15 სექტემბერი 2023 წელი №ას-909-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ჭ–ძის სარჩელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. ხარვეზის გამოსასწორებლად განისაზღვრა 10-დღიანი ვადა.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აპრილის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაგრძელდა. ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება კანონით დადგენილი წესით ორჯერ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ........), თუმცა გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდგომ, აპელანტის წარმომადგენელს გზავნილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2022 წლის 8 ივლისს გაეგზავნა და იმავე დღეს ჩაბარდა, თუმცა მხარეს ხარვეზი არ შეუვსია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ვლინდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობაც. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საპროცესო ხარჯის გასაღებად აპელანტს არ აქვს საკმარისი შემოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1080 ლარია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი, ფაქტობრივად 3 თვის შრომის ანაზღაურებას უტოლდება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე და განმარტავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით, ხოლო კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ექსპროპრიატორი არის ვალდებული გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების კანონიერება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლება კომპენსაციის სანაცვლოდ. მოსარჩელე არ ეთანხმება გადახდილი კომპენსაციის ოდენობას და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელით ითხოვს დამატებით თანხის გადახდას, რა შემთხვევაშიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი (შდრ. იხ. სუსგ #ას-940-2021 23.09.2021).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. 11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას, მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 22 აპრილის განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 08 ივლისს ჩაბარდა (იხ. აპელანტის წარმომადგენლის უკუკავშირი, ს.ფ. 197), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 09 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 18 ივლისს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
13. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვლინდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და 103-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს. აპელანტმა ქვედა ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რამდენადაც ბაჟის ოდენობა ფაქტობრივად სამჯერ აღემატებოდა მის ყოველთვიურ შემოსავალს - 1080 ლარს. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა იმავე სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და განემარტა, რომ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტს შეეძლო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის, დამატებით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც არ განუხორციელებია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდით გამოუსწორებია სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მართებულია.
14. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ იმ უდავო გარემოებასაც, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი მიწა დაექვემდებარა რა ექსპროპრიაციას, მოსარჩელემ (კერძო საჩივრის ავტორმა) მიიღო აღნიშნულის საკომპენსაციო თანხა - 177 571 ლარი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მით უფრო არასარწმუნოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება მასზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ძალუძდა ფინანსური მდგომარეობის გამო.
15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 368-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი