საქმე №ას-1047-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ.კ–მა“ (უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ვა) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ფ–ნის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ.ჭ–ვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატს 2020 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 7 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნით.
10. მოპასუხემ კერძო საჩივარში მიუთითა, რომ რაკი თვითონ არ შეეძლო საჩივრის წარდგენა, მისმა დამ ი.ფ–მა მის ნაცვლად წარადგინა საჩივარი და შესაბამისად, ხელმომწერი პირი ი.ფ–ი იყო. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა, საჩივრის დაუშვებლად ცნობამდე, ვინაიდან აღნიშნული შედომა მოხდა მათი გამოუცდელობით. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა მისი სამართლებრთლებრივი დაცვის მექანიზმი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 14 სექტემბერს მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
16. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის - ნ.ჭ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აპელანტის მ.ფ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მ.ფ–ნის დას - ი.ფ–ს ჩაბარდა 2023 წლის 27 ივნისს. 2023 წლის 11 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ი.ფ–მა (რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სააპელაციო სასამართლოში, როგორც წარმომადგენელმა) წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 28 ივნისიდან (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების (2023 წლის 27 ივნისი) მომდევნო დღიდან) და მ.ფ–ნს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა 2023 წლის 28 ივნისიდან 10 დღის ვადაში - 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე (პარასკევი). საჩივარი კი წარდგენილია - 2023 წლის 11 ივლისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარზე უნდა დაედგინა ხარვეზი, დაუსაბუთებელია, ვინაიდან თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (სსსკ 239.3).
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. საქმეში წარდგენილი მასალებით არ დასტურდება, სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რის გამოც აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საჩივარი არ წარადგინა. სსსკ-ის 60-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით კი, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადადამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლებამისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 239-ე მუხლი ითვალისწინებს საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. მ.ფ–ნის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი, მართებულად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 236-ე, 237-ე, 239-ე მუხლები). კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.07.2023 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი