06 თებერვალი 2024 წელი
საქმე №ას-124-2024 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისს სარჩელით მიმართა სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა მოპასუხე დ.ო–ის მიმართ საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2020 წლის 21 დეკემბერს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოპასუხე დ.ო–ს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
2017 წლის 05 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7409.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5460.53 ლარი, პროცენტი - 1142.22 ლარი, შემცირება ჯარიმა - 800 ლარი და დაზღვევა - 6.51 ლარი; 2019 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 05 აპრილის საბანკო კრედიტის 2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 5460.53 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 23.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 106.93 ლარს; 2019 წლის 29 მაისიდან, 2017 წლის 05 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე - 5460.53 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.74 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა; - 2018 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2982.68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1999.52 ლარი, პროცენტი - 483.17 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი; 2019 წლის 29 მაისიდან, 2018 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1999.52 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.98 ლარს; 2019 წლის 29 მაისიდან, 2018 წლის 25 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1999.52 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.39 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2022 წლის 18 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
4. 2022 წლის 07 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ო–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე იშუამდგომლა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, დ.ო–ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და საქმისწარმოების განახლების თაობაზე დასაშვებად იქნა მიჩნეული; დ.ო–ის წარმომადგენლის განცხადება სააღსრულებო საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ №2-999-19 საქმეზე, 2022 წლის 18 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებოსაქმის წარმოება, ნომერი A22054974.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის" უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შპს ,,ტ.კ–ი".
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით დ.ო–ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ.ო–ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლი 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმობის განახლება მოითხოვა.
10. თბილისის საპელაციო სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დ.ო–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.ო–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
16. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დ.ო–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება არ საჩივრდება (ს.ფ.238-251).
17. 18.01.2024 წელს დ.ო–მა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება, ანუ კერძო საჩივრის ობიექტია კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
19. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ.-ები: №ას-1587-2019 , 04.11.2019წ.; №ას-478-2020, 03.07.2020წ.).
20. ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
22. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ო–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი