02 თებერვალი 2024 წელი
საქმე№ ა-6559-შ-192-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ქ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – ა.დ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1424/2013)
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე № 2-1424/2013) მოსარჩელე ი. ი. ასულ ქ–ას სარჩელი მოპასუხე ა.დ–ნს მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა.დ–ნს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის - ა.ა. ასულ დ–თან (დაბადებული 01.04.2007) მიმართებით.
2. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების, სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ:
2.1. შუამდგომლობის ავტორსა და მოპასუხეს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ იყო.
2.2. მოპასუხე არ იღებდა მონაწილეობას შვილის რჩენა-აღზრდაში, არ ზრუნავდა მის ფიზიკურ განვითარებაზე, არ ინტერესდებოდა შვილის ჯანმრთელობით, სწავლით და ა.შ., რაც გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველია;
2.3. არასრულწლოვანი ა.ა. ასულ დ–ნი ცხოვრობს დედასთან;
2.4. მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა ის ინფორმირებული იყო ჯეროვანი წესით.
2.5. სასამართლო სხდომაზე პროკურორის თანაშემწე ი.ვ. ვ–ამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა;
2.6. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 50 მუხლის წესით მოწვეულმა ადვოკატმა მ.ვ. პ–მა, სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ წარმოადგინა და სასამართლო სხდომაზე ითხოვა დავის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებისამებრ.
2.7. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1424/2013) მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ა.ა. ასულ დ–ს შეეცვალა გვარი და სააქტო ჩანაწერებში მიენიჭა დედის გვარი - ქ–ია.
2.8. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1424/2013) შესულია კანონიერ ძალაში.
2023 წლის 22 დეკემბერს, ი.ქ–იამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № 2-1424/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების მიხედვით, ი.ი. ასული ქ–ია არის საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა ესაჭიროება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № 2-1424/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
7. დადგენილია, რომ როგორც საქართველო, ისე რუსეთი, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „კონვენცია“) მონაწილე სახელმწიფოები არიან, შესაბამისად, ხსენებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით.
8. კონვენციის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ ბავშვები. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობების საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით.
9. კონვენციის 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები (შემდგომ - გადაწყვეტილებები); ბ) სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები.
10. კონვენციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე აღიარებულად მიიჩნევა სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით, თუ: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; ბ) საქმე, რომელზეც წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე იმ დაწესებულებების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.
11. კონვენციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღიარების თაობაზე 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
13. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, 68-ე, 69-ე, 70-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 32-ე, 51-ე, 52-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ქ–იას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე№2-1424/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1424/2013), რომლითაც ა.დ–ნს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2007 წლის 1 აპრილს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის ა.ა. ასულ დ–თან მიმართებით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი