Facebook Twitter

05 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1216-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. ,,მ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,მ.“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „მ“-ს სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე შ.პ.ს. „მ–ა“ მოპასუხე შ.პ.ს. ,,მ“-ისათვის 7556 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და დრო მოსარჩელის წარმომადგენელი ბ.ბ–თვის (იხ. რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 11-13) ცნობილი იყო (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს.ფ. 74). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2023 წლის 30 მაისიდან) არა უადრეს 20 (2023 წლის 19 ივნისიდან) და არა უგვიანეს 30 დღისა (2023 წლის 29 ივნისის ჩათვლით) გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (2023 წლის 30 ივნისიდან), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2023 წლის 30 ივნისს დაიწყო და 2023 წლის 13 ივლისს 24:00 საათზე დასრულდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 14 ივლისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 93-98), რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე ის დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არასწორად აქვს გამოთვლილი. ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 30 ივნისი და არა 29 ივნისი, შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 14 ივლისს და არა 13 ივლისს, როგორც სასამართლო უთითებს. მისივე განმარტებით, ვინაიდან სასამართლოს 30-დღიან ვადაში არ ჰქონდა მომზადებული დასაბუთებული განჩინება, 2023 წლის 14 ივლისს დაუზუსტებელი სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი და არ არსებობს მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

12. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, მოსარჩელეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (19.06.2023წ.) და არა უგვიანეს 30 დღისა (29.06.2023წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

13. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილია 2023 წლის 14 ივლისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 93-98).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. კერძო საჩივრის ავტორის ერთადერთი პრეტენზია შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს გამოთვლილი გასაჩივრების ვადები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ის მოექცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუ კი ის გაუშვებდა აღნიშნულ ვადას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ავტომატურად დაიწყებდა ათვლას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება განცხადება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის სასამართლო მოხელესთან კომუნიკაციას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან. პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 30 მაისს, სასამართლოსათვის მიმართვის 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2023 წლის 29 ივნისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა დაიწყო 2023 წლის 30 ივნისს და დასრულდა ამავე წლის 13 ივლისს. მოსარჩლემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 14 ივლისს - საპროცესო ვადის დარღვევით.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. ,,მ“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი