Facebook Twitter

საქმე №ას-1599-2023 26 იანვარი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.მ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – რეორგანიზაციის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება, საკონკურსო კომისიის მიერ წინასახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი კრიტერიუმების ბათილად ცნობა, დროებითი შრომისუუნარობის გამო ფულადი დახმარების დაკისრება, დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.მ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის (შემდეგში: მოპასუხე, კავშირი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, რეორგანიზაციის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების, საკონკურსო კომისიის მიერ წინასახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი კრიტერიუმების ბათილად ცნობის, დროებითი შრომისუუნარობის გამო ფულადი დახმარების დაკისრების, დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე მოპასუხე კავშირში დასაქმებული იყო 2017 წლიდან, ბიზნესისა და სოციალური სამსახურის უფროსის პოზიციაზე უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხულ 772 ლარს შეადგენდა;

3.2. კავშირის გამგეობამ 26.11.2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხე დაწესებულებაში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების შესახებ. გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამგეობის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება N17, რომლის თანახმადაც კავშირის ყველა თანამშრომელი, გარდა არჩევითი თანამდებობებისა, 2022 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეცნოთ თანამშრომლებს, მათ შორის - მოსარჩელესაც. მოსარჩელემ გათავისუფლების შესახებ ბრძანების მისთვის გაცნობა დაადასტურა ბრძანებაზე ხელმოწერით. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელისათვის მისი შინაარსი ცნობილი იყო;

3.3. სხდომის ოქმიდან 26.11.2021 წლის ამონაწერით ირკვევა, რომ გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, კავშირის ცენტრალურ აპარატსა და ფილიალებში 01.01.2022 წლამდე ორგანიზაციული ცვლილებები ჩატარებულიყო. გამგეობამ დაადგინა შემდეგი: - კავშირის ცენტრალურ აპარატსა და ფილიალებში 01.01.2022 წლამდე ორგანიზაციული ცვლილებები ჩატარებულიყო; - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47.1-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძვლით კავშირის ცენტრალურ აპარატსა და ფილიალებში ყველა თანაშრომელი, გარდა არჩევით თანამდებობებზე მომუშავეებისა, 2022 წლის 1 იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო; - კავშირის ცენტრალური აპარატისა და ფილიალების 2022 წლის საშტატო განრიგში ცვლილებები და დამატებები დამტკიცებულიყო; - კავშირის თავმჯდომარეს დაევალა: - სშკ-ის 48.1-ე მუხლის შესაბამისად, ა.წ. 30 ნოემბრამდე გაეფრთხილებინა კავშირის ცენტრალური აპარატისა და ფილიალების ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 იანვრიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; - სშკ-ის 48.1-ე მუხლის შესაბამისად ყოველ გათავისუფლებულ თანამშრომელზე 01.02.2022 წლამდე კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით გაეცა; - ამა წლის 24 დეკემბრამდე დასაქმების მსურველთა შერჩევა ჩაეტარებინა;

3.4. მოპასუხე კავშირის 08.12.2021 წლის წერილით, რომელიც მოსარჩელის 02.12.2021 წლის განცხადების პასუხია, ირკვევა, რომ სშკ-ის 47.1-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. სშკ-ის 48.1-ე მუხლის ,,ა“, ,,ვ“, ,,ი“ ან ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;

3.5. კავშირის გამგეობის 2021 წლის 26 ნოემბრის სხდომის N4 ოქმით დამტკიცებული დადგენილების საფუძველზე აპარატსა და ფილიალებში ორგანიზაციული ცვლილებები დაიგეგმა. დასაქმებულებს, მათ შორის მოსარჩელეს, სშკ-ით დადგენილი წესით, 1 თვით ადრე ეცნობა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და ამავე კოდექსით დადგენილი წესით დადგინდა კომპენსაციის 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით გაცემა;

3.6. ორგანიზაციული ცვლილებების მიზნად განისაზღვრა საქმისწარმოების უკეთესად ორგანიზება და კავშირის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა. კავშირის წესდებით განსაზღვრული მიზანია უსინათლოთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო ინტელექტუალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ- საყოფაცხოვრებო მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირის მთავარი ამოცანა უსინათლო პირებისათვის საჭირო სერვისების მიწოდებაა. სწორედ აღნიშნული მიზნით ხორციელდება ორგანიზაციული ცვლილებები და აპარატში ჩნდება ისეთი ახალი პოზიციები, როგორიცაა, მაგალითად, უსინათლოთა დასაქმების კონსულტანტი, ფსიქოლოგი, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ხმოვანი პროგრამების სპეციალისტი. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება კავშირის უმუშევარ წევრთა მიმართ ზრუნვა, მათი შრომითი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და საყოფაცხოვრებო მომსახურება;

3.7. ზემოთ აღნიშნული გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე დადგა აუცილებლობა იმისა, რომ, ერთი მხრივ, შემცირებულიყო არსებული საშტატო ერთეულები, ხოლო, მეორე მხრივ, დამატებულიყო ახალი შტატები, რათა კავშირის წევრებს მიწოდებოდათ ის მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფდა ახალი საშტატო განრიგით დამატებული ადამიანური რესურსი;

3.8. მოპასუხე კავშირის 08.12.2021 წლის წერილის მიხედვით (იხ. წინამდებარე განჩინების 3.4 ქვეპუნქტი) მოსარჩელის მიერ ამჟამად დაკავებულ ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახურის უფროსის პოზიციასთან დაკავშირებით, დასაქმებულს განემარტა, რომ ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად უქმდებოდა ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახური. შესაბამისად, აღნიშნული სამსახურის უფროსის საშტატო ერთეული ფუნქციური დატვირთვით აღარ იარსებებდა, რადგან უქმდებოდა თვითონ სტრუქტურული ერთეული;

3.9. იმავე წერილის მიხედვით, პროექტების მენეჯერთან დაკავშირებით, რომლის საშტატო ერთეულიც გათვალისწინებულია კავშირის ახალ საშტატო განრიგში, მისი უფლებამოსილებები შემდეგნაირად განიმარტა: ,,მენეჯერი უზრუნველყოფს ბიზნეს და სოციალური პროექტების შემუშავებისთვის ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, მის დამუშავებას, ცხრილების შედგენას, ტექსტის ბეჭდვას და საჭიროების შემთხვევაში მოპოვებული მასალების თარგმნას ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე ან/და პირიქით. პროექტების მენეჯერი მჭიდროდ თანამშრომლობს აპარატის თანამშრომლებთან, ფილიალებთან, კავშირის მიერ დაფუძნებულ სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაციის წევრებთან. რათა მოახდინოს გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამის თემატიკაზე პროექტის მომზადება. საჭიროების შემთხვევაში პროექტის მენეჯერს შეუძლია თავის პროექტში ჩართოს კავშირის აპარატის ნებისმიერი თანამშრომელი. შესაბამისად, ამჟამინდელ ბიზნეს და სოციალური პროექტების სამსახურის (4 შტატი) უფლებამოსილებებს შეითავსებს ერთი - პროექტების მენეჯერი. აღნიშნული ცვლილება მიზანშეწონილად მიიჩნია დამსაქმებელმა ამჟამინდელი ფუნქციური და დროითი დატვირთვიდან გამომდინარე, რადგან როგორც ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებამ აჩვენა, ამჟამინდელი ბიზნეს და სოციალური პროექტების სამსახურის დატვირთვა სრულებით შესაძლებელია, რომ ეფექტიანად შეითავსოს ერთმა დასაქმებულმა. შესაბამისად, ადამიანური და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, კავშირის გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურის გაუქმება;

3.10. სხვა ყველა პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს ღია კონკურსის საფუძველზე და შერჩევა მოხდება კანდიდატის მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და შესაბამისი განაცხადის წარდგენის წინადადება მიეცა;

3.11. პროექტების მენეჯერის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 926 ლარით, ხოლო კანდიდატისათვის დადგენილ კრიტერიუმებად განისაზღვრა: კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) პროექტის/პროექტების მართვის გამოცდილება, გ) საპროექტო დოკუმენტაციების შევსების ცოდნა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე; დ) ინგლისურის და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; ე) უსინათლო მოქალაქეებთან ურთიერთობის გამოცდილება;

3.12. 20.12.2021 წლის კავშირის ვაკანსიების განმხილველი კომისიის ოქმი N1-ის თანახმად განხორციელდა კავშირის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მსურველ აპლიკანტებთან გასაუბრება;

3.13. კავშირის სოციალური სამსახურის უფროსი - გასაუბრება შედგა პრეტენდენტებთან: ფ. ლ–ძე, ს. ც–კი, დ. ბ–ლი, დ. ყ–ნი, ე. გ–ნი. ორი ხმით სოციალური სამსახურის უფროსად შეირჩა ე.გ–ნი;

3.14. პროექტების მენეჯერი - პრეტენდენტები: გ. ა–ძე, ს. ც–კი, თ. მ–ლი, თ. მ–ია. ერთხმად პროექტების მენეჯერად შეირჩა თ.მ–ლი;

3.15. მოსარჩელე 01.01.2022 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 47.1-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეს მიეცა სშკ-ით გათვალისწინებული წესით 1 თვის სახელფასო ანაზღაურება კომპენსაციის სახით;

3.16. მოსარჩელე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე 30.12.2021 წლიდან - 24.02.2022 წლამდე. მან 27.02.2022 წელს წარუდგინა საავადმყოფო ფურცელი დამსაქმებელს შრომისუუნარობის გამო დახმარების ჩარიცხვის მოთხოვნით. 11.03.2022 წელს მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან შეწყვეტილი იყო 01.01.2022 წლიდან, რის გამოც შრომისუუნარობის დახმარება ჩაერიცხა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე პერიოდისათვის;

3.17. კავშირის 2017 წლის წესდების 4.1 პუნქტის შესაბამისად, კავშირის მიზანია უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტუალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება. წესდების 5.1 პუნქტის თანახმად, კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ის პირი, ვინც სცნობს და აღიარებს კავშირის წესდებას, სარწმუნოების, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის განურჩევლად. კავშირის წევრები შეიძლება გახდნენ მხედველები, რომელთაც აქვთ ოთხი უსინათლო წევრის რეკომენდაცია, ამასთან მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კავშირის ფილიალის წევრთა 10%-ს. წესდების 12.4 პუნქტის თანახმად, გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 12.5 პუნქტის თანახმად, გამგეობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილის) ხმა. წესდების 13.1 პუნქტის თანახმად, გამგეობა უფლებამოსილია განსაზღვროს კავშირის თანამდებობის პირებისა და მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეულები და ხელფასის ოდენობა კავშირის ბიუჯეტის ფარგლებში. წესდების 14.1 პუნქტის თანახმად, კავშირის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებას ახორციელებენ კავშირის თავმჯდომარე და მოადგილე (მოადგილეები) ცალ-ცალკე;

3.18. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სასარჩელო მოთხოვნებით მოსარჩელემ სასამართლოს 11.04.2022 წელს მიმართა;

3.19. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიცია არ არის ვაკანტური, იგი რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა და შეითავსა პროექტის მენეჯერის პოზიციამ. პროექტების მენეჯერის პოზიცია არ არის ვაკანტური;

3.20. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

4. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016 წ.). შრომის სამართლის მარეგულირებელი ნორმები ადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების ვალდებულებას, თუმცა დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობის არსის (დაქვემდებარების პრინციპით სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტს, შესაბამისად, მისი უფლებების შეზღუდვის კანონიერება ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ შესაბამისად უნდა იქნას შემოწმებული და დადგინდეს გონივრული ბალანსი დამსაქმებლის კანონიერ ინტერესსა და დასაქმებული ფიზიკური პირის სოციალური უფლებების შეზღუდვას შორის.

5. სშკ-ის 47-ე მუხლი შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე აწესრიგებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის (მოსარჩელის/აპელანტის გათავისუფლების დროს მოქმედი ნორმა) პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შეადრ. სუსგ Nას-414-391-2014, 29.06.2015 წ.), რომლის მიხედვით იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1)-ე ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო.

8. საყურადღებოა, რომ მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილია, როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, ასევე შემაფერხებელი შესაგებელი, კერძოდ მოპასუხემ მიუთითა, როგორც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, ასევე - მის ხანდაზმულობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. ,,უფლების შემაფერხებელ’’ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები, რადგან მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება შეფერხდება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 144.1-ე მუხლი).

9. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი მოთხოვნა შეწყვეტის დასაბუთების შესახებ; ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამის შემდეგ დასაქმებულს უფლება აქვს, 30 დღის ვადაში სასამართლოში სარჩელი აღძრას.

10. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ 7 დღის ვადაში, დასაქმებულს უფლება აქვს 30 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში, იცვლება სსსკ-ით მხარეებზე გადანაწილებული მტკიცების ტვირთი და დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს).

11. საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტების შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც, შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება წერილობით განხორციელდეს... ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან.

12. მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც მისი 02.12.2021 წლის განცხადების საფუძველზე 08.12.2021 წელს ეცნობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 3.4 ქვეპუნქტი), რაც მოსარჩელემ საქმის მომზადების სტადიაზე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დაადასტურა, სშკ-ის ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება, დაეწყო ე.წ. გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მოსარჩელე არაუგვიანეს 08.01.2022 წლისა იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი სასამართლოში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

13. ამასთანავე, მოპასუხე გამგეობის 26.11.2021 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც ეცნობა ორგანიზაციაში დასაქმებულ ყველა პირს, მითითებულია, რომ დასაქმებულები გათავისუფლებული იქნებოდნენ 1 იანვრიდან. უდავოა, რომ აღნიშნული ბრძანების თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს 1 იანვრიდან და მითითებული თარიღიდან 30 დღის განმავლობაში შეეძლო მოსარჩელეს სადავოდ გაეხადა გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, რისი განუხორციელებლობაც წარმოშობს განსახილევლი სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძველს.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ სამართლებრივი გზების ძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება დაიწყო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მას შემდეგ, რაც მოპასუხე ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს მატერიალურსამართლებრივ ხანდაზმულობაზე და დაასაბუთებს მას, მოსარჩელეზე გადადის მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ხანდაზმულობის ფაქტობრივი გარემოება არ უნდა იქნეს გამოყენებული (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შესაგებლით ხანდაზმულობაზე მიუთითა და დაასაბუთა, მოსარჩელეს ევალებოდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა და დაასაბუთა შესაგებელში სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის შემდეგაც უკვე მოსარჩელეზე გადავიდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რასაც მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი. კერძოდ, მან არ წარმოადგინა კანონით დადგენილ ვადაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზე.

16. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

17. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, 63; შდრ: სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-1937-2018, 15.03.2019 წ., პ-16; №ას-1343-1263-2017, 20.12.2017 წ.; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რის გამოც გაუმართლებლად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილება.

18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელის ხანდაზმულად ცნობასთან ერთად, მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებით ასევე დაუსაბუთებელია, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია დასაქმებული პირების გათავისუფლება და ხელახალი კონკურსის ჩატარების გზით ახალი კადრების დასაქმება, ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად.

19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელი არჩევანის გაკეთებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას, გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. ,,favor prestatoris’’ პრინციპი (დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა). სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1124-1080-2016, 10.03.2017 წ; №ას-1145-1101-2016,17.03.2017 წ.).

20. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით უზრუნველყო დაესაბუთებინა მის მიერ მიღებული ბრძანების მართლზომიერება, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო საპირწონე მტკიცებულებებისა და არგუმენტების მოხმობის გზით. სახელდობრ, მოპასუხე კავშირის მხრიდან გატარებული ღონისძიებები და მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს იმ აუცილებლობის სტანდარტს, რომელიც საჭირო იყო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. დადგენილია, რომ მოპასუხე დაწესებულებაში რეორგანიზაციის საფუძველზე შემცირდა შტატების რაოდენობა, რის გამოც წარმოიშვა დასაქმებული კადრების გათავისუფლების გარდაუვალი საჭიროება და ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად სააგენტომ შეიმუშავა ობიექტური კრიტერიუმი თანამშრომელთათვის განსაზღვრული უპირატესობის მინიჭებისათვის.

21. შრომისუუნარობით გამოწვეული დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს მოსაჩელის მიმართ 01.01.2022 წლის მდგომარეობით სახელფასო ან სხვა სახის დავალიანება არ გააჩნია, უდავოა, რომ მხარეთა შორის 01.01.2022 წლიდან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელის შრომისუუნარობა მის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლის მიხედვით დაიწყო 30.12.2021 წლიდან, მოსარჩელე გამოჯანმრთელდა 24.02.2022 წელს. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებელს არ ევალება შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდგომი პერიოდისათვის დასაქმებულისათვის შრომისუუნარობის შემთხვევაში დახმარების გადახდის ვალდებულება, ხოლო 30.12.2021-31.12.2021 წ. პერიოდის შრომისუუნარობის დახმარება მოსარჩელეს მოპასუხისაგან მიღებული აქვს. შესაბამისად, შრომისუუნარობის დახმარების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც მოსარჩელეს ამ ნაწილშიც მართებულად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება შრომის კოდექსით დადგენილი დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრებას, საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულება, რომლისთვისაც სშკ-ით დადგენილია დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება.

22. შესაძლო დისკრიმინაციასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და განმარტა, რომ აპელანტს ევალებოდა სსსკ-ის 3633 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი კონკრეტული ფაქტების მითითება, რომელიც წარმოშობდა დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10.1 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება სსსკ-ით. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გამოცხადებულ ვაკანსიაზე საკვალიფიკაციო პირობების დადგენით და შერჩევის დროს ვაკანსიაზე მხედველი პირის შერჩევით, მოპასუხის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მოსარჩელის დისკრიმინაციულ მოპყრობად მიაჩნია, რის გამოც სარჩელით/სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროს ვაკანსიაზე დადგენილი კრიტერიუმების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

23. სსსკ-ის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნული მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან ირკვევა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი მოსარჩელე მხარემ მტკიცების მაღალი სტანდარტით უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იმავე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა „primafacie“ (ერთი შეხედვით) დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი) მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ - ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში დასაქმებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, სასამართლომ არ გაიზიარა ვინაიდან, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, თუმცა, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია (სუსგ №ას-1493-1413-2017, 26.01.2018 წ.).

24. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის კანონმდებლობით დაცული ნიშნით განხორციელდა დისკრიმინაცია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის წესდება ითვალისწინებდა უპირატესობის მინიჭებას დასაქმების დროს შშმ სტატუსის მქონე პირისათვის, ამიტომაც მას უპირატესობა უნდა ჰქონოდა ვაკანსიაზე შერჩეულ მხედველ პირთან შედარებით, ასევე, ვაკანსიისათვის დადგენილი უნდა ყოფილიყო მოთხოვნები, რომ ვაკანსიაზე განაცხადი შეეტანათ მხოლოდ შეზღუდული მხედველობის მქონე პირებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული მტკიცება და განმარტა, რომ სშკ-ის მე-4.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. სშკ-ის მე-6 მუხლი კი ადგენს, რომ დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან, ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, უსინათლოთა კავშირში ორგანიზაციული ცვლილებების მიზანი არ ყოფილა მოსარჩელესთან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

25. მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე ეკავა ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, რეორგანიზაციის და მოპასუხე კავშირის წინაშე არსებული ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე მოხდა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმება და ის უფლება-მოვალეობები, რომელსაც ითავსებდა ხსენებული სამსახური და მასში დასაქმებული 4 პირი მთლიანად შეითავსა ერთმა საშტატო ერთეულმა - პროექტების მენეჯერის პოზიციამ. ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე გაჩნდა პროექტების მენეჯერის ვაკანტური პოზიცია, რომლისადმი წამოყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა გამომდინარეობდეს შესასრულებელი სამუშაოს არსიდან, რის გამოც კანდიდატს უნდა ჰქონოდა გარკვეული უნარ-ჩვევები, რათა შეესრულებინა ყველა ის სამუშაო, რასაც წარსულში სტრუქტურული ერთეული - ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახური მთლიანად 4 დასაქმებული სახით ასრულებდა. გამგეობის გადაწყვეტილებაში რეორგნიზაციასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ვაკანტურ პოზიციებზე შერჩევა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო ვაკანსიაზე დადგენილ კრიტერიუმების მიხედვით მისი დაკავება შეეძლოთ როგორც მხედველობით ან/და სხვა ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ასეთი შეზღუდვების არმქონე პირებს, შესაბამისად, ასეთი მიდგომა დამსაქმებლის მხრიდან არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციულად. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ და სხვა პირებმა მიიღეს მონაწილეობა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებით გამართულ გასაუბრებაში, რა დროსაც შერჩეულმა კანდიდატმა მოსარჩელეზე უკეთესი შედეგები აჩვენა უცხო ენების ცოდნის მხრივ, ასევე - სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით, ვიდრე მოსარჩელემ. ამდენად, ვაკანსიაზე მხედველი პირის შერჩევით არ განხორციელებულა მოსარჩელის მიმართ არათანაბარი მოპყრობა. მოპასუხე კავშირის წესდებით აკრძალული არ არის, ასევე სავალდებულო არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება კავშირის მიზნების მიღწევისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არათანაბარ ან/და დისკრიმინაციულ მოპყრობას წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არც ამ ნაწილში ექვემდებარება სარჩელი დაკმაყოფილებას.

26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

26.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

26.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხე კავშირის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას არ შეეხებოდა, არამედ იგი იყო გაფრთხილება შესაძლო გათავისუფლების შესახებ. კასატორის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დასაქმებულმა 2021 წლის 2 დეკემბერს დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა და კავშირის 2021 წლის 8 დეკემბრის საპასუხო წერილი დასაქმებულს ჩაჰბარდა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლის შეკითხვაზე, ჩაჰბარდა თუ არა აღნიშნული წერილი, დასაქმებულმა უპასუხა, რომ მან წერილი მიიღო, თუმცა, იგი გულისხმობდა 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანებას და არა - 2021 წლის 8 დეკემბრის წერილს. მოსარჩელეს სმენის პრობლემები აქვს, რაც არაერთხელ დადასტურდა სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას;

26.3. კასატორის განმარტებით, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2022 წლის 11 მარტს გაეგზავნა და მან კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში- 2022 წლის 11 აპრილს, სადავო ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა;

26.4. კასატორის განმარტებით, იგი 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2022 წლის 24 თებერვლის ჩათვლით საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. დასაქმებულმა 2022 წლის 27 თებერვალს დამსაქმებელს დროებითი შრომისუუნარობის თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართა და სწორედ ამ წერილის საფუძველზე 2022 წლის 11 მარტს ეცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

26.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხე კავშირში ჩატარებული რეორგანიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. რეორგანიზაციის შედეგად შტატები რეალურად არ შემცირებულა, შტატებს სახელები შეეცვალა, ფუნქციები კი იგივე აქვს;

26.6. კასატორი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა. დისკრიმინაციული მოპყრობა იმაში გამოიხატა, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება მხედველ პირებსაც მიეცათ. ასევე, დაუსაბუთებელი იყო რუსული და ინგლისური ენების ცოდნის მოთხოვნა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.

26.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დასაქმებულის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

31. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

32. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-817-2023, 11.10.2023წ; N ას-877-2023, 13.10.2023წ; N ას-1090-2023, 20.10.2023წ; N ას-703-223, 20.10.2023წ.).

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი და სადავო არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - შრომითი ურთიერთობა.

34. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ N ას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ-ები: N ას-669-2020, 18.11.2020წ; N ას-98-2019, 05.04.2019წ; N ას=360-2019, 17.05.2019წ; Nას-1227-2021, 09.02.2022წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ; N ას-493-2021, 05.05.2022წ; N ას-529-2022, 29.06.22წ; N ას-1101-2022, 17.11.2022წ; N ას- 1191-2022, 23.12.2022წ; N ას-1167-2021, 15.03.2023წ; N ას- 1641-2022, 22.03.2023წ; N ას-148-2023, 17.05.2023წ; N ას-474-2023, 7.06.2023წ.).

35. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან, რაც სავსებით მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019 წ. პ-34).

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

37. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1298-1218-2015, 15.03.2016წ; Nას-905-871-2016, 02.11.2016წ; Nას-790-2020, 20.05.2021წ; Nას-920-2021, 27.10.2021წ; N ას-486-2020, 23.03.2020წ; N ას-781-2021, 23.02.2022წ; N ას-629-2021, 04.05.2022წ; N ას-529-2022, 29.06.2022წ.; N ას-1641-2022, 23.03.2023წ).

38. სშკ-ს 48.4-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მე-7 ნაწილის თანახმად კი, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდალური დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამდენად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. სუსგ-ები: Nას-11-11-2018, 04.03 2019 წ; Nას-1418-2018, 13.12.2019 წ.).

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. "უფლების შემაფერხებელ" შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.

40. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონითაა დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს ინტერპრეტაციას ექვემდებარება.

43.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2021 წლის 8 დეკემბრის წერილი, რომელიც იყო პასუხი დასაქმებულის 2021 წლის 2 დეკემბრის წერილზე. 2021 წლის 8 დეკემბრის წერილით დასაქმებულს ეცნობა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტია. 2021 წლის 8 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს კავშირში ჩატარებული რეორგანიზაციის მიზნისა და შედეგების თაობაზე ეცნობა, რამაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. დასაქმებულმა საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ მას 2021 წლის 8 დეკემბრის წერილი იმავე დღეს ჩაჰბარდა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ დასაქმებული უფლებამოსლი იყო სარჩელი 2022 წლის 8 იანვრამდე წარედგინა, რაც მან არ განახორციელა. სარჩელი აღძრულია 2022 წლის 11 აპრილს. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულს (მოსარჩელეს/კასატორს), 2022 წლის 18 იანვარს ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა - 772 ლარი დანიშნულებით - საკომპენსაციო ანაზღაურება. დამსაქმებელი ორგანიზაციის მხრიდან დასაქმებულის მოსალოდნელი გათავისუფლების შეტყობინებისა და შესატყვისი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება შესრულდა. საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა კასატორის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის არარსებობისა და შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით აღძვრის შესახებ.

44. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მართებულად ეთქვა. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლო რეორგანიზაციის კანონიერებაზე დამატებით აღარ იმსჯელებს, რადგან ამ ნაწილშიც სავსებით კანონიერი და ფაქტობრივსამართლებრივად დასაბუთებული დასკვნებია ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო.

45. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, თითქოსდა მის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

46. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ წესრიგდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

47. ამავე კანონის მე-10.1 მუხლის თანახმად კი ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით, საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციის შესახებ დავის დროს აღნიშნულის ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536). კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).

48. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

49. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 04.02.2014წ).

50. დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი) (იხ. სუსგ №ას-1042-2018, 28.02.2019 წ; №ას-79-2022, 13.05.2022წ).

51. პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს _ საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა. ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

52. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დისკრიმინაციული მოპყრობის კონკრეტულ გარემოებებზე, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოპასუხეზე აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელთან შედარებითაც ის იმყოფება არასათანადო მოპყრობაში.

53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მითითება, რომ კონკურსანტებისთვის უცხო ენის ცოდნის მოთხოვნა საჭირო არ იყო და იგი მხოლოდ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენა დამსაქმებელმა, კანონით დადგენილი სტანდარტით ვერ აყალიბებს დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ვარაუდსაც კი, რის შემდეგადაც მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე გადანაწილდებოდა.

54. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური