საქმე №ას-1362-2023 26 იანვარი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი შპს „მ.ო.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა 2019 წლის 5 ნოემბრის საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის N303.0003504.001-001 ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანების ნაწილში, შეიცვალა პირგასამტეხლოს ოდენობა და 10 576.76 ლარის ნაცვლად განისაზღვრა - 1057.67 ლარით. კერძოდ დავალიანების ჯამური მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 28900 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 9141.34 ლარი; პირგასამტეხლო - 1057.67 ლარი; 2019 წლის 5 ნოემბრის საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის 303.0003504.001-001 ხელშეკრულება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ცვლილება შევიდა, ასევე, ნოტარიუს მ.ო–ის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს გაცემულ N210086065 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 39 022 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 10 119 ლარი, პირგასამტეხლო - 1321.30 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი -123 ლარი. ნოტარიუს მ.ო–ის მიერ 2021 წლის 5 თებრვალს გაცემული N210086065 სააღსულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. მხარეთა შორის, 2017 წლის 22 სექტემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის თანხა განისაზღვრა - 25 000 ლარით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%-ით, ჯარიმა/პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის - 0.01%. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართი 83.66 კვ.მ. ს/კ .... იპოთეკის საგანი მხარეების მიერ შეფასდა 70 000 ლარად.
3.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 19 ივლისს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის თანხა შეადგენდა - 4000 ლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 0.1%. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ......., ფართი 83.66 კვ.მ. ს/კ .... იპოთეკის საგანი მხარეების მიერ შეფასდა 140 000 ლარად.
3.3. მხარეებს შორის 2017 წლის 22 სექტემბერს დადებული N171120967 საკრედიტო ხაზის და იპოთეკის ხელშეკრულებით, მოპასუხის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად, დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით, 2019 წლის 5 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის ხელშეკრულება N303.0003504.001-001, რომლის მიხედვითაც წარმოშობილი დავალიანება განისაზღვრა - 48 618.1 ლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 28 900 ლარი, სარგებელი - 9141.34 ლარი, პირგასამტეხლო - 10 576.76 ლარი, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა - 30%-ს, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა/პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ს.
3.4. რესტრუქტურიზაციის შედეგად 2019 წლის 5 ნოემბერს წლიური საპროცენტო სარგებლის თანხა შემცირდა 24%-მდე.
3.5. ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დავალიანება შეადგენდა - 70 435.75 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 44 877.67 ლარი, სარგებელი - 12 222.7 ლარი, პირგასამტეხლო - 13 213.01 ლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 123 ლარი. სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
3.6. მსესხებელს 2021 წლის 13 თებერვალს მიეცა წინადადება 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
3.7. გადახდის ისტორიით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2021 წლის 5 თებერვლამდე მესხებელმა ძირითადი თანხის ანგარიშში გადაიხადა - 77.33 ლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი - 1611.09 ლარი.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთის 30%-ის წლიური 14%-ით განსაზღვრის თაობაზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა, არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის თანახმად არ იყო ბათილი.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო სესხის ხელშეკრულებებით, მოპასუხის მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის რესტრუქტურიზაციის მომენტიდან, კერძოდ 2019 წლის 5 ნოემბრიდან განისაზღვრა 24%-ით, რაც შეადგენდა ყოველთვიურ 2%-ს და სრულ შესაბამისობაში იყო ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთთან, შესაბამისად მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა. დადგენილია, რომ აპელანტმა მოპასუხის წინაშე არსებული ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. კასატორმა მოითხოვა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ცვლილება სარგებლის ნაწილში და საპროცენტო განაკვეთის 30%-ის ნაცვლად 14%-ით განსაზღვრა. კერძოდ, სარგებლის - 9141.34 ლარის ნაცვლად 4265.96 ლარით განსაზღვრა.
6.2. კასატორის პრეტენზის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის შემცირების თაობაზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის საამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
6.3. კასატორის განცხადებით, სესხზე დარიცხული წლიური სარგებელი - 30% შეუსაბამოდ მაღალია და არღვევს სასესხო ურთიერთობებში დამკვიდრებულ საჯარო წესრიგს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სესხზე დარიცხული სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ-ები: N ას-625-584-2017, 7.07. 2017წ: N ას1097-2021, 25.05.2022; N ას-1024-2023, 16.11.2023წ.).
13. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს გაირკვეს, იყო თუ არა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი, რომ შეფასებულიყო როგორც ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგება. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. დასახელებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კდოექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, არ არის ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ მხოლოდ სარგებლის ნაწილში შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლიდან „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც“ გამომდინარე.
16. სადავო ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის რესტრუქტურიზაციის მომენტიდან, 2019 წლის 5 ნოემბრიდან განისაზღვრა 24%-ით, ყოველთვიურად - 2%-ით, რაც სრულ შესაბამისობაში იყო ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, მისი მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე ნაკისრ ვალდებულებას თანხის გადახდის თაობაზე არ ასრულებდა ჯეროვნად და მას ერიცხება დავალიანება. შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 5 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში საპროცენტო სარგებლის განაკვეთის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა.
17. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული საპროცენტო განაკვეთები, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები: Nას-894-834-2017, 3.11.2017წ.; Nას-1325-2018, 22.02.2019წ.; Nას-633-629-2015, 28.07.2015წ., Nას-894-834-2017, 3.11.2017წ.; Nას-377-2021, 12.10.2021წ.; Nას-386-2019, 2.04.2021წ.; ას-444-2020, 17.03.2021წ.).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა, რასაც წინამდებარე დავაში ადგილი არ აქვს.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.მ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 21.11.2023 წელს #19453294568 საგადახდო დავალებით გადახდილი 464.52 ლარის 70% - 325.16 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური