Facebook Twitter

საქმე №ას-692-2023 26 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე.წ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2023 წლის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

პალატამ გამოარკვია:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 09.01.2023 წელს ე.წ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სახელით წარედგინა (განცხადება ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილ იქნა 01.01.2023 წელს) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით (ს.ფ.91-93).

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2023 წლის განჩინებით განცხადებას დაუწესდა ხარვეზი და განისაზღვრა ვადა მის შესავსებად (ს.ფ.95-97). ამავე სასამართლოს 17.02.2023 წლის განჩინებით განმცხადებელს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.103-106).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.05.2023 წლის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად (ს.ფ.112-115).

4. განმცხადებლის სახელით 08.05.2023 წლის განჩინებაზე წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი (ს.ფ.118).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე მის შესავსებად (ს.ფ.127-129).

6. ამავე პალატის 19.07.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ.137-138).

7. განჩინება ვერ ჩაბარდა ადრესატს, რის შემდგომაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2023 წლის განჩინების კერძო საჩივრის ავტორისთვის ჩაბარება 17.11.2023 წლის განჩინების საფუძველზე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს (ს.ფ.144-145).

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს მომართვაში აღნიშნულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი გარდაიცვალა 11.11.2022 წელს და დაკრძალულია სოფელ ........ სასაფლაოზე (ს.ფ.148-149).

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმის წარმოება დაიწყო განმცხადებლის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.06.2022 წლის განჩინებით (ს.ფ.52-55). განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი აპირებს შპს "ჯ.მ–ის" მიმართ სარჩელის აღძვრას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ვერ ადასტურებს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის გამოყენების გარდაუვალ აუცილებლობას. ეს განჩინება საბოლოოდ უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.08.2022 წლის გაჩინებით, რომელიც საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის განჩინებაა და არ საჩივრდება (ს.ფ.73-78). შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 424-ე მუხლის მნიშვნელობით ისეთ გადაწყვეტილებას/განჩინებას, რომელზეც შეიძლება წარდგენილ იქნეს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება. სარჩელი აღძრული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებები საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაზე ხარვეზის დაწესებისა და ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ (ს.ფ.95-97; 103-106) სწორედ იმ გარემოებებს ეყრდნობოდა, რომ გაურკვეველი იყო განცხადების საგანი და საფუძველი (განცხადება არ შეესაბამებოდა სსსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნებს).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ განმცხადებლის გარდაცვალებიდან გასულია ერთ წელზე მეტი (მისი სახელით საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტში იგი იყო გარდაცვლილი), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, წარმოდგენილი კერძო საჩივარი კი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე