Facebook Twitter

საქმე №ას-1549-2023

9 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ნი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 22 ივნისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.კ.უ–ნის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე რ.გ–ს მოსარჩელე სს „ს.კ.უ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7538.25 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით რ.გ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს, რ.გ–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა:

1. 301,53 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სათანადო მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე;

2. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

3. აპელანტს უნდა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით რ.გ–ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა:

1. 301,53 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სათანადო მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე;

2. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

3. აპელანტს უნდა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით კვლავ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა:

1. 301,53 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სათანადო მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე;

2. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია;

3. აპელანტს უნდა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით რ.გ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.გ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით რ.გ–ს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 11 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით რ.გ–ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2024 წლის 11 იანვარს ჩაბარდა პირადად კერძო საჩივრის ავტორს - რ.გ–ს პ/ნ ..... (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ. I ს.ფ. 215).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 16 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. ამდენად, რ.გ–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, რ.გ–მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.გ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია