Facebook Twitter

საქმე №ას-1303-2023 26 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა დადგინდეს და ცნობილ იქნეს მოპასუხე აწ გარდაცვლილი ლ.ბ–ძის უფლებამონაცვლედ (შემდეგ - აწ გარდაცვლილი, თანამსესხებელი), აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე მოპასუხეს სოლიდარულად ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს №6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39 127.45 ლარის გადახდა (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 36497.88 ლარი, პროცენტი - 2561.94 ლარი, დაზღვევის თანხა - 67.63 ლარი); მოპასუხეს (პირველ და მეორე თანამსესხებელი) სოლიდარულად გადასახდელად ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს №6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 36497.88 ლარის წლიური 15.35%, 11.05.2022 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 5602.42 ლარისა; აწ გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ......) უფლებამონაცვლის (მოპასუხის) საკუთრებაში აღირიცხოს.

სარჩელის საფუძვლები

2. ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, მოპასუხესა და აწ გარდაცვლილს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც თანამსესხებლებმა აიღეს სარგებლიანი კრედიტი 41 000 ლარი 727 დღის ვადით. მსესხებლებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტით გათვალისწინებული კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება. მეორე მსესხებელი 2021 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა. მის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მისმა შვილმა - მოპასუხემ მიიღო.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიერ დაზღვეული იყო სესხი მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში. ხელშეკრულების თანხმად, სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით. თანამსესხებელი 2021 წლის 21 სექტემბერს ბუნებრივი მიზეზით, კერძოდ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, შესაბამისად, სადაზღვევო თანხა მზღვეველს ბენეფიციარისათვის უნდა აენაზღაურებინა, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით – სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამსესხებლის გარდაცვალება წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას, შესაბამისად, მის მემკვიდრს (მოპასუხეს) არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს აწ გარდაცვლილის ნაცვლად 18.06.2021 წლის №6739863-11413815 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის მოთხოვნა არამართლზომიერია.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად დაკისრება, თუმცა კონკრეტულად ვისთან ერთად გაურკვეველია. ამასთან, ფაქტია, რომ მეორე მსესხებელი/მოვალე გარდაიცვალა, რაც გამორიცხავს მასთან ერთად სოლიდარულად სადავო დავალიანების დაკისრებას. რაც შეეხება უფლებამონაცვლეობას, რომლის მამკვიდრებლის დანაშთი აქტივის ფარგლებში პასუხისმგებელი იქნება სადავო დავალიანების გადახდაზე, საქმისწარმოების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავისი შინაარსით სასარჩელო მოთხოვნები ბუნდოვანია, გაურკვეველია, საჭიროებს დაზუსტებას, კონკრეტულად ვისზე, რა საფუძვლით და რა თანხის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე. სარჩელში მითითებულია ერთი მოპასუხე, თუმცა გაურკევევლია სადავო დავალიანების დაკისრებას იგი ითხოვს მოპასუხეზე, როგორც მსესხებელ და აწ გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეზე, თუ უშუალოდ მოპასუხეზე როგორც მსესხებელზე და მოვალეზე, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადაც, მხოლოდ აწ გარდაცვლილის ვალდებულებასთან მიმართებაში მოხდა სასარჩელო მოთხოვნის შეფასება.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე განიხილა დავა, რომ არ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 203-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები, კერძოდ, არ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხეთა წრე, არ იმსჯელა აწ გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეობაზე, რამაც გამოიწვია სარჩელთან დაკავშირებით ბუნდოვანი, არასწორი და არასრული დასაბუთებით გადაწყვეტილების გამოტანა, სსსკ-ის 385-ე, 393.3-ე და 394.ე1 მუხლების შესაბამისად, აპელანტის (ბანკის) მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული სამოქალაქო საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. კასატორი დაუსაბუთებლობის მოტივით სადავოდ ხდის საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას და მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; №ას-1167-2019, 22.07.2020წ.).

16. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (იხ. სუსგ №ას-1167-2019, 22.07.2020წ.).

17. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1. რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და 3. ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ. №ას-825-791-2016, 12.06.2017წ.; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; №ას-173-2021, 31.01.2021წ.). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაუდო ის დასაბუთება, რომ თავისი შინაარსით სასარჩელო მოთხოვნები ბუნდოვანია, საჭიროებს დაზუსტებას, კონკრეტულად ვისზე, რა საფუძვლით და რა თანხების დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მხარე. ამასთან, ვინაიდან არ იქნა გადაწყვეტილი გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეობის საკითხი, შესაბამისი წესით განხილულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394. ე1 მუხლი).

20. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელში ფორმულირებული მოთხოვნა - მოპასუხისათვის (სოლიდარულად) ბანკის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, ქმნის გაურკვევლობას, ვინაიდან, სოლიდარულად თანხის დაკისრება პირთა სიმრავლეს ეხება, მაშინ როდესაც, ბანკი რეალურად თანხის გადახდას ერთ პირს - მოპასუხეს სთხოვს, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული, მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი აღწერილობის გათვალისწინებით, ვერ გაამართლებს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნას და ეს არ წარმოადგენს ისეთ ბუნდობანებას, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში დააბრკოლებდა.

21. საქმის მასალებით დგიდნება, რომ 2019 წლის 14 თებერვალს, ბანკსა და მსესხებელ ლ.ბ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0279.6739863.011. ამავე დღეს, მოპასუხესთან გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0279.6739915.001 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, 2021 წლის 18 ივნისს, ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, მსესხებლებს შორის გაფორმდა №6739863-11413815 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებლებმა აიღეს სარგებლიანი კრედიტი 41000 ლარი, 727 დღის ვადით. მათ დაარღვიეს საბანკო კრედიტით გათვალისწინებული კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება. თანამსესხებელი (მოპასუხის დედა) 2021 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა, რომლის სამკვიდრო ქონებაზეც სამკვიდრო მოწმობა მისმა შვილმა - წინამდებარე დავის მოპასუხემ მიიღო. დავალიანების არსებობის საფუძვლით ბანკმა სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ცნობილ იყოს აწ გარდაცვლილი თანამსესხებლის უფლებამონაცვლედ და აწ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე მოპასუხეს სოლიდარულად ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს №6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც დავალიანება - 39 127.45 ლარი (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 36497.88 ლარი, პროცენტი - 2561.94 ლარი, დაზღვევის თანხა - 67.63 ლარი). ასევე, მიუღებელი შემოსავალი და აწ გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ........) უფლებამონაცვლის (მოპასუხის) საკუთრებაში აღირიცხოს.

22. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნა სარჩელის საფუძვლებიდან და მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, კერძოდ, ბანკი ერთი მხრივ, მოპასუხეს როგორც თანამსესხებელს და მეორე მხრივ, მოპასუხეს, როგორც აწ გარდაცვლილის მემკვიდრეს სთხოვს თანხის დაკისრებას, რაც არ წარმოადგენს მოთხოვნის ისეთ ბუნდოვანებას, რომ ამ საფუძვლით მიზანშეწონილი ყოფილიყო საქმის პირველი ინსტანციისთვის დაბრუნება. აღნიშნული ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც შებოჭილია სააპელაციო სასამართლო.

23. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლებამონაცვლეობის საკითხი არ გადაუწყვეტია, რაც ასევე, ერთ-ერთი საფუძვლია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისა, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თავად განეხორციელებინა ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა დადგენაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაავალა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით აწ გარდაცვლილის მემკვიდრეობის საკითხი სადავო არ არის (გაცემულია სამკვიდრო მოწმობა) და მხარეები ამ საკითხზე არ დავობენ. ფაქტია, რომ კრედიტორი უფლებამონაცვლეობის ნაწილში მოიაზრებს გარდაცვლილის მემკვიდრეს, რომელიც სარჩელში მოპასუხედ არის დასახელებული და უშუალოდ მის მიმართ არის მიმართული სასარჩელო მოთხოვნები. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ არც მოპასუხის შესაგებელი, არც ბანკის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ამ გარემოების საწინააღმდეგო მითითებას და ისინი მოთხოვნის სხვა მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს ეხება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესო გარემოებები არ არსებობს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე