საქმე №ას-1523-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "მ.ე.კ.ლ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი შპს „მ.ვ.ე.კ.ლ“-ს (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 10 აპრილამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის - 820.51 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე, 2018 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 10 აპრილამდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში, ავიაბილეთების რეალიზაციის აგენტის პოზიციაზე, საიდანაც პირველი 6 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას. დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დაბეგრილ 1000 ლარს. შრომით ხელშეკრულებაში 2019 წლის 10 აპრილს შეტანილი ცვლილებების შედეგად მისი მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 10 აპრილამდე. 2019 წლის 1 მაისს კვლავ შევიდა ცვლილება შრომით ხელშეკრულებაში და მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2019 წლის 1 მაისიდან განისაზღვრა დაბეგრილი 1200 ლარით (დარიცხული 1538.46 ლარი).
3.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 25 მარტს გამოსცა ბრძანება, რომლითაც საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის აღმოფხვრის პრევენციული ღონისძიების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ფრენების დროებით შეჩერების გამო, კომპანიის 2020 წლის 13 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, დასაქმებულ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს, მიეცათ ანაზღაურებისგარეშე შვებულება 2020 წლის 26 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
3.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ანაზღაურებისგარეშე შვებულების უფლებით სარგებლობის შესახებ მხარეები წერილობით არ შეთანხმებულად, დასაქმებულს წერილობითი ფორმით ნება და თანხმობა ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის შესახებ არ გამოუხატავს.
3.4. დამსაქმებელის 2020 წლის 30 აპრილის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2020 წლის 25 მარტის ბრძანებაში და მოსარჩელეს, სხვა პირებთან ერთად, მიეცა ანაზღაურებისგარეშე შვებულება 2020 წლის 30 აპრილიდან იმავე წლის 15 ივნისის ჩათვლით. 2020 წლის 10 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ანაზღაურებისგარეშე შვებულება 2020 წლის 31 აგვისტომდე. 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, სხვა პირებთან ერთად, კვლავ გაგრძელდა მოსარჩელის ანაზღაურებისგარეშე შვებულება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელეს სხვა პირებთან ერთად ანაზღაურებისგარეშე შვებულება ისევ გაუგრძელდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით - 2021 წლის 31 მაისამდე. დასაქმებულს არც უხელფასო შვებულების უფლებით სარგებლობის და არც მისი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დამსაქმებლის წინაშე წერილობითი ფორმით ნება (თანხმობა) არ გამოუვლენია. 2020 წლის 10 აპრილიდან ახალი შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეები არც ზეპირად და არც წერილობით არ შეთანხმებულან.
3.5. მხარეთა შორის არსებული 2018 წლის 10 აპრილის წერილობითი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს დასაქმებულის წინაშე წერილობითი ან ზეპირი ფორმით ნება არ გამოუვლენია. მოსარჩელე 2020 წლის 10 აპრილის შემდეგ მოპასუხე კომპანიაში სამუშაოს შესასრულებლად არ გამოცხადებულა, შრომითი მოვალეობები არ შესრულებია და არც დამსაქმებელს დაუშვია სამუშაოს შესასრულებლად.
3.6. მოსარჩელემ 2021 წლის 3 ნოემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს განემარტა, იყო თუ არა მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი, ხოლო შეწყვეტის შემთხვევაში - გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა, რაზეც მოპასუხეს რეაგირება არ მოუხდენია.
3.7. ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მოპასუხეს შეჩერებული ჰქონდა მისი ძირითადი საქმიანობა - ფრენების განხორციელება. მოსარჩელე 2020 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 28 ივნისამდე საქართველოს მთავრობისგან იღებდა ყოველთვიურ დახმარებას - 200 ლარს.
4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 10 აპრილს - 12 თვით, რომელიც შემდეგ გაგრძელდა კიდევ 12 თვით და იწურებოდა 2020 წლის 10 აპრილს, რაც ორივე მხარისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებაზე და მის ცვლილებებზე ხელის მოწერით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობდა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან რომელიც ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 319-ე მუხლის პირველ ნაწილში.
5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული ვადით - 2020 წლის 10 აპრილამდე. უდავო გარემოებაა, რომ დამსაქმებელს დასაქმებული მითითებული თარიღის შემდეგ სამსახურში არ დაუშვია, აპელანტს ხელფასი არ მიუღია და არც სამუშაო შეუსრულებია. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 26 მარტს მოპასუხემ ცალმხრივად შეაჩერა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, რაზედაც დასაქმებულს წერილობითი ან/და ზეპირი თანხმობა არ გამოუხატავს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლის დასკვნა, რომ ამ ნაწილში დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოვლენილი ნება ბათილია და არ გამოუწვევია შრომითი ურთიერთობის შეჩერება.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი ფორმით ნების გამოვლენის არარსებობა, არ ნიშნავს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადასტურებულია მოპასუხის მიერ რამდენიმე ბრძანების გამოცემის ფაქტი, რომელთა მიხედვით გაგრძელდა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ პირთა არაანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნულ ბრძანებებში, სხვა დასაქმებულებთან ერთად, მოხსენიებულია აპელანტიც (მოსარჩელეც). ასევე, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე იყო ბენეფიციარი და სარგებლობდა სახელმწიფოს მიერ პანდემიით დაზარალებულ პირთათვის შეთავაზებული დახმარებით 2020 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 28 ივნისამდე, იღებდა ყოველთვიურ ფულად დახმარებას - 200 ლარს.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ არაანაზღაურებადი შვებულების ვადების გაგრძელების თაობაზე გამოცემულ ბრძანებებში მისი გვარისა და სახელის მოხსენიება შეიძლებოდა მიჩნეულიყო ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე ნების გამოვლენად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ანაზღაურებისგარეშე შვებულების თაობაზე, დასაშვებია შრომითი ურთიერთობის მოქმედების ვადაში. განსახილველ შემთხვევაში 2020 წლის 10 აპრილს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, ცალმხრივად გამოვლენილი ნება იურიდიული შედეგების მომტანი მხარეებისთვის ვერ იქნებოდა.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ, არაანაზღაურებადი შვებულების ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანებებში აპელანტის მოხსენიება, ვერ გაუთანაბრდება მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებისა და შრომითი ურთიერთობის პირობებზე ხელახალი შეთანხმების ფაქტის არსებობას.
11. აპელანტის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეჩერებული სტატუსით არსებობას ადასტურებს აპელანტის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღება, სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N 286 დადგენილების ,,ახალი კორონავირუსის გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, N 1 დანართის 2.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპანია სახელმწიფოს ინფორმაციას აწვდიდა იმ პირების შესახებ, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ან/და შეჩერდა. შესაბამისად, მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, შეჩერებული იქნებოდა თუ შეწყვეტილი მასთან შრომითი ხელშეკრულება, იგი უფლებამოსილი იყო სახელმწიფოსაგან მიეღო სოციალური შემწეობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიასათან დაკავშირებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდგომლობას ეხებოდა, განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებულად ჩათვლის პირობებში სახეზე არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელსაც სააპელაციო სასამართლო იხილავდა. კერძოდ სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2020 წლის 10 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ადგილი არ ჰქონდა იძულებით მოცდენას, რაც გამორიცხავდა მოწინააღმდეგე მხარისათვის დასახელებულ პერიოდში იძულებითი განაცდურის დაკისრების მართლზომიერებას.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დასაქმებულმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, რადგან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სამართლებრივი საფუძველი. 2023 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მოსარჩელის შუამდგომლობის პასუხად მოსამართლემ არ გამოაცხადა დააკმაყოფილა თუ არა შუამდგომლობა, საქმე განიხილა არსებითად და სხდომის ბოლოს გამოაცხადა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს გამოაცხადებდა შუამდგომლობაზე პასუხს.
13.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი ვინაიდან, დასაქმებულის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ჩაითვალა 2020 წლის 10 აპრილიდან და იძულებითი მოცდენა დადგინდა 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 10 აპრილამდე პერიოდში.
13.4. სასამართლომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება არ მიიჩნია უვადოდ, რამაც გამოიწვია საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორმა მიუთითა სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, როგორც დეკრეტი ასევე, შვებულება ითვლება სამუშაო დროდ. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიმართ გამოცემული შვებულების ბრძანებები ითვლება დამსაქმებლის მხრიდან გამოვლენილ ნებად მოსარჩელესთან (კასატორთან)შრომითი ურთიერთობის გაგრძელების თობაზე.
13.5. კასატორის მიმართ არ გამოცემულა აქტი, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებას დაადასტურებდა, შესაბამისად იგი ამ დრომდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და დღემდე იძულებით მოცდენაშია. კასატორის მიმართ გამოიცა რიგი შვებულების ბრძანებები და მას არწმუნებდნენ, რომ პანდემიის დასრულებისთანავე აღდგებოდა შეჩერებული შრომითი ურთიერთობა.
13.6. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული შვებულებაში არ გასულა მისი წერილობითი თანხმობით, მას სადავოდ არ გაუხდია შვებულებაში ყოფნა და ანაზღაურებისგარეშე შვებულების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილება.
13.7. კასატორის განმარტებით შვებულებაში მყოფ თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა არის შეჩერებული და არა შეწყვეტილი, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა.
13.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რაც განაპირობებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დაშვებას;
17. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს იმ პროცესუალურ საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობას განუხილველობას ეხება და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას და არა დაუსწრებელ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მიღებულ განჩინებას, რაც სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონით გათვალისწინებული პირობაა. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის კიდევ ერთ შესაძლო საფუძველს, სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ე“ ქვეუპუნქტს, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა არსებითად განხილვის მიზნით ხდება საპროცესო სამართლის ნორმების მხოლოდ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, თანაც ისეთი დარღვევის, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში სასამართლომ მოისმინა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმი და აპელანტის (რომელიც მოსარჩელეა ამ დავაში) საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით, მხარეს განუმარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ის სამართლებრივი წინაპირობები (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:14:52-დან), რაც გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ.76-77 და წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) და საკასაციო სასამართლო იზიარებს.
18. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის, მესამე ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს აწესრიგებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ-ები №ას-152-148-2016, 3.06.2016წ.; №ას-791-2023, 21.07.2023წ.), თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ-ები №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; Nას-1003-2023, 4.12.2023წ.; Nას-365-2023, 30.11.2023წ.; Nას-183-2023; 31.05.2023წ.).
20. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მიუხედავად სსსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისა სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს იურიდიულად ამართლებს თუ არა დამტკიცებულაც ცნობილი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას. აპელანტის შუამდგომლობის პასუხად ამის თაობაზე სამართლებრივი განმარტება სააპელაციო სასამართლომ გააკეთა 2023 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტი).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სშკ-ის 1.2 მუხლით დადგენილია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპი. კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმარტებულია, თუ რა ჩაითვლება არსებით პირობად. ასეთია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება.
22. საქართველოს შრომის კოდექსი შეიცავს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს და ასეთად პირველ რიგში სახელდება მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას.
23. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; N ას-836-2022, 31.10.2022წ; N ას-1572-2023, 4.07.2023წ; N ას-584-2023, 24.07.2023წ; N ას-1064-2022, 22.11.2023წ.).
24. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 10 აპრილს 12 თვის ვადით, რომელიც შემდეგ გაგრძელდა 12 თვით და იწურებოდა 2020 წლის 10 აპრილს, აღნიშნულის თაობაზე მხარეთა მიერ გამოვლენილი ურთიერთთანმხვედრი ნება დასტურდება ხელშეკრულებასა და მასში შეტანილ ცვლილებებზე მათი ხელმოწერით.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომინ ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც ასახულია სსკ-ის 319-ე მუხლში.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული ვადით - 2020 წლის 10 აპრილამდე. უდავოა, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ დასაქმებულს არც სამუშაო შეუსრულებია და არც ხელფასი მიუღია. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 26 მარტს, მოპასუხემ ცალმხრივად შეაჩერა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, რაზედაც მოსარჩელეს წერილობითი ან/და ზეპირი თანხმობა არ გამოუხატავს, შესაბამისად დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, ბათილია და არ გამოუწვევია შრომითი ურთიერთობის შეჩერება.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი ნების გამოვლენის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მხარეთა შორის შრომით ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო იმ დროისთვის მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ დასაქმებულს არ ევალება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა, იმ დროს როდესაც მხარეთა შორის დადებული შრომით ხელშეკრულება წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო (იხ. სუსგ Nას-920-2021, 27.10.2021წ.). იგულისხმება, რომ მხარეები ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის ვადაზე ისედაც შეთანხმებულნი არიან და მათ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის იციან, როდის გასდის ხელშეკრულებას მოქმედების ვადა, შესაბამისად დამატებითი წერილობითი ნების გამოვლენას ან ინფორმირებას შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საქართველოს შრომის კოდექსი და სასამართლო პრაქტიკა არ ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 10 აპრილს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შედეგად იმხანად მოქმედი სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და კასატორის მტკიცება შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევასთან დაკავშირებით ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
28. "შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით შეწყვეტის ვალდებულებას შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, შრომის კოდექსი არც შრომითი ხელშეკრულების ყველა საფუძვლით შეწყვეტისთვის ადგენს შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინებისა და კომპენსაციის მიცემის ვალდებულებას. ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს, შრომის კოდექსში numerus clausus- ის პრინციპითაა ჩამოთვლილი და ძირითადად, ისეთ საფუძვლებს ეხება, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით ხდება, ხოლო აღნიშნული ინიციატივა დასაქმებულის მართლსაწინააღმდეგო ქცევით არ არის განპირობებული. ასე მაგალითად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის წინასწარ წერილობით გაფრთხილებას საჭიროებს იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულება რეორგანიზაციის, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან უნარ-ჩვევის ნაკლებობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან სხვა ობიექტური საფუძვლით წყდება“ (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი- რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი; -2023წ; გვ. 625);.
29. საკასაციო სასამართლო, დამსაქმებლის მიერ არაანაზღაურებადი შვებულების ვადების გაგრძელების შესახებ ბრძანებებში კასატორის მოხსენიებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ისეთი ნების გამოვლენად, რომელიც ვადიანი შრომთი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების დადების საფუძველი იქნებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ანაზღაურების გარეშე შვებულების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით შეიძლება მიღწეულ იქნეს შრომითი ურთიერთობის მოქმედების ვადაში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო.
30. განსახილველ შემთხვევაში, 2020 წელს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო შეწყდა, მხარეებს შეთანხმება ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე არ გამოუვლენიათ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს სამუშაო არ შეუსრულებია, ხოლო დამსაქმებელს არც ხელფასი გადაუხდია და არც სამუშაოს შესასრულებლად დაუშვია სამსახურში, რაც მოწმობს 2020 წლის 10 აპრილიდან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მისი ვადის გასვლის საფუძვლით..
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ანაზღაურებადი თუ არაანაზღაურებადი შვებულება არის დასაქმებულის დასვენების უფლება, რომელიც მხოლოდ მოქმედი შრომითი ურთიერთობის დროს შეიძლება გამოვლინდეს. შესაბამისად, თუ შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ნება ყოფილი დასაქმებულის მიმართ დასვენების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერც ერთი მხარისთვის ვერ იქნება.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური