15 სექტემბერი 2023 წელი №ას-722-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ.ე–ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ.ა–ნი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა, შენობა-ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.ა–ნმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - მ.ე–ნის მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებით (მდებარე ახალციხის რაიონის სოფელ ........) სარგებლობაში ხელშეშლა და დაევალა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხდინა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან და მასზე განლაგებულ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ მოწყობილი ბოსლისა და სანაკელის დემონტაჟი და სხვაგან გადატანა სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, არანაკლებ 15 მეტრის მოშორებით. თუ მოპასუხე აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს მითითებულ მოქმედებას, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედებები თვითონ შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
5.1. მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობს ახალციხის რაიონის სოფელ ........ მდებარე მიწის ნაკვეთს მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით, კერძოდ, №1, №2, №3 შენობა-ნაგებობებს (ს/კ ......).
5.2. მოპასუხე ახალციხის რაიონის სოფელ ........ საკუთრების უფლებით ფლობს 0,75 ჰა მიწის ნაკვეთს მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით. ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ახალციხის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს მიერ 1994 წლის 05 მაისს გაცემული №28 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
5.3. მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (საცხოვრებელ სახლს) ემიჯნება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბოსელი და სანაკელე. მოპასუხის მფლობელობაში არსებული ბოსელი განთავსებულია უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ჭიშკართან.
5.4. საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 07 სექტემბრის N5005173020 დასკვნის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან მოპასუხის მიერ ბოსლის მოწყობით დარღვეულია სამშენებლო ნორმებისა და წესების (CниП 2.07.01-89) თავის საცხოვრებელი ტერიტორიის 2.19 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ბოსლის მინიმალური დაშორება უნდა შეადგენდეს 15 მეტრს. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ბოსლამდე დაშორება შეადგენს 1 მეტრს, ხოლო სანაკელემდე საცხოვრებელი სახლის დაშორება - 5 მეტრია.
5.5. სააპელაციო პალატამ ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეში წარმოდგენილ ფოტოილუსტრაციაზე დაყრდნობით გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის დაუშვებელი ხელყოფის შესახებ და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება სცდება თმენის კანონით დაშვებულ ფარგლებს და მნიშვნელოვნად ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია შედავება, რომ სადავო ნაგებობის დემონტაჟის გარეშე უზრუნველყოფდა მის იმგვარ ექსპლუატაციას, რაც ხელს არ შეუშლიდა მესაკუთრეს კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფდა მის უფლებას.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნეს მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ისე, რომ სრულყოფილად არ შეუსწავლიათ და, შესაბამისად, მართებულად არ შეუფასებიათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ საკუთრების უფლებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის საფუძვლიანობა, კერძოდ, მოპასუხის კუთვნილი, მომიჯნავე ნაგებობების (ბოსელი და სანაკელე) დანგრევის/დემონტაჟის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.
11. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლი.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ განსაზღვრავს მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (ს.უ.ს.გ-ები: საქმე №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; საქმე №ას-778-2019, 5.07.2019წ.; საქმე №ას-690-660-2014, 10.03.2015წ.).
13. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ სათანადოდ არ გამოკვლეულა და შეფასებულა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც შედეგად, არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინამძღვრები, სახელდობრ:
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარეობს მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბოსელი და სანაკელე. საგულისხმოა, რომ ხსენებული შენობა-ნაგებობების დანგრევის/დემონტაჟის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ამ ნაგებობებიდან მომდინარე ძლიერი სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარია, რაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 07 სექტემბრის დასკვნასა და ფოტოილუსტრაციას, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ბოსლამდე დაშორება შეადგენს 1 მეტრს, ხოლო სანაკელემდე საცხოვრებელი სახლის დაშორება - 5 მეტრია, მაშინ, როდესაც საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების (CниП 2.07.01-89) თავი - საცხოვრებელი ტერიტორიის 2.19 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ბოსლის მინიმალური დაშორება უნდა შეადგენდეს 15 მეტრს. მოპასუხის მფლობელობაში არსებული ბოსლის შესასვლელი განთავსებულია უშუალოდ მოსარჩელის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან. ამასთან, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და სანაკელე მდებარეობს სხვადასხვა დონეზე, რის გამოც, სანაკელიდან მომდინარე წყალი ჩაედინება მოსარჩელის ეზოში და ქმნის ანტისანიტარიას. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება სცდება თმენის კანონით დაშვებულ ფარგლებს და მნიშვნელოვნად ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (მაგ. სხვა საექსპერტო დასკვნა), რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია შედავება, რომ დემონტაჟის გარეშე შეძლებდა სადავო ნაგებობების იმგვარ ექსპლუატაციას, რომ ხელს არ შეუშლიდა მესაკუთრეს კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფდა მის უფლებებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლებრივი ნორმის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა კასატორის მიერ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის დაუშვებელი ხელყოფა.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. იმავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
ამ ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ემისიების გამომწვევი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ზემოქმედება უმნიშვნელოდ ხელყოფს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას ან ხელს არ უშლის მას მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედება არსებითია, ასევე უნდა დაამტკიცოს ემისიებსა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლას შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომ ემისიებით გამოწვეული ზემოქმედებები თმენის ვალდებულებას აკისრებს მეზობელს, რადგან იგი უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგია და ამ სახის მოსარგებლეთასთვის ნორმალური სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 2, სანივთო (ქონებრივი) სამართალი 2018 წ. გვ.93-95).
საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კვალიფიციურად შეძლო იმ გარემოების დამტკიცებაც, რომ სადავო ნაგებობებიდან მომდინარე ზემოქმედება სცდება თმენის კანონით დაშვებულ ფარგლებს და მნიშვნელოვნად ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ხოლო მოპასუხემ როგორც უკვე აღინიშნა, ვერ უზრუნველყო აღნიშნულის გაბათილება სათანადო მტკიცებულებებით.
16. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა რა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ყველა ელემენტი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
18. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ე–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.ე–ნს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს დ.ჯ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №17658218838, გადახდის თარიღი: 30.06.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი