Facebook Twitter

საქმე №ას-1151-2023 10 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა.ბ–ნი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება (ძირითადი სარჩელით), ხელშეკრულბიდან გასვლა, უძრავი საკუთრებაში დაბრუნება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.02.2023წ. გადაწყვეტილებით - ნ.ა–ის სასარჩელო მოთხოვნა ს.ა.ბ–ნის მიმართ არ დაკმაყოფილდა, (იხ:გადაწყვეტილება, ს.ფ. 71-86). ს.ა.ბ–ნის შეგებებული სარჩელი ნ.ა–ის მიმართ დაკმაყოფილდა: რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., 500 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული - 277 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა - ნაგებობა, ს.კ. N...... 2.2. ს.ა.ბ–ნის საკუთრებაში აღირიცხა ნ.ა–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილი, მდებარე: ქ. თბილისი, ......., N12, 500 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 277 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. N....... ნ.ა–ს დაევალა თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს ს.ა.ბ–ნის უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....., N12, 500 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 277 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა - ნაგებობა, ს.კ. N....... უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ.ა–ს აეკრძალა მის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., ს/კ. ....-ის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით ნ.ა–ის მიერ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოსარჩელემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 168-172).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი იყო დასაბუთებული და საფუძვლიანი შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის, 8 მაისის და 31 ივლისის განჩინებები და ნ.ა–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ სსკ-ს 46.1 მუხლის ,,კ" ქვეპუქნტის ან/და 48.1 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების და მათი გონივრული ოდნობით შემცირების შესახებ.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე სასამართლოს 08.05.2023წ. განჩინებით აპელანტ ნ.ა–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. 2023 წლის 6 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგნელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა ან მისი გადახდის გადავადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით ნ.ა–ს კვლავ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა 4850 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და 2023 წლის 23 ივნისს ჩაბარდა პირადად (იხ. ტომი IV. ს.ფ. 167).

7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებით შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს სასამართლოს უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება.

10. მოცემულ შემთხვევაში, განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს, რაც, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მხარისთვის ჩაბარებად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2023 წლის 24 ივნისიდან უდავოა, რომ აღნიშნული დღიდან - 10 დღის განმავლობაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც სასამართლოსთვის განცხადებით არ მიუმართავს. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (39 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა 2023 წლის 3 ივლისს ამოიწურა.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.19 წ.).

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის საქმე Nას-6115-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2023 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი