვიტა ამ ვალდებულების შესრულება, რომლის მიზეზად პირველი მოპასუხის (გამჩუქებლის) მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება დასახელდა.
9. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი აპელანტი დაამტკიცებდა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მამა-შვილი ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და სსკ-ის 56.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
11. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
12. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკა მოიხმო, რომლის მიხედვით განმარტებულია, რომ „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ-ას N ას-571-879-09, 30.04.2010 წ.).
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მართებულია პრეზუმფცია (შდრ. სუსგ-ას N ას-571-879-09, 30.04.2010 წ.), რომ 2020 წლის 31 იანვრისთვის მსესხებლის შვილისთვის (მეორე მოპასუხისათვის) ცნობილი იყო პირველი მოპასუხის (მსესხებლის) მიერ 29.08.2019 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის არსებობა, რაც გამორიცხავს აპელანტის, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის (დასაჩუქრებულის), საკუთრების უფლების კანონიერებას.
14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება საქართველოს უზენესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (N ას-813-2020) და განმარტა, რომ დასახელებული განჩინება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა რომლის თანახმად, მოვალემ სესხის აღებიდან 2 დღის შემდეგ გაასხვისა უძრავი ნივთი, ამასთან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება არ უფიქსირდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა პრეზუმფციის საფუძველი, რომ გასხვისების მიზანი ვალდებულებისგან თავის არიდება იყო. წინამდებარე საქმეზე კი სახეზეა ვალდებულების დარღვევის შემდეგ უძრავი ნივთის გასხვისება, რაც ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნის არსებობას ადასტურებს, მით უფრო, როცა ჩუქების ნამდვილობის დამადასტურებელ მოვლენათა ფაქტობრივ ჯაჭვზე და ამ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე აპელანტს არ მიუთითებია.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები იმის შესახებ, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითობასა და მოპასუხეთა მიზანს, შემძენისათვის ქონებაზე საკუთრების ფიქტიური გადაცემით, წარმოადგენდა პირველი მოპასუხეს (მოვალეს)თავი აერიდებინა მოსარჩელე კრედიტორი კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, რასაც ადასტურებს ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთის ვალდებულების შესახებ სადავო გარიგების დადების გამომწვევი ინფორმაციის ფლობის პრეზუმფცია.
16. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბოლო გადახდიდან რამოდენიმე დღეში მსესხებელმა უსასყიდლო გარიგების გზით გაასხვისა ქონება შვილზე, რითაც შეეცადა თავი აერიდებინა ქონებრივი პასუხისმგებლობისათვის კრედიტორის წინაშე;
17.3. კასატორს ბუნდოვნად მიაჩნია სასამართლოს დასკვნა, რომ დასაჩუქრებულმა იცოდა, ან შეიძლება სცოდნოდა მამის ფინანსური ვალდებულებების შესახებ, როცა აღნიშნულის თაობაზე საერთოდ არ არის მსჯელობა არც სარჩელში და მითუმეტეს არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით;
17.4. კასატორი აღნიშნავს, რომ ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნის მისაღწევად, პირველ მოპასუხეს (მსესხებელს) შეეძლო უძრავი ქონება გაესხვისებინა მოეხდინა არა პირველი რიგის მემკვიდრეზე, არამედ - სხვაზე, ან ჩუქების შემდეგ, დასაჩუქრებულს გაესხვისებინა ქონება სხვაზე (მაგ. მეუღლეზე), რითიც თავიდან აირიდებდა ყოველგვარ სამომავლო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ რისკებს;
17.5. კასატორის მტკიცებით, უზენაეს სასამართლოს არ გაუკეთებია მსგავსი ტიპის განმარტება და ბოლო დროინდელი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მხარეების ახლო ნათესაური კავშირი არ იქნა მიჩნეული გარიგების ბათილობის საფუძვლად.
17.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის (დასაჩუქრებულის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობას ეფუძნება, მეორე მოპასუხე სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებით ხასიათს გამორიცხავს.
24. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
25. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).
26. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.
27. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გამოვლინდა პირთა ნათესაური კავშირი, საკასაციო სასამართლომ სწორედ სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიიჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას-1314-2020, 22.02.2022წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-1212-1138-2015, 06.06.2016წ; N ას 871-821-2015, 05.02.2016წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015წ; წN ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ.).
28. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ., ას-167-2021, 28.02.2023 წ.)
29. კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულება სესხის თანხის ბოლო გადახდიდან ერთი თვის შემდეგ გაფორმდა, ამიტომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზანი არ იკვეთებოდა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სესხის გადახდის ვადის დადგომიდან 11 დღეში გაასხვისა მსესხებელმა სადავო უძრავი ქონება საკუთარ შვილზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით დაშვებული პრეზუმფცია, რომ შვილს მამის ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ვალდებულების დარღვევის შემდეგ რამდენიმე დღეში მოვალემ კუთვნილი ქონება შვილს აჩუქა, მართებულად აჩენს ეჭვს სადავო გარიგების ნამდვილობის წინააღმდეგ, რისი გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების 17.4 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იმგვარად „დაცვის“ თაობაზე, რომ ქონების მორიგ ჯერზე გასხვისებაც (მაგალითად, მეუღლზე) შეეძლო დასაჩუქრებულს, რაც არ გაუკეთებია, არც აღნიშნულია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვერც ასეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა შეცვლიდა მოცემულ შემთხვევაში სურათს, რადგან თუკი პირველი გარიგება არანამდვილი ნების საფუძველზეა განხორციელებული, შემდეგ დადებულ გარიგებათა ჯაჭვიც ირღვევა (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-1177-2022, 11.05.2023წ; N ას-1572-2022, 22.05.2023წ; N ას-964-2022, 30.10.2023წ.).
30. კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება, დაუსაბუთებელია, რადგან გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი მსჯელობა და შედეგი, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას შეესაბამება, რაც ამ განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მრავლადაა მითითებული (იხ. ზემოთ).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია დასაჩუქრებულის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური